ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატას მიმართეს

6 თებერვალი, 2012 • 1054
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატას მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციები– მოძრაობა “არა”, ს/მ სოლიდარობა უკანონო პატიმრებს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ასოციაცია და “ყოფილი  პოლიტპატიმრები  ადამიანის  უფლებებისათვის”– სხვადასხვა უწყებების ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას და პრემიებისა და ხელფასების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ, მათ შორის, საპარლამენტო დეპუტატების პრემიებისა და სამივლინებო თანხების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

როგორც ორგანიზაციის, “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ერთ–ერთმა წევრმა, კოკა კვინიკაძემ განაცხადა, ინფორმაციის გამოთხოვა იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებაში ეჭვები არსებობს ბიუჯეტის ხარჯვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით:

“ეჭვს იწვევს ის, რომ ხდება მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შემოწმება, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს “ქართულ ოცნებაზე” და მათი ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გამოქვეყნებაზე.  მე მგონი, უფრო მეტად საინტერესო ისაა, სად იხარჯება ბიუჯეტის თანხები. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, სახელმწიფო უწყებების, მერიის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ნაციონალური მოძრაობის და ა.შ. მიღებული შემოწირულობების და თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას”

განცხადების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებების საკვებით მომარაგების და მომმარაგებელი კომპანიების, იქ არსებული აფთიაქების და მედიკამენტების ფასების შესახებაც ითხოვენ.

“სასჯელაღსრულების სამინისტრო საკმაოდ დიდი უწყებაა, შენდება ციხეები და გვაინტერესებს, კონკრეტულად რა თანხები იხარჯება ამ ყველაფერზე, რამდენია გამოყოფილი თითოეულ პატიმარზე. საჯარო არ არის ბევრი ინფორმაცია კვებისა და მკურნალობის შესახებ, საიტზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია დევს. ჩვენი ინფორმაციით, ბევრი პროდუქტი ციხეში უფრო ძვირია და ხშირად ვადაგასულიც, ასევე, მედიკამენტები”, – განაცხადა კოკა კვინიკაძემ. მისი თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე ორგანიზაციები მოსახლეობას საქმის კურსში ჩააყენებენ – “იმედი გვაქვს,  როგორც “ქართული ოცნების” შემთხვევაში იმოქმედეს ოპერატიულად, ასეთივე რეაგირებას მოახდენენ ჩვენს განცხადებაზე”, – განაცხადა კოკა კვინიკაძემ.

განცხადების სრული ტექსტის ნახვა ორგანიზაციის, “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი