ახალი ამბები

“სოციალისტური საქართველოს” წევრს ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

5 აგვისტო, 2016 • 1436
“სოციალისტური საქართველოს” წევრს ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 47 წლის თემურ ფიფიას ბრალი წარუდგინეს თელავში გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფიფიამ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 34 წლის რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა. თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფ.-ს ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს: “ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თელავში “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა უნდა გამართულიყო, რასაც აპროტესტებდნენ ადგილობრივი მოქალაქეები, პოლიტიკური გაერთიანებების გირჩისა და ახალი საქართველოს წარმომადგენლები. ამასთან, ამ აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისა და პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა სუს-მა შსს-ს. საბოლოოდ, ყრილობა ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი