ახალი ამბები

ტიმოშენკოს საქმე – ევროპის პრინციპის საკითხი

11 ოქტომბერი, 2011 • • 981
ტიმოშენკოს საქმე – ევროპის პრინციპის საკითხი
დღეს კიევის პეჩორის სასამართლომ უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის, რომელიც 2009 წელს რუსეთთან ბუნებრივი აირის საკითხზე  ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.

ბრალდების მხარე ტიმოშენკოსთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

მოსამართლე როდიონ კირიევის განცხადებით, 2009 წელს რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ექს–პრემიერ იულია ტიმიშენკოს შორის ბუნებრივი აირის საკითხებზე გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად ქვეყანამ 1,5 მილიარდი გრინვით (190 მილიონი დოლარით) იზარალა. პროკურორების განცხადებით, ტიმოშენკომ დაარღვია ხელშეკრულების გაფორმების ლეგალური პროცედურები.

აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ექს–პრემიერი და აცხადებს, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეჟიმის მსხვერპლია.

“არავინ მსოფლიოში და არც უკრაინაში მიიჩნევს, რომ მე ჩავიდინე ის კრიმინალი, რაზეც ამ სასამართლო პროცესებზე განიხილავდნენ. შესაბამისად, არავის მივცემ იმის ნებას, მათ შორის პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ ჩირქი მოსცხონ ჩემს სახელს” – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ტიმოშენკომ.

აღნიშნულ სასამართლო პროცესის დადებითად დასრულებას თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ აშშ–სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ვერდიქტამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 10 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინა და ტიმოშენკოს დაგეგმილი სასამართლო პროცესი განხილვის მთავარი საკითხი იყო.   

მინისტერიალზე კიდევ ერთხელ  ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტიმოშენკოს საქმის გამო უკრაინასთან ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღწეული შეთანხმებები ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოფის შესახებ რისკის ქვეშაა.

ჯერ კიდევ  26 სექტემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი უკრაინა არ გადახედავს ტიმოშენკოს საკითხს, ევროკავშირის და უკრაინის ურთიერთობა ძველებური ვეღარ იქნება.  სიკორსკის განცხადებით, ორ თვეში უკვე მზად იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დოკუმენტი, რომელსაც მხარეები განიხილავენ და თუკი უკრაინა დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს დემოკრატიასთან დაკავშირებით, ხელი მოეწერება.

მასალების გადაბეჭდვის წესი