ახალი ამბები

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი: ვიმედოვნებ, საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას ოქტომბრამდე მიიღებს

14 ივლისი, 2016 • 1365
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი:  ვიმედოვნებ,  საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას ოქტომბრამდე მიიღებს

ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედოვნებს, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი 2016 წლის ოქტომბერში “აუცილებლად დასრულდება”.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დღეს, 14 ივლისს, ბათუმში იმყოფება კონფერენციაზე – “საქართველოს ევროპული გზა”. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის თქმით,  კონფერენციაზე 100-ზე მეტი სტუმარია ჩამოსული უცხოეთიდან – პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

“მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ოქტომბრის დასაწყისში უკვე დასრულებული უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უფრო ადრე მოხერხდეს… საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის მისაღებად იყო საჭირო, ახლა კი ევროკავშირზეა დამოკიდებული, – მან პირობა უნდა შეასრულოს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ევროკომისარმა ბათუმში კონფერენციის გახსნის შემდეგ.

“ევროპა არის ჩვენი ხედვა და ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მიზანი. საქართველომ აირჩია ეს გზა და ამ საკითხში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსოლიდირებულია. ჩვენ ამ გზის გვჯერა, ჩვენ გინდა ვიყოთ თავისუფლები და ვიყოთ ევროპელები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ქართულ ენაზე თარგმნილი ეს კომენტარი ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა.

ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წელს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დისკუსიის ძირითადი თემები იქნება: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, მისი მომავალი, გამოცდილება და მთავარი გამოწვევები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების ჩათვლით.  

იოჰანეს ჰანი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი ჯანელიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან.

“5 სექტემბრის ლიბეს კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე ჩაინიშნება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე და მიღებულ იქნება გადაწყვეტლება”, – განაცხადა 13 ივლისს დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, ამ საკითხის მიმართ მას “აბსოლუტურად პოზიტიური განცდა აქვს” და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური [სამოქმედო გეგმა] ნაწილი საქართველომ გასული წლის დეკემბერში დახურა. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას): საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი