ახალი ამბები

სანქციები ნაძვის ხის უკანონოდ მოჭრისთვის

22 დეკემბერი, 2011 • 1566
სანქციები ნაძვის ხის უკანონოდ მოჭრისთვის

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  ბუნებრივად მოზარდი წიწვიანი მცენარეების მოჭრა იკრძალება. ნაძვის ხეების უკანონო მოჭრა ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 64-ე მუხლის და 1282-ე მუხლების შესაბამისად ისჯება. კანონდამრღვევს საჯარიმო სანქციები დაეკისრება.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს. უკანონოდ ნაძვის ხის მოჭრის შემთხვევაში, პირს 500 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრება.

წიწვოვანი მცენარეების მოპოვება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან ხელოვნურად გაშენებული სანერგეებიდანაა შესაძლებელი. მათი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების  ადგილწარმოშობის ცნობა, ხოლო გასხვისების შემთხვევაში, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

თბილისში საახალწლოდ მხოლოდ ხელოვნური ნაძვის ხეები იყიდება. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი აცხადებს, რომ  ჯერჯერობით ბუნებრივი ნაძვის ხეების გასაყიდად ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნა არ ყოფილა.

ხელოვნური ნაძვის ხეების გაყიდვა კი დინამოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ნაძვის ხეების ფასი 5 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს. მაღაზიებში კი ფასი 100– დან 350 ლარამდე მერყეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი