ახალი ამბები

მედოევი ცხინვალში კრემლის მოხელემ ჩაიყვანა

7 თებერვალი, 2012 • 1740
მედოევი ცხინვალში კრემლის მოხელემ ჩაიყვანა

რუსეთში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩმა, დიმიტრი მედოევმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისმა მხარდამჭერმა საინიციატივო ჯგუფმა დღეს სხდომა გამართა და რეგისტრაციაზე დოკუმენტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა. რუსული მედიის ცნობით, მედოევმა  პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვავაში რესპუბლიკაში წესრიგს დაამყარებს და ჯანსაღ ძალებს გააერთიანებს.

თბილისში და ცხინვალში მედოევს კარგად იცნობენ. დე ფაქტო რესპუბლიკაში ლუდვიგ ჩიბიროვის პრეზიდენტობის დროს იგი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. კოკოითის გამარჯვების შემდეგ მედოევი მოსკოვში ჯერ სპეციალურ წარმომადგენლად გაუშვეს, მოგვიანებით კი, როცა რუსეთმა თვითაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო, იგი ელჩად დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს მისთვის ღია მხარდაჭერა არ გამოუხატავს, თბილისშიც და ცხინვალშიც მიიჩნევენ, რომ 25 მარტის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მედოევი კრემლის ფავორიტი იქნება.

კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის  თავმჯდომარე ზურაბ ბედიანიშვილი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ მედოევს დედა ქართველი ჰყავს და ქართველების მიმართ აგრესიულობით არასოდეს გამოირჩეოდა, გარდა ამისა, მისი ინფორმაციით მედოევს კოკოითის გარემოცვასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

დიმიტრი მედოევი ამჟამად ცხინვალში იმყოფება. ჩვენი ცხინვალელი წყაროების ინფორმაციით, მას მოსკოვიდან დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ვლადისლავ გასუმიანოვიც ჩამოჰყვა. ვლადისლავ გასუმიანოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონებს შორის და უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილეა. ამ სამმართველოს თავმჯდომარე კი სერგეი ვინოკური გახლავთ, მედვედევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის ახლო მეგობარი. გასუმიანოვი თანამდებობაზე 2009 წლის მაისში დაინიშნა კავკასიის მიმართულების კურატორად. იგი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანია.

მედოევის და გასუმიანოვის ერთად გამოჩენამ ცხინვალში ყველა დაარწმუნა, რომ იგი კრემლის ფავორიტია.  გარდა ამისა, ადგილობრივი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გასუმიანოვი  ცხინვალში მარტო მედოევის მხარდასაჭერად არ ჩასულა, იგი რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პირობებში კრემლის მითითებით იმოქმედებს და მოვლენების მართვაში აქტიურად ჩაერევა. ცხინვალში არ გამორიცხავენ, რომ ალა ჯიოევას ინაუგურაციის ჩაშლა გასუმიანოვის სცენარით მოხდეს.

ანატოლი ბიბილოვის მსგავსად, დიმიტრი მედოევსაც კრემლში იგივე ადამიანები ლობირებენ. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ვინოკუროვის და გასუმიანოვის ხელშეწყობით წინა არჩევნების შედეგების გაუქმება და ჯიოევას წინააღმდეგ მოქმედება რესპუბლიკის ამომრჩევლებში პროტესტს იწვევს და მათი აზრით, მედოევიც  ბიბილოვის ბედს გაიზიარებს.

დღესვე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცესპიკერმა და პრეზიდენტობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა,  მირა ცხოვრებოვამ, მედოევის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცხოვრებოვას სხვა კანდიდატებიც მიბაძავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი