ახალი ამბები

უსუფაშვილი: კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება უნდა ჩაიწეროს

12 აგვისტო, 2016 • 1808
უსუფაშვილი: კონსტიტუციაში  საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება უნდა ჩაიწეროს

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოქალაქეების ჯგუფი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებას აპირებს, რომლის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ბლოკში არ გაერთიანდება.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძე და სხვა პირები აპირებენ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციურად აუკრძალონ. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ ინიციატივას პარლამენტი ხელოვნურ პრობლემებს არ შეუქმნის და მას კანონით დადგენილი წესით განიხილავენ:

” ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქუელების დასაწერად ყველაფრის ქცევა, მათ შორის საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების, არის დაუშვებელი და მიუღებელი და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში,” – განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ  მას საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა აქვს.

კერძოდ, დავით უსუფაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მის მიერ მომზადებულ, ალტერნატიულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს,, რომლის მიხედვით კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროატლანტიკურ სისტემაში  სრულფასოვანი ადგილის დაკავება:

“კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება სახელმწიფო, ასეთი ფრაზა დაემატოს –  [საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა] დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.  ეს იქნება ადეკვატური პასუხი ყველა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, ვინც ამ საკითხს ამ მოქალაქეების მსგავსად უყურებს.”

უსუფაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მის საკოსნტიტუცოი ინიციატივის ინიცირებას ხელი მოაწერონ:

“ერთი თვის წინ საპარლამენტო ფრაქციებმა ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ, რომელიც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და მე. მივმართავ ყველა ამ პოლიტიკურ ძალას, შემოუერთდეს ჩემს ინიციატივას, რომელსაც მე ახლა მოვაწერ ხელს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევაგროვებთ 76 ხელმოწერას, პროექტის ინიცირებას მოვახდენთ და მომდევნო პარლამენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.”

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი. შესაბამისად, ამ მოწვევის პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებს და ნებისმიერი ასეთი ინიციატივას მომდევნო მოწვევის პარლამენტი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი