ახალი ამბები

არჩილ გეგეშიძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო საგარეო უწყებაში დაიბარეს

6 ივლისი, 2016 • 2830
არჩილ გეგეშიძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე “ნეტგაზეთის” ბლოგზე გამოქვეყნებული განაცხადების გამო თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

“საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა მივიდე ხვალ დილით. კომენტარს არ ვაკეთებ, ტყუილად გარჯილხართ, ტყუილად მელოდებით,”- განაცხადა გეგეშიძემ აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ნეტგაზეთის” ბლოგერთან, ია მერკვილაძესთან ინტერვიუში არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ,  და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომა არსებობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

“გიგა ოთხოზორიას მკვლელობა უხეში ძალის გამოყენების დემონსტრირება იყო. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ამ რუსული რბილი ძალის ნაწილი გახდა. რუსულ ბაზარზე დაბრუნებას ვგულისხმობ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ზოგადად საოკუპაციო პოლიტიკის შედეგია. არავინ იცის, თუ რა დონეზე მოხდა ადამიანის მოკვლის გადაწყვეტილების მიღება.

ფაქტია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამგვარ მკვლელობებს არ ერიდება და ამას ემატება ისიც, რომ ქვეყნის მმართველ ძალაში არაერთი პოლიტიკოსია, რომელიც პრორუსულ ძალას მხარს აშკარად უჭერს.

გასაგებია მათი არსებობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხისადმი პლურალისტური მიდგომა არსებობს საქართველოში.

პრორუსული ძალები მმართველ გუნდში უნდა არსებობდნენ? გამოდის, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ აგვიღო ალღო და რბილადაც და ხისტადაც მოქმედებს.

არიან, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა თვლიან და ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა. დღევანდელი ჩვენი პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ რისკები შემცირდეს და თავიდან ავირიდოთ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა.  გამოკვლევები აჩვენებს, რომ პრორუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოსახლეობის მცირე ნაწილი მოექცა. NDI–ის კვლევით შარშან ამგვარად ოცდათერთმეტი პროცენტი ფიქრობდა, წელს კი მათი რაოდენობა ოც პროცენტამდე დავიდა. პირველ შემთხვევაში თავად “ენდიაიმ” აღიარა, რომ კითხვა მკაფიოდ არ იყო დასმული და რესპონდენტებს შესაძლოა “ევროკავშირი” და “ევრაზიული კავშირი” ერთმანეთში არეოდათ. ეს მეთოდოლოგიური შეცდომა იყო. მე პირადად ვერ ვხედავ, რომ ანტირუსული პროპაგანდა სახიფათო ნიშნულზე იყოს.”

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გუშინ, 5 ივლისს განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი ელჩის ამ განცხადებას არაკომპეტენტურად მიიჩნევს.

“პრეზიდენტის აზრით, ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა, პრეზიდენტის აზრით, არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა,” – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გეგეშიძეს სამინისტროში უნდა ესაუბრონ, განცხადებები კი ამის შემდეგ გაკეთდება:

“გვექნება მასთან საუბარი, როდესაც ის დაბრუნდება საქართველოში და, ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს,”- განაცხადა ზალკალიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი