ახალი ამბები

იულია ტიმოშენკოს ქმარს ჩეხეთმა თავშესაფარი მისცა

10 იანვარი, 2012 • • 968
იულია ტიმოშენკოს ქმარს ჩეხეთმა თავშესაფარი მისცა

ალექსანდრ ტიმოშენკო
ალექსანდრ ტიმოშენკო

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქმარმა ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ალექსანდრ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ქმნის საერთაშორისო ორგანიზაციას “Батькивщина(სამშობლო).”

ორგანიზაციის მიზანი იქნება უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შეფასება და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა, უკრაინაში ადამიანის უფლებების მონიტორინგი, ასევე, უკრაინულ დიასპორასთან ურთიერთობა.

Lenta.ru-ს ცნობით,  ორგანიზაცია ”Батькивщина-ს” საპატიო პრეზიდენტად იულია ტიმოშენკოს შვილის, ევგენია ტიმოშენკოს არჩევა იგეგმება. სწორედ იგივე სახელწოდების ოპოზიციური პარტიის ლიდერია ამჟამად გასამართლებული იულია ტიმოშენკო.

ალექსანდრ ტიმოშენკოს ჩეხეთში გაქცევის შესახებ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. მანამდე კი, 2011 წლის შემოდგომაზე, უკრაინის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ საქმეს აღძრავდა იულია ტიმოშენკოს ყოფილი საქმიანი პარტნიორების წინააღმდეგაც. საქმიან პარტნიორებში კი, რა თქმა უნდა, ალექსანდრ ტიმოშენკოც შედიოდა. ექსპრემიერის ქმარმა ”რადიო თავისუფლებას” განუცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების სწრაფად შეცვლისა და ცოლის პატიმრობიდან გათავისუფლების იმედი აქვს.

იულია ტიმოშენკოს უკრაინის სასამართლომ ცოტა ხნის წინ შვიდწლიანი პატიმრობა პრემიერ-მინისტრობისას რუსეთთან გაზის საკითხთან დაკავშირებით გაფორმებული  ხელშეკრულების გამო მიუსაჯა. უკრაინის ხელისუფლების აზრით, შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტმა მნიშვნელოვნად იზარალა. ასე არ ფიქრობს თავად მსჯავრდებული ტიმოშენკო. ის თავს უდანაშაულოდ და პოლიტიკური მოტივით გასამართლებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი