ახალი ამბები

უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა და 150 ათასი ევროთი დააჯარიმა

14 ივნისი, 2016 • 1758
უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა და 150 ათასი ევროთი დააჯარიმა

“ბიბისის” ცნობით, უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა და 150 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც დააკისრა. რუსეთს შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი 10 ივნისს საფრანგეთში დაიწყო, 11 ივნისს კი – რუსეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ – გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. UEFA-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ 11 ივნისს, მატჩის დასრულების შემდეგ შექმნილი არეულობის გამო დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. 6 ინგლისელი გულშემატკივარი ორშაბათს დააკავეს. ინციდენტში 35 ადამიანი დაშავდა.

რუსულ მხარეს ბრალად ედებოდა სტადიონზე არეულობს შექმნა და ფოიერვერკების გაშვება, ასევე, რასისტული ხასიათის ქმედებები. ორგანიზაციის განცხადებით, ინგლისის გულშემატკივრების წინააღმდეგ სანქციები არ გატარდება, რადგან არეულობის ინიციატორები რუსეთის ნაკრების ფანები იყვნენ.

სანქცების შესახებ ზუსტი ინფორმაცია დღეს, 14 ივნისს, დისციპლინარული კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

უეფას ცნობით, იგივე სასჯელი დაუწესდება რუსეთის ნაკრებს, თუ მის რომელიმე მატჩზე მსგავსი ინციდენტი განმეორდება. საფრანგეთის სამართალდამცავებმა კი რუსეთის ნაკრების ფანების ნაწილის დეპორტაცია მოახდინეს. ფრანგულმა პოლიციამ განაცხადა, რომ 150 “კარგად გაწვრთნილი” რუსი გულშემატკივარი იყო შემჩნეული ხულიგნობაში.

BBC-ის ცნობით, რუსეთის ნაკრების 29 გულშემატკივარი ფრანგულმა პოლიციამ აეროპორტამდე მიაცილა, – საფრანგეთმა მათი დეპორტაცია მოახდინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი