ახალი ამბები

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია სასამართლოსთან

10 მაისი, 2016 • 2250
თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია სასამართლოსთან

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული ლაშა ბახუტაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ბახუტაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ლაშა ბახუტაშვილს 0,00009 გრ ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინისთვის (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“კანონმდებლობით დეზომორფინს მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს, შესაბამისად, ბახუტაშვილის საქმეში არსებული ოდენობა ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა. 0,00009 დეზომორფინი კი არათუ ნარკოტიკულ თრობას არ გამოიწვევს, არამედ მის ბუნებაში არსებობასაც კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დეზომორფინსა და სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე მცირე ოდენობის არარსებობა სახელმწიფომ საკანონმდებლო ხარვეზად აღიარა. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მისი განსაზღვრის ვალდებულებაც აიღო, თუმცა ნივთიერებებზე ადეკვატური ოდენობების დადგენა ამ დრომდე არ მომხდარა. ამ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ლაშა ბახუტაშვილი სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის მსხვერპლია”, – აცხადებენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენლები.

მათი შეფასებით, კანონი უსამართლოა და მოქალაქეების თავისუფლების აღკვეთის მიზეზი კი ინსტიტუტების უმოქმედობა.

“ეს არაა ერთეული შემთხვევა. მოძრაობის წევრებს ყოველდღიურად გვიკავშირდებიან პატიმრები ციხიდან, რომლებიც მიკროგრამებისთვის წლობით იხდიან სასჯელს. მას შემდეგ, რაც ლაშა ბახუტაშვილის მეუღლემ, ნინო მინდიაშვილმა საქმის დეტალები საჯაროდ გაახმაურა, პროკურატურამ ბრალდებულს 5 000 ლარის სანაცვლოდ პირობითი სასჯელი შესთავაზა, თუმცა სიდუხჭირის გამო ოჯახი თანხის გადახდას ვერ ახერხებს. ბახუტაშვილისთვის თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა სასამართლოა”, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მცირე ოდენობების არარსებობისთვის რამდენიმე მოქალაქე
დავობს. ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბახუტაშვილია.

“საქმის მოსამართლე ლელა შკუბულიანი უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და შეაჩეროს საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მიგვაჩნია, რომ მოსამართლე ლელა შკუბულიანის მიერ მსგავსი გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი ნაბიჯია”, – აცხადებს “თეთრი ხმაურის მოძრაობა”.

ბახუტაშვილის ადვოკატმა, ნინო გელაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის ნოემბერს მიმართეს და გაასაჩივრეს სსკ-ს 260 მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი. მისივე თქმით, ბახუტაშვილს ბრალი ამ მუხლით აქვს წარდგენილი.

ნინო გელაშვილის თქმით, დააყენეს შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქმის არსებითი განხილვა შეჩერდეს, “რათა არ მოხდეს შესაძლო არაკონსტიტუციური ნორმით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება”

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ პარტიზანი მებაღეები, რომლებიც სასამართლოში, თავის მხრივ, ელიან მათი აქტივისტის, ნატა ფერაძის პროცესს, რომელიც პოლიციამ 7 მაისს თბილისში ბიძინა ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციას სასამართლოსთან პარტიზანი მებაღეები შეუერთდნენ. 10.05.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციას სასამართლოსთან პარტიზანი მებაღეები შეუერთდნენ. 10.05.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი