ახალი ამბებისაზოგადოება

ველოტრანსპორტის პერსპექტივა თბილისში

21 აპრილი, 2016 • 4578
ველოტრანსპორტის პერსპექტივა თბილისში

რა პრობლემებს აწყდებიან თბილისელი ველომოყვარულები და რატომ ვერ გადაადგილდებიან ისინი თავისუფლად ქალაქის ქუჩებში? არის თუ არა საკმარისი ველოტრანსპორტის პოპულარიზაციისათვის მხოლოდ სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა? “ველომოყვარულთა კლუბი” აქტიურად იწყებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკუთარ პრობლემებზე საუბარს. დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე კლუბისა და ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” წევრებმა ველოტრანსპორტის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

პროექტის ფარგლებში მომზადდა სპეციალური რუკა, რომლებზეც დატანილია ის ქუჩები, სადაც ამ დროისათვის ველობილიკების გაკეთება დამატებითი ხარჯების გარეშეც შეიძლება. რუკაზე ნაჩვენებია ველომოყვარულებისთვის მოძრაობის დროს ხელის შემშლელი დაბრკოლებებიც.

პირველადი კვლევის საფუძველზე განისაზღვრა ველომოყვარულების ძირითადი პრობლემები. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი კანკიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ავტოტრანსპორტზე მორგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და ავტომობილების რაოდენობის ზრდაა.

“საწყისი ნაბიჯი, რითაც ველოტრანსპორტის განვითარება შეგვიძლია დავიწყოთ, საჯარო დაწესებულებების წინ ველოსიპედების პარკირებისათვის ადგილის გამოყოფაც შეიძლება იყოს. ასევე, უნდა შეიზღუდოს მაქსიმალური სიჩქარე ცენტრალურ ქუჩებზე, გაკეთდეს ველოშუქნიშნები და სპეციალური მონიშვნები სახიფათო გზაჯვარედინებზე,” – აცხადებს გიორგი კანკია.

"მონიშნე და გააუმჯობესე" - ველოტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი რუკა. ავტორი: გიორგი კანკია

“მონიშნე და გააუმჯობესე” – ველოტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი რუკა. ავტორი: გიორგი კანკია

ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” დამფუძნებელი გელა კვაშილავა ამბობს, რომ თბილისში საკმაოდ ფართო ქუჩებია იმისათვის, რომ ველოსიპედით გადაადგილებისათვის უსაფრთხო გზები მოეწყოს.

“თბილისში იმისათვის, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს, სწორედაც რომ ჰაერივით საჭიროა ველოტრანსპორტის განვითარება. ამ ყველაფრის მიღწევა კი განსაკუთრებული ინვესტიციების გარეშეც შესაძლებელია. საპილოტე პროგრამა ყველა იმ დეტალს ითვალისწინებს, რაც ველობილიკებისა და ვალოცენტრების მოსაწყობადაა საჭირო. იმისათვის, რომ ქალაქში შემცირდეს მანქანების რაოდენობა და მოძრაობა განიმუხტოს, საჭიროა განვითარდეს ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობები,”- აცხადებს კვაშილავა.

ველომოყვარულთა კლუბის წევრი ლევან ჩიტაიშვილი თბილისის ქუჩებში საკუთარი ველოსიპედით გადაადგილდება, თუმცა ყოველდღე რამდენიმე სახის დაბრკოლებასთან გამკლავება უხდება. როგორც თავად ამბობს, გარდა იმისა, რომ სხვა სატრანსპორტო საშაულებებით მოსარგებლეები ველოსიპედს ტრანსპორტად არ აღიქვამენ, უსაფრთხოების ზომებიც შესაბამისად არ არის დაცული. ველოსიპედით გადაადგილება საშიში ხდება.

“ველოსიპედით გადაადგილების კულტურის არარსებობა არის პრობლემა, თუმცა ყველაფრის ადვილად მოგვარება შეიძლება, თუ ნორმალურ რეგულაციას დაექვემდებარება ეს პროცესი. დამოკიდებულებაც შეიცვლება. მოძრაობა სრულიად ქაოტურია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის გამოყოფილია სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლი, იქ გადაადგილება თითქმის შეუძლებელია და თან საშიში. უსაფრთხოების ზომები არ არსებობს. ვერც ტროტუარზე ვერ ავდივართ, რადგან იქ ხალხია, ან მანქანებია ისე პარკირებული, რომ გავლა უბრალოდ შეუძლებელია. ველოსიპედისტს ქუჩაშიც ვერ ამჩნევენ და მას არც არავინ მიიჩნევს ტრანსპორტად. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი სწორედ რომ რეგულაციების არარსებობითაა განპირობებული,” – ამბობს ლევან ჩიტაიშვილი.

ველომოყვარულები არც იმას უარყოფენ, რომ ხშირად თავად უქმიან მანქანით მოსარგებლეებს პრობლემას, თუმცა ამას გზებზე არსებულ ქაოტურ მდგომარეობას მიაწერენ:

“სანამ არ გვექნება კონკრეტულად გამოყოფილი ადგილი, დარეგულირებული მოძრაობის წესები, მდგომარეობა არ შეიცვლება. ახალს ჩვენი საპილოტე პროგრამითაც ვერაფერს გამოვიგონებთ. არსებობს ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი და შესაძლებელია მათი გამოცდილებით ხელმძღვანელობა,” – აცხადებს ჩიტაიშვილი.

ველომოყვარული გიორგი ტერუნაშვილი კი ამბობს, რომ ხშირად, საგზაო შემთხვევების დროს, პატრულის ოფიცრებიც კი მანქანის მოსარგებლის მხარეს იჭერენ:

“მოქალაქეებმა შეიძლება არ იცოდნენ, რა უფლება აქვს სხვა მოძრავ ტრანსპორტს და ამ შემთხვევაში ველოსიპედისტს, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ თავად პატრულის ოფიცრებიც კი ნეგატიურად არიან განწყობილი ჩვენ მიმართ. კარგი ინიციატივა იქნებოდა შსს-ს მხრიდან, თუ ისინი ეკიპაჟებს ჩაუტარებენ ტრენინგს ამ საკითხის შესახებ და ველოსიპედისტების შევიწროების ფაქტები აღარ იქნება,” – აცხადებს გიორგი ტერუნაშვილი.

თბილისელი ველომიყვარულების შეკრების ადგილი კოჯორში არსებული ველოპარკია, თუმცა, როგორც “ველომოყვარულთა კლუბის” ხელმძღვანელი თამაზ თიკანაძე ამბობს, პარკამდე ველოსიპედებით მისვლა ძნელია.

“ვითხოვთ, რომ იქნებ კოჯორში მიმავალ ავტობუსებს ჰქონდეთ ველოსიპედის დასამაგრებელები. ავტობუსში ველოსიპედი ვერ აგვაქვს, არც მეტროში გვაძლევენ ჩატანის უფლებას. კარგი იქნება, რომ სატრანსპორტო სამსახურმა ეს საკითხიც გაითვალისწინოს,” – ამბობს თამაზ თიკანაძე.

თბილისის გენერალური განვითარების გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელმა, კომპანიის „სითი ინსტიტუტი“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში ქალაქში ველობილიკების მოწყობას და ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარების საკითხს გაითვალისწინებენ. ალექსანდრე ელისაშვილი კი საკითხს ურბანული კომიტეტის სხდომაზე დააყენებს.

პროექტის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ველოტრანსპორტის განვითარება ქალაქში ტურისტულ ნაკადსაც გაზრდის. პროექტის განხორციელების შემდეგ გაიზრდება ველომომხმარებელი და საზოგადოება დაძლევს სტიგმას, რომ ველოსიპედით მხოლოდ ბავშვები და მოზარდები შეიძლება სარგებლობდნენ.

ველოსიპედით გადაადგილების პოპულარიზაციის მიზნით “ველომოყვარულთა კლუბი” და საქართველოს უსინათლოთა კავშირი ახლო მომავალში ერთობლივ მსვლელობას გეგმავენ.

თბილისში ველოტრასის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს იგეგმებოდა – თბილისის ზღვის გარშემო და დიღომში უნდა აშენებულიყო 30 კმ-იანი ველობილიკი, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა.

დაახლოებით 20 კმ-იანი ველოტრასა 2011 წლის ივნისში გაიხსნა ბათუმში, სადაც ველოსიპედები ფრანგულმა კომპანია “ინტერ საიქლმა” შემოიტანა ბათუმის მერიის დაფინანსებით: 150 ველოსიპედი ბათუმის მერიას 200 ათასი ევრო დაუჯდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება აქტიურ პიარ-კამპანიას აწარმოებდა ველოსიპედების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში იმპორტირებული იყო 66 000 ველოსიპედი, რაც წინა წლის მონაცემებს 37%-ით აღემატებოდა. 2012 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით კი, საქართველოში 12 560 ველოსიპედი იყო იმპორტირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი