ახალი ამბები

შსს-ს განცხადებთ, 2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნეს

20 აპრილი, 2016 • 1325
შსს-ს განცხადებთ, 2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნეს, ერთი ბრალდებული დააკავეს, ხოლო მეორე საზღვარგარეთ იმყოფება და მიმდინარეობს ექსტრადირების პროცედურები.

შსს-ს ცნობით, 2014 წლის 17 დეკემბერს თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვნეს  ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი, გურამ კვეზერელი გაუჩინარდა.
უწყების ინფორმაციით, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა.

“ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.  იმავე დღეს აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,”- აღნიშნულია შსს-სგანცხადებაში.

შსს ასევე აცხადებს, რომ ნაპოვნია გურამ კვეზერელის ცხედარი.

უწყების ცნობით, ამავე საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. გამოძიება მათ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია. შსს-ს ცნობით, დადგენილია, რომ მეორე ბრალდებული საზღვარგარეთ იმყოფება და მისი ექსტრადირებისთვის ღონისძიებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი