ახალი ამბები

პარლამენტმა შესაძლოა “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ” განცხადება მიიღოს

20 ივნისი, 2016 • 1191
პარლამენტმა შესაძლოა “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ” განცხადება მიიღოს

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტმა შესაძლოა “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ”  განცხადება მიიღოს. განცხადების პროექტის ავტორი ვიქტორ დოლიძეა.

“ეფუძნება რა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის რიგის, 2013 წლის ვილნიუსის, 2011 წლის ვარშავის და 2009 წლის პრაღის სამიტების დეკლარაციების სულისკვეთებას;

ითვალისწინებს რა 2015 წლის 3-4 ნოემბრის, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომის დასკვნით განცხადებასა და რეკომენდაციებს;

მხედველობაში იღებს რა 2012 წლის 1 ოქტომბრის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს და 2012 წლის 1 ოქტომბრის ევროპარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაციის ანგარიშს;

ეყრდნობა რა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას;

საქართველოს პარლამენტი:

აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იქნეს დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას და კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრეს კომპონენტს, აღიარებენ მათ მნიშვნელობას დემოკრატიული ხელისუფლების განვითარების საქმეში;

აცხადებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, საარჩევნო კოდექსის, დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად, რითიც განუხრელად უზრუნველყოფენ საზოგადოების ინტერესების დაცვას;

აღიარებს პოლიტიკური პარტიების უფლებას, იქონიონ კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმებისა და პროგრამების წარმოჩენების, განსხვავებული პოლიტიკური იდეებისა და პრინციპების თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა;

მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს უარი თქვან სიძულვილის ენაზე ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე რომელიც არის პროვოკაციული, ცილისმწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას ან უბიძგებს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ;

აღიარებს, ოფიციალური სახელმწიფო, მუნიციპალური, ან სხვა საჯარო სამსახურების, პოლიციისა და გასამხედროვებული უწყებების დეპოლიტიზირების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას;

აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისი ექსკლუზიური ვალდებულების შესრულება ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით;

მოუწოდებს მედიასაშუალებებს საარჩევნო კოდექსისის გათვალისწინებით დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი, მიუმხრობელი მოპყრობის პრინციპები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათი საქმიანობის საფუძვლიანი და დაბალანსებული გაშუქება, რათა დაიცვან მოქალაქეების ინტერესი, არჩევანი გააკეთონ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით;

აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის შემოწირულობები უნდა გაკეთდეს დადგენილი კანონების სრული დაცვით, შემომწირველთა უფლებების შეზღუდვების, ყველა სახის ფარული თუ ირიბი ზეწოლის გარეშე;

ხაზს უსვამს სასამართლოს განსაკუთრებულ როლს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანის პროცესში და აღიარებენ სასამართლოს გადაწყვეტილებების უზენაესობას;

აცხადებს, რომ ინტენსიურად ითანამშრომლებენ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან, როგორც წინაასარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ არჩევნების დროს და სრულად და გამჭვირვალედ მიაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შეფასებების უზრუნველყოფის მიზნით;

ადასტურებს, რომ მოცემული დებულებების შესრულება და განხორციელება მათი ლიდერების, წევრებისა და აქტივისტების ვალდებულებაა, რათა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და მის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი და დემოკრატიული გარემო,”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპარლამენტო პარტიებიდან ხელს “თავისუფალი დემოკრატები”, “ქართული ოცნება”, “ეროვნული ფორუმი”, “რესპუბლიკელები”,  “მრეწველები” და “კონსერვატორები” აწერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი