ახალი ამბები

პროტესტი ელეტრონულ მოწმობებს

31 ივლისი, 2011 • 1322
პროტესტი ელეტრონულ მოწმობებს

მართლმადიდებლური მრევლის ერთი ნაწილი საქართველოში ბიომეტრული პასპორტებისა და ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას აპროტესტებს. აქცია ამასთან დაკავშირებით დღეს თბილისში, მეტეხის ხიდთან გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზაზა ნანობაშვილი საპროტესტო აქციის გამართვისკენ ბათუმის მოსახლეობასაც მოუწოდებს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი. ნანობაშვილი ფიქრობს, რომ დღეიდან ძალაში შესული კანონი, რომელიც ბიომეტრული პასპორტების და მოწმობების გაცემას ითვალისწინებს, არის საფრთხე ეროვნულობის იდენტობისთვის:

„მთელმა ევროპამ უარი თქვა მაგ მოწმობების მიღებაზე. ჩვენ ვართ ერი, რომელზეც ექსპერიმენტს ატარებენ. ჩვენ არ გვიტოვებენ სხვა გზას, მშვიდობიანი ფორმით მოვიპოვოთ არჩევანის უფლება” – ამბობს ის.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბიომეტრული პასპორტები ეტაპობრივად 2005 წლიდან შემოიღეს.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ერთმა ნაწილმა ბიომეტრული პასპორტებისა და ელექტრონული პირადობის მოწმობების საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია თავდაპირველად 10 ივლისს გამართა. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტები არაქრისტიანულ სიმბოლიკას მოიცავს, რის გამოც ისინი მოითხოვენ ამ დოკუმენტების ნეიტრალური და მართლმადიდებლური მრევლისთვის მისაღები ვერსიის დაშვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი