ჩირიკბა: სამწუხარო მოვლენას აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე ჟენევის ფორმატშიც განვიხილავთ

დღეს, 25 მაისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები – სამხრეთ კავკასიის საკითხებში ვროკავშირის წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი და გაეროს გენერალური მდვინის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ანტი ტურუნენი სოხუმში, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი წერს, შეხვედრაზე 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზეც ისაუბრეს.

“იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებიც გზადაგზა ჩნდება, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი საერთო მიზანი რეგიონში სტაბილურობის მიღწევაა. სამწუხარო მოვლენას, რომელიც აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე მოხდა, ჟენევის დისკუსიებზეც განვიხილავთ”, – განაცხადა ჩირიკბამ შეხვედრის დროს.

როგორც წესი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ, თანათავმჯდომარეები თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში ჩადიან და მოლაპარაკებებში ჩართულ წარმომადგენლებთან დღის წესრიგს ათანხმებენ.

გამოცემის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზევე, რომელიც სოხუმში გაიმართა, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრაც განიხილეს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ფოტო: აპსნიპრესი

ფოტო: აპსნიპრესი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი