ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო სფეროში შეთანხმება გაფორმდა

19 ივლისი, 2016 • 1617
საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო სფეროში შეთანხმება გაფორმდა

პირველი ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად თურქეთში იმყოფება.

მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი: მათ შორისაა განახლებული ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება, საქართველოსა და თურქეთს შორის დამატებით ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შეთანხმება და ხელშეკრულება სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ბოლო 14 წლის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში თითქმის მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა შემოსული. მისი თქმით, ტრანსპორტის სფეროში დამატებით გაფორმებული კომბინირებული გადაზიდვების შეთანხმება საქართველოს ტერიტორიების გავლით “მულტიმოდალური სატრანსპორტო გადაზიდვის შესაძლებლობას ქმნის”.

“ამ შემთხვევაში ერთ ხელშემკვრელ მხარესთან გვექნება საქმე, რაც ტვირთმფლობელებს საქმეს გაუიოლებს და სარკინიგზო, სახმელეთო და უკვე საზღვაო ტრანსპორტით, ერთიანი პრინციპით, აღნიშნულ კორიდორში ტვირთის გატარების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულ სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებას, ის სატვირთო გადაზიდვების, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის გადაზიდვისა და საზღვრის გადაკვეთის სივრცეს მოაწესრიგებს” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი