ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე რეფერენდუმი ვერ შედგა

11 ივლისი, 2016 • 2227
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე რეფერენდუმი ვერ შედგა

დღევანდელი, 2016 წლის 10 ივლისის რეფერენდუმი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, რომელიც აფხაზეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის საჭიროებას ეხებოდა, წინასწარი მონაცემით არ შედგა. ამომრჩეველთა აქტივობა, როგორც ამას აფხაზეთში ბევრი ვარაუდობდა, დაბალი აღმოჩნდა.

რეფერენდუმის ჩასატარებლად კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტს უნდა მიეღო.

18 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 0,99% [1 322 ადამიანი] შეადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა, ოფიციალური ცნობით, 128 ათას აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მქონე პირს შეეძლო. მათ შორის, თითქმის არ იყო გალის რაიონის მოსახლეობა, რამდენდაც მათი პასპორტები უკანონოდ არის ცნობილი. ამის მიუხედავად, ყველაზე მაღალი აქტივობა მაინც გალში დაფიქსირდა, სადაც უბნებზე 6 ადამიანი მივიდა. იმის გათვალისწინებით, რომ გალში სულ 340 ამომრჩველი იყო დარეგისტრირებული, აქტივობამ 1,76% შეადგინა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ უკვე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ რეფერენდუმი არ შედგა:

“რეფერენდუმის შედეგები ჯერ არ შემიძლია საჯარო გავხადო, ამას ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი აკეთებს, მაგრამ ყველა პარამეტრით რეფერენდუმი არ შედგა”.

პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციის მოთხოვნით დანიშნა. მოქალაქეთა დიდი ნაწილი, მათ შორის ოპოზიცია, მიიჩნევდა, რომ შუა ზაფხულში რეფერენდუმის დანიშვნა ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე იყო გათვლილი. შესაბამისად, 5 ივლისს აფხაზეთში ოპოზიციამ რეფერენდუმის შემოდგომით გადატანის მოთხოვნით მიტინგი დაიწყო. აღნიშნული აქცია პარალელურად შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნითაც მიმდინარეობდა. აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძაპშბასა და მის ხელქვეითებს შორის არსებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მინისტრი თავის თანამშრომლებს, მუქარის გამოყენებით, რეფერენდუმში მონაწილეობას უკრძალავდა. შს სამინისტროსთან გამართული აქციის დროს, 5-6 ივლისის ღამეს, სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა და 17-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ხაჯიმბას მაშინდელი განცხადებით, მიტინგების დაწყების მიზანი ამომრჩეველთა შესაძლო დაბალი აქტივობის გამო რეფრენდუმის ჩაშლა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი