ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

რატომ არის კანონი უმოქმედო საბჭოთა სიმბოლიკების წინააღმდეგ

2 აგვისტო, 2016 • 5612
რატომ არის კანონი უმოქმედო საბჭოთა სიმბოლიკების წინააღმდეგ

წითელი ყელსახვევი, საბჭოთა ჰიმნი, დროშა, სტალინის ფოტოები და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდა – ამ ყველაფრის დემონსტრირება მოხდა გასულ კვირას ბათუმში, საჯარო სივრცეში, სადაც “სოციალისტური საქართველოს” წარმომადგენლებმა ყრილობა გამართეს. ყრილობაში მოზარდებიც მონაწილეობდნენ. საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებას კანონი კრძალავს. რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო კანონდარღვევაზე და ვინ არის პასუხისმგებელი კანონის აღსრულებაზე? ამ თემაზე “ბათუმებელთან” ისტორიკოსმა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SovLab) მკვლევარმა, ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა.

ირაკლი ხვადაგიანი, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ფოტო

ირაკლი ხვადაგიანი, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ფოტო

“თავისუფლების ქარტიის” მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს დაამტკიცა, აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენება საჯარო ადგილებში. “სოციალისტური საქართველოს” მიერ ყრილობაზე კი გამოყენებული იყო საბჭოთა სიმბოლოები, დაირღვა კანონი?

რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა. თავიდან ცოტა ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი თუ რა იგულისხმებოდა საბჭოთა სიმბოლიკაში, თუმცა შემდეგ დაზუსტდა. საბჭოთა სიმბოლიკაა ყველაფერი, რაც საბჭოთა რეჟიმს უკავშირდება, ამ რეჟიმის განმარტებაც არის მოცემული, თუ რა იგულისხმება საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმში.

კანონში არის, ვთქვათ, ჩამონათვალი – საბჭოთა დროშა, ყელსახვევი, ჰიმნი, სტალინის ბიუსტები და ა.შ?

არის დაზუსტებები, თუმცა ამ სიმბოლოების საჯარო სივრცეში გამოყენებისთვის დღემდე არავინ არ დაჯარიმებულა.

რატომ არ მოქმედებს კანონი პრაქტიკაში, აღსრულების მექანიზმი არ არსებობს?

ყველა მექანიზმი გაწერილია კანონში თავისთავად, მაგრამ კანონი არ მუშაობს იმიტომ, რომ სახელმწიფო არ მიიჩნევს საჭიროდ კანონის დაცვას.

თუ სახელმწიფო საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავდა, მაშინ რატომ მიიღო კანონი?

წინა ხელისუფლების დროს იყო პოზიცია გამოკვეთილი, რომ სახელმწიფო არ შეურიგდებოდა მსგავს რამეს და ზოგჯერ გადამეტებაც ხდებოდა, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული საბჭოთა სიმბოლიკების დემონტაჟი დაიწყეს და იმ დროს ასე აშკარად ვერ ბედავდნენ საბჭოთა სიმბოლოების დემონსტრირება მოეხდინათ. შემდეგში ხშირად ყოფილა საბჭოთა სიმბოლოების გამოყენების ფაქტები, წინასწარ დაანონსბული და გაშუქებული მედიის მიერ, მაგრამ რეაგირება იყო ნული. არც ფაქტის შემთხვევაში და არც პოსტფაქტუმ არ მომხდარა რეაგირება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სადღაც თუ გამოჩნდება სტალინის ბიუსტი, ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრიდან თუ ექნება მითითება, ახდენს მის დემონტაჟს.

“თავისუფლების ქარტიის” მიხედვით აკრძალულია კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა. მიუხედავად ამისა, “სოციალისტური საქართველოს” თუ სხვა მსგავსი იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მუდმივად ხდება სტალინის რეჟიმის, საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდა. ასეთ დროს ვის მიერ, როგორ უნდა აღსრულდეს კანონი?

რადგან ეს უკვე კანონდარღვევაა, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ რეაგირება ამაზე.

რატომ არ რეაგირებს თქვენი აზრით?

ალბათ, სახელმწიფოს არ უნდა გაამწვავოს ვითარება.

როგორც ვიცით, შს სამინისტროში იყო შექმნილი კომისია უწყების და დეპუტატების შემადგენლობით, რატომ არ აქვთ რეაქცია მათ ამაზე?

კომისიის ფუნქციებში შედიოდა ის, რომ წინასწარ მოეხდინა საბჭოთა სიმბოლიკების აღრიცხვა და შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება თუ რა უნდა ექნათ მისთვის. კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირება, როცა ხდება სიმბოლოების გამოფენა საჯარო სივრცეში, ამ კომისიის კომპეტენცია აღარ იყო.

მოვისმინე ასეთი აზრიც, რომ კანონდარღვევის შესახებ პოლიცია იმ შემთხვევაში იწყებს რეაგირებას, თუ განცხადებით მიმართავენ მოქალაქეები, ამას ითვალისწინებს კანონი?

არ არის აუცილებელი, რომ ვიღაცამ აუცილებლად უჩივლოს. გორში საჯაროდ ხდება სიმბოლიკების გამოყენება, პოლიციის თვალწინ, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი