ახალი ამბები

TI: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფიქტიურ კომპანიებთან გააფორმა კონტრაქტები

14 ივნისი, 2016 • 2473
TI: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფიქტიურ კომპანიებთან გააფორმა კონტრაქტები

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 1.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა რამდენიმე კომპანიასთან საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ვიდეოფილმების გადასაღებად და მათი უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის ტელეარხებზე განსათავსებლად. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) ცნობით, ყევლა ეს კონტრაქტი სატენდერო კონკურსის ჩატარების გარეშე გაფორმდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი კომპანია, რომელიც საქართველოს სამთავრობო უწყების მომსახურებას უზრუნველყოფდა, კონტრაქტის ხელმოწერამდე მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე იყო დაფუძნებული.

“შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პროპაგანდის მიზნით უკანასკნელი თვეების განმავლობაში 1.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა ფიქტიურ კომპანიებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, საგანგებოდ ამ კონტრაქტების გასაფორმებლად შეიქმნა”, – ვკითხულობთ TI-ის კვლევაში

“დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულებები გაფორმებულია ე.წ “შელფურ” კომპანიებთან. ეს ნიშნავს, რომ კომპანია დაარსებულია, შემოდებულია თაროზე და შემდეგ, როცა ვიღაცას რაღაცაში სჭირდება, ამ კომპანიას გარკვეული ოპერაციების შესასრულებლად იყენებენ. ეს არის ფიქტიური კომპანიები, რომლებიც რეალურად არ არსებობს. ჩვენი ეს ვარაუდი ემყარება იმას, რომ ამ კომპანიების შესახებ არ მოიძებნება არანაირი ინფორმაცია. ისინი დარეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში. ჩვენთვის საეჭვო იყო ეს ხელშეკრულებები იმ კუთხით, რომ ეს იყო კომპანიები, რომელთა რეალური ოპერირების შესახებაც ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. საკმაოდ მსხვილ თანხებზე იყო საუბარი”, – უთხრა ნეტგაზეთს TI-ის მკვლევარმა ანა დაბრუნდაშვილმა.

TI-ის ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 580 000 აშშ დოლარის ღირებულების სამ კონტრაქტს მოაწერა ხელი კვიპროსზე რეგისტრირებულ ფიქტიურ კომპანია – Teenspirit Ventures LLC-სთან.  სააგენტომ კომპანია დაიქირავა სარეკლამო რგოლის მოსამზადებლად, რომელიც ბელარუსის 1-ელ და უკრაინულ ტელეარხებზე (ინტერი და 1+1) განთავსდება.

TI-ის კვლევით გამოიკვეთა, რომ Teenspirit Ventures LLC ე.წ ფიქტიური კომპანიაა. მას ადრე Niviestro Ventures ერქვა და Teenspirit Ventures მხოლოდ 2015 წლის ოქტომბერში ეწოდა. “ფიქტიური კომპანიები ხშირად გამოიყენება კორუფციისა და ფულის გათეთრების მიზნით”, – ამბობს დაბრუნდაშვილი.

დღეს კონფერენციაზე - "საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წარმოადგინა საქართველოს სარეკლამო ბაზრის 2016 წლის კვლევის ანგარიში.

დღეს კონფერენციაზე – “საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარმოადგინა საქართველოს სარეკლამო ბაზრის 2016 წლის კვლევის ანგარიში. 14.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

2016 წლის მარტში სააგენტომ 675 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ოთხ მსგავს კონტრაქტს მოაწერა ხელი კომპანია Newfair Services L.P.-სთან – დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიასთან. კომპანიას ტურისტული პროგრამები უკრაინულ ტელეარხ STB-ზე, რუსულ ტელეარხებზე (CTC, “პიატნიცა” და “მაია პლანეტა”) უნდა განეთავსებინა.

Newfair Services მხოლოდ 2015 წლის ნოემბერში დაარსდა – ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კონტრაქტის გაფორმებამდე 4 თვით ადრე. მისი მფლობელები არიან Vectorex Inc და Geotrans Inc, კარიბის კუნძულ დომინიკაზე დაარსებული ორი ფიქტიური კომპანია. Newfair Services-ის ვებგვერდი 2016 წლის იანვრის ბოლოს დარეგისტრირდა უკრაინულ მისამართზე კიევში.

2015 წლის დეკემბერში ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა Gralane Invest LLP-სთან, რომელიც ბირმინგემში (დიდ ბრიტანეთში) არის დაფუძნებული. კონტრაქტის ღირებულება 151 000 აშშ დოლარია და მისი მიზანია ერთო პროგრამის, სახელწოდებით “Ruso Turisto”, წარმოება რუსული ტელეარხისთვის CTC.

ანა დაბრუნდაშვილის თქმით, სააგენტოს მიერ დაქირავებულ სამივე კომპანიას აქვს საერთო ნიშანი: მათ არ აქვთ ფაქტობრივი ვებგვერდი და არ ფიქსირდებიან სოციალურ მედიაში. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ სამივე კონტრაქტორს საბანკო ანგარიშები ლატვიის ბანკებში, კერძოდ რიგაში, აქვთ: AS Meridian Trade Bank-ში, Norvik Banka-ში და ABLV Bank-ში. ამ ბანკს, როგორც TI-ს კვლევაშია ნათქვამი, გავრცელებული ინფორმაციით, ის ფიქტიური კომპანიები იყენებდნენ, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე სერიოზულ კორუფციულ სკანდალთან იყვნენ დაკავშირებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ მათ ზემოხსენებულ კომპანიებთან კონტრაქტები მხოლოდ იმიტომ გააფორმეს, რომ ისინი აწარმოებდნენ შოუებს, რომლებშიც სააგენტოს სურდა რეკლამის განთავსება.

“მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტილი, კონტრაქტები გააფორმოს ზოგიერთ ბიზნესის კეთების დადასტურებული გამოცდილების არმქონდე მეტად გაუმჭირვალე კომპანიებთან, პირდაპირ არ ამტკიცებს კანონიდან გადაცდომას. თუმცა აღნიშნული პრაქტიკა კორუფციისა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მაღალი რისკის მატარებელია”, – ნათქვამია კვლევაში. TI-ის პოზიციით, “გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოაღნიშნულ სუბიექტთა ბენეფიციარი მესაკუთრეები, დიდი ალბათობით, ფიქტიური კომპანიების ფარს არიან ამოფარებულები. მომსახურებაზე კონტრაქტების გაფორმების სტილი, როგორც მინიმუმ, იმაზე მეტყველებს, რომ ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციისათვის განკუთვნილი ქართველი გადასახადების გადამხდელთა ფული უფრო გამჭვირვალედ და ეფექტურად შეიძლებოდა დახარჯულიყო – ზედმეტი შუამავლების გარეშე საქმიანი რეპუტაციის მქონე კომპანიების დაქირავებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი