ახალი ამბები

პაპუაშვილი ბათუმში მდებარე ბინის მესაკუთრედ რჩება – სასამართლომ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

5 აგვისტო, 2016 • 1549
პაპუაშვილი ბათუმში მდებარე ბინის მესაკუთრედ რჩება – სასამართლომ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ როლანდ ბლადაძის სარჩელი სადაო ქონებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პროცესზე მოპასუხე მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საკონსიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – გიორგი პაპუაშვილი წარმოადგენდნენ, რომელსაც როლანდ ბლადაძისთვის 2004 წელს ჩამორთმეული უძრავი ქონება, რომელიც ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარეობდა, 2007 წელს, სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გადაეცა. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ როლანდ ბლადაძის ადვოკატი და ოჯახის წევრები: “კანონის არსიდან გამომდინარე როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ქონება უნდა დაბრუნებოდა, თუმცა დღეს ბატონი როლანდ ბლადაძე კვლავ დაზარალებულია. დღეს წაგებული აღმოჩნდა მთელი ქართული საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო ვინაიდან კანონიერების სახე დღეს ჩვენს ქვეყანაში კვლავ არის ბატონი პაპუაშვილი,” – ამბობს ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი.

ადვოკატის თქმით, ის ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საჭიროების შემთხვევაში ევროსასამართლოსაც მიმართავს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სასამართლოსთვის მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა იმის ფიქრის საშუალებას, რომ სასამართლო მათთვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა და მხარე უახლოეს მომავალში ყველა მტკიცებულებას გაასაჯაროებს:

“2013 წლის აპრილის დადგენილების საფუძველზე. დანაშაული, რის გამოც მას [ბლადაძეს] ქონება ჩამოერთვა პროკურატურის დადგენილებით, მას არასდროს ჩაუდენია და არც არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც ამორალური გარიგება, უნდა გაუქმებულიყო. ეს იყო მთავარი არგუმენტი. თუმცა, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური წნეხის გაძლება და იმ დავალებების შესრულების ამარა დარჩა რომელსაც მას კარნახობდნენ სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან ვგულისხმობ არამხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ვგულისხმობ მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,” – ამბობს ბლადაძის ადვოკატი.

რამდენიმე თვის წინ “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა. პაპუაშვილის თქმით, ბლადაძის გამართლებით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა მაგრამ ამით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, თუ რამდენად კანონიერად ჩამოართვეს მას ქონება:

“თქვენ იცით, რომ სასამართლომ 2013 წელს საკუთრების ჩამორთმევის კანონიერების საკითხი ვერ განიხილა იმის გამო, რომ ხანდაზმულობის ვადა იყო გასული. ბინა როლანდ ბლადაძეს 2004 წელს ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება [ხანდაზმულობის ვადა ამ შემთხვევაში 5 წელია. ავტ].ეს დავა არ არის ჩემს წინააღმდეგ. მე საერთოდ გავდივარ ამ დავიდან, რადგან არავითარ კავშირში არ ვარ.მოპასუხე მხარე ამ დავაში არის სახელმწიფო. ამ ხელისუფლების პირობებშიც, სახელმწიფომ დაადასტურა, რომ მას კითხვის ნიშნები არ აქვს. ამიტომაც არის ეს თემა ხელოვნურად აგორებული ჩემს წინააღმდეგ” – თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მას ბინა მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო,  ბათუმში გადავიდა და სახელმწიფო ვალდებული იყო საცხოვრისით უზრუნველეყო. პაპუაშვილის თქმით, ქონება სახელმწიფოს კანონიერ მფლობელობაში იყო და მასზე არავითარი სასამართლო დავა არ მიმდინარეობდა შესაბამისად, ის ვერ დააყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ რამდენად სამართლიანად იყო ბინა ჩამორთმეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი