სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რეფერენდუმში მონაწილეობას 128 ათასი ადამიანი შეძლებს

8 ივლისი, 2016 • 1452
აფხაზეთში რეფერენდუმში მონაწილეობას 128 ათასი ადამიანი შეძლებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განცხადებით, დაახლოებით 128 ათასი ადამიანი ირიცხება სიაში, რომელთაც 2016 წლის 10 ივლისის რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

კენჭისყრა 33 საარჩევნო ოლქში და 151 უბანზე გაიმართება. რეფერენდუმში მონაწილეობას მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მფლობელი პირები შეძლებენ. გალის მოსახლეობა ტრადიციულად ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ვინაიდან მათი პასპორტები უკანონოდ მიიჩნევა.

“მიიჩნევთ თუ არა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აუციელებელია? “- ეს არის კითხვა, რომელიც 10 ივლისის რეფერენდუმზე უნდა დაისვას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციის მოთხოვნით, პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმი 2016 წლის 10 ივლისს დანიშნა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შუა ზაფხულში რეფერენდუმის დანიშვნა ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე არის გათვლილი. შესაბამისად, 5 ივლისს აფხაზეთში ოპოზიციამ რეფერენდუმის შემოდგომით გადატანის მოთხოვნით მიტინგი დაიწყო. გარდა ამისა, აღნიშნული აქცია პარალელურად შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნითაც მიმდინარეობდა. აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძაპშბასა და მის ხელქვეითებს შორის არსებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც თავის თანამშრომლებს, მუქარის გამოყენებით, რეფერენდუმში მონაწილეობას უკრძალავს. შს სამინისტროსთან გამართული აქციის დროს, 5-6 ივლისის ღამეს, სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა და 17-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ხაჯიმბას განცხადებით, ოპოზიციის ქმედების მიზანი ოპოზიციის მოთხოვნითვე დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფრენდუმის ჩაშლაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი