ახალი ამბები

“ეროვნული ფორუმი” მოსამართლეთა პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით გამოდის

11 ივლისი, 2016 • 1188
“ეროვნული ფორუმი” მოსამართლეთა პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით გამოდის

პარტია “ეროვნული ფორუმი”, რომელმაც “კოალიცია ქართული ოცნება” დატოვა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას, წინასაარჩევნოდ სასამართლო სისტემის რეფორმის ინიციატივით გამოდის. პარტიაში მიაჩნიათ, რომ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები პირდაპირი გზით უნდა აირჩნენ და ამგვარად მოხდეს მათი მოსამართლედ დანიშვნა.

პარტიის მიერ შემუშავებული რეფორმის თანახმად, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად შესაძლებელი იქნება მოსამართლეთა არჩევნების ჩატარება. საარჩევნოდ საქართველო დაიყოფა მაჟორიტარულ ოლქებად და პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლება ექნებათ პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებებს.

“აგიტაციას ისინი თავად ჩაატარებენ. აქ ვერ ჩაერევიან პოლიტიკური პარტიები და სახელისუფლებო ორგანოები. დაფინასების საკითხი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეიძლება იყოს მოქალაქეთა შემოწირულობები, თუმცა უფრო ვემხრობით ერთიანი ფონდის შექმნას, მათ შორის სამთავრობო დაფინანსების ხარჯზე. ეს გადანაწილდება თანაბრად ყველა მოსამართლეზე,” – აცხადებს პარტიის წევრი, რეზო შავიშვილი.

არჩევნების შემდეგ შეიკრიბება არჩეულ მოსამართლეთა კონფერენცია და აირჩევენ იუსტიციის საბჭოსა და სააპელაციო სასამართლოს წევრებს.

დისციპლინარული დევნის შემთხვევაში, მოსამართლედ გათავისუფლდება და მის ადგილს სხვა დაიკავებს. ასევე, ამავე მოსამართლეს ექნება უფლება იმ ოლქში, რომელშიც ის არიჩიეს, მოითხოვოს “ნდობის გამოცხადების კენჭისყრა”. თუ ის გაიმარჯვებს, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება გაუქმდება.

პარტიის წევრის, რეზო შავიშვილის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანია რადიკალური ცვლილებები, რადგან უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის წესი საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს არსებობას.

შავიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატების დამტკიცების პროცესი დაასრულა და ყველა მათგანს უახლოეს მომავალში წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი