ახალი ამბები

სიტყვიერი შეთანხმება კუბლაშვილსა და არასამთავრობოებს შორის

19 მარტი, 2012 • 1124
სიტყვიერი შეთანხმება კუბლაშვილსა და არასამთავრობოებს შორის

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე პავლე კუბლაშვილთან, კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებები შევა.

“მთლიანობაში, შეთანხმებით კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ჩვენმა კამპანიამ გაამართლა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოში პრობლემები არ დარჩება. ამიტომ გავაგრძელებთ ისეთ საკითხებზე მუშაობას, როგორიც არის ადმინისრაციული რესურსის გამოყენება, კენჭისყრის დღის პროცედურები და სხვა,“ – ამბობს ჩუგოშვილი.

მისი განცხადებით, უკანონო შემოწირულობებთან დაკავშირებით სანქციების  ოდენობა შემოწირული თანხის ათმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე შემცირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები სანქციების სამმაგ ოდენობამდე შეცირების წინადადებას აყენებდნენ.

მეორე საკითხი, რომელიც ერთი იურიდიული პირის თანამშრომლებისგან პარტიებისთვის გადარიცხული თანხის რაოდენობის ჯამური ოდენობის ზღვარს, 500 000 ლარს ეხება, უცვლელი დარჩება, თუმცა პარტიას იმის გამო, რომ მას ერთმა იურიდიულმა პირმა ლიმიტით დადგენილზე მეტი თანხა გადაურიცხა, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მას უბრალოდ ამ პირებისთვის თანხის დაბრუნება მოუწევს. ამ ლიმიტის დარღვევის გამო არც მოქალაქე არ დაისჯება.

„ჩვენი პირველი შეთავაზება უფრო სწორი იყო და უმჯობესი იყო, 500 000–ლარიანი ლიმიტი საერთოდ ამოეღოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პროცედურები დარეგულირდება,” – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილშიც შევა ცვლილებები. აქამდე ნებისმიერი თანხის მიღება  დასჯადი იყო. ახლა კი გაიყოფა და 100 ლარს ქვევით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იქნება, ხოლო ზევით – სისხლის სამართლებრივი. გარდა ამისა, დაკონკრეტდა მიზანი, რომ მოსყიდვა არა პოლიტიკური, არამედ საარჩევნო მიზნით უნდა ხდებოდეს.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ თანხის მიღება არ უნდა ყოფილიყო დასჯადი, თუმცა ამ საკითხზე ვერ შევთანხმდით,“ – ამბობს ჩუგოშვილი.

საქართველოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ცვლილებების მიუხედავად, კანონის მიზანი რჩება უცვლელი და ეს არის პოლიიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა:

“იქნება სანქციები, რა თქმა უნდა, ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის, შეიცვალა ფორმულირებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს ეხება ფორმულირებებს, ვისზე ვრცელდება კანონის მოქმედება, რას ნიშნავს ფინანსური გამჭირვალობა ამა თუ იმ პირისთვის, როგორ იყენებს კონტროლის პალატა ყადაღის მექანიზმებს. არანარი სხვა მიზნით ამ კანონის გამოყენება არ იქნება შესაძლებელია, კანონის მიზანი იქნება გამჭირვალობა,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.

კითხვაზე, რას გულიოსხმობს 261მუხლის ახლებური ფორმულირება, კუბლაშვილი განმარტავს, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და ხარჯავს მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს ამ მიმართულებით, ამ კანონის ნაწილში გამჭვირვალობა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დაარღვიეს ეს კანონი, ან დარღვევის ღირებულება არის 30 ათასს ლარზე მეტი. დაკავშირებული პირის ცნება აღარ იქნება.

“მაგალითად, თუ პირმა გადარიცხა პარტიისთვის 60 000 ლარი, პირს დარღვევა არ აქვს, მაგრამ თუ გადაირიცხა 70 000, მაშინ ზედმეტი იქნება გადარიცხული 10 ათასი ლარი. ამ შემთხვევაში ეს დარღვევა არ იქნება, უბრალოდ კონტროლის პალატას უნდა წარუდგინო ფინანსური ანგარიშვალდებულება. ხოლო თუ გადაირიცხა დამატებით 30 ათასი, ეს დარღვევად ჩაითვლება, – აღნიშნა კუბლაშვილმა.   

მისივე თქმით, აქვე არის მითითებული, რომ ამ კანონის მოქმედება არ შეიძლება გამოყენებული იქნას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ყველა ეს საკითხი არის გაწერილი.  კონტროლის პალატის უფლებამოსილება დაზუსტდა  იმ ნაწილში, რაც შეეხება ყადაღის გამოყენებას. პროცედურები გაიწერა კონტროლის პალატისთვისაც.

კუბლაშვილის ინფორმაციით, საბოლოო დოკუმენტი, სავარაუდოდ,  ხვალ იქნება მზად და ზეგ ბიუროზე მოხდება მისი ინიცირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი