ახალი ამბები

“სამოსელი პირველის” განმარტება ოლიმპიური ნაკრების ფორმაზე

24 ივლისი, 2016 • 17936
“სამოსელი პირველის” განმარტება ოლიმპიური ნაკრების ფორმაზე

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის ირგვლივ ფეისბუკზე მიმდინარე დისკუსიას კომპანია “სამოსელი პირველი” ეხმაურება. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ნაკრების წევრი სპორტსმენებისათვის ის ფორმა შეკერა, რომლითაც ისინი რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე უნდა გამოვიდნენ:

“ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი რომ თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციისათვის უცხო შუა აზიური ორნამენტიკის და სტილისაა. ამასთან დაკავშირებირით გვინდა განვმარტოთ. სამწუხაროა რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება. ეს სამოსი მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს. მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ელეგი იკერებოდა მაუდისაგან , აბრეშუმისაგან ან ხავედისაგან. ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდეზე და სახელოებზე. მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “სამოსელი პირველი ფეისბუკზე ავრცელებს.

ოლიმპიური ნაკრების ფორმა ფეისბუკზე არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ. მოქალაქეები ონლაინ-პეტიციის მეშვეობით ითხოვენ ფორმების შეცვლას:

“კი, მაგრამ სპორტსმენები (!) მიდიან ზაფხულის (!) ოლიმპიადაზე. რა შუაშია გვიანი შუასაუკუნეების დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტანსაცმლის ნიმუშები? შეიძლება, ცუდი არ არის, მაგრამ კონტექსტი? და კისრამდე, კოჭებამდე და შუა მაჯამდე”, – წერს “სამოსელი პირველის” გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

“კი, ბატონო, გავიგეთ რომ ქართულია, ტრადიციულია, გვიყვარს და მოგვწონს, მაგრამ ზ ა ფ ხ უ ლ ი ს ოლიპიურ თამაშებთან რა კავშირშია ეს ყველაფერი??? თუ მაინც და მანც ქართულის ელემენტები გინდოდათ, მოგეფიქრებინათ რამე, უფრო თანამედროვე სპორტს რომ შეეფერება ისეთი. საერთოდ ფასი დაუკარგეთ ყველაფერს”, – წერს ფეისბუკის კიდევ ერთი მომხმარებელი.

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი