ახალი ამბები

კვაჭანტირაძე ოლიმპიური ნაკრების ფორმაზე: არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა

23 ივლისი, 2016 • 3348
კვაჭანტირაძე ოლიმპიური ნაკრების ფორმაზე: არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ეხმაურება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის შესახებ ფეისბუკზე მიმდინარე დისკუსიას. “არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე,” – აცხადებს იგი.

“უპირველესად, გზას დავულოცავ ჩვენს გოგო-ბიჭებს და ვუსურვებ გამარჯვებებს რიოში. დარწმუნებული ვარ, გაგვახარებენ და ბევრ ოქროს და ვერცხლს ჩამოიტანენ ბრაზილიიდან!

ახლა კი საერთო აღშფოთებას უნდა შევუერთდე და ვისაც უნდა ეწყინოს. ჩვენც გვაწყენინეს ამ უშნო გადაწყვეტილებით.
ჯერ ერთი, ზაფხულია, ხალხო, და ეს მაინც როგორ ვერ გაითვალისწინეთ, როდესაც ამ აშკარად საზამთრო დიზაინის ფორმებზე თანხმდებოდით? (სხვა დეტალებზე აღარც გავჩერდები.)

ვერც ერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. სიცხის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ რიოში კიდევ უფრო ცხელა.

ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ძალიან ორიგინალური, ახალგაზრდული და სექსუალური. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული….

არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე.
იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება?” – წერს კვაჭანტირაძე.

დღეს, 23 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა, სადაც სპორტსმენები “სამოსელი პირველის” შეკერილი ტანსაცმლით წარდგნენ. სპორტსმენთა სამოსის დიზაინს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე ნეტგაზეთი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცეპრეზიდენტს, ელგუჯა ბერიშვილს დაუკავშირდა. კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია “სამოსელ პირველთან” კონტრაქტის გაფორმება, ბერიშვილი ამბობს:

“ე.ი. სხვა უფრო საინტერესო დღეს არაფერი არ მომხდარა, როგორც ჩანს. არ არის პრობლემა, უბრალოდ, მე არ ვიყავი ამ ამბავში ჩართული. ყველას თავის ფუნქცია აქვს კომიტეტში. ჩვენთვის მთავარია სპორტი და წარმატება ოლიმპიადაზე. რა ეცვათ და როგორ, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი სხვა რამაა ოლიმპიადაზე. მე თვითონ ჟურნალისტი ვარ მთელი ცხოვრება და უცხო არ არის ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ ხდება ასე. ჩვენ გადავწყვიტეთ მთავარი, რომ საქართველოში შეკერილიყო და ქართულ კომპანიას შეეკერა. მე მგონი, ლოგიკურია. გვინდოდა, აქ დახარჯულიყო ის ფული და საერთოდ, ქართული სამოსი საქართველოში უნდა შეკერილიყო.”

ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ამბობს, რომ სამოსელი პირველის გარდა, სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ ამ მაღაზიაზე გაკეთდა არჩევანი. ელგუჯა ბერიშვილის თქმით, მან არ იცის, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიიღო მაღაზიამ ოლიმპიური კომიტეტისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი