ახალი ამბები

სტიქია ბორჯომში – მანქანას, რომელშიც ადამიანი იმყოფებოდა ხე დაეცა

5 აგვისტო, 2016 • 1417
სტიქია ბორჯომში – მანქანას, რომელშიც ადამიანი იმყოფებოდა ხე დაეცა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ბორჯომში ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალი იმყოფებოდა.

საბჭოს ცნობით, დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კრიზისების მართვის საბჭოს ცობით, ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს 170-ზე მეტ შეტყობინებაზე, რომლებიც ყველა რთულ უბანზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ, აცხადებს კრიზისების მართის საბჭო.

ბორჯომში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.

სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, ბორჯომში გაემგზავრნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები.

მასალების გადაბეჭდვის წესი