ახალი ამბები

პროკურატურა: სასამართლომ ერეკლე კოდუას 2 წლით პატიმრობა შეუფარდა

25 მარტი, 2016 • 2866
პროკურატურა: სასამართლომ ერეკლე კოდუას 2 წლით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში მათ წარადგინეს მტკიცებულებები, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ მერაბ რობაქიძეს არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 000 აშშ დოლარად  აყიდინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი – 45 000 აშშ დოლარად ღირებული „LEXUS GX 470“ ე. კოდუამ ნაცვლად სახელმწიფოზე გადაცემისა, გააფორმა თავისი შვილის სახელზე.

ბრალდების მხარე ასევე აცხადებს, რომ 2009 წლის თებერვალში ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული გიორგი გურჩიანისთვის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მის ძმას, შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორს ერეკლე გურჩიანს, გადაახდევინა ე. კოდუას დედის ლაურა ღაჭავას მიერ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ 2008 წელს  გამოყვანილი „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანის საფასური 92 000 აშშ დოლარი და დამატებით აყიდინა 41 500 ლარის ღირებულების „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მოგვიანებით გადაფორმდა ე. კოდუას სახელზე.

პროკურატურა აცხადებს, რომ ე. კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული  დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის.

სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამინისტის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. კოდუას დანიშნული სასჯელი 2 წელი და 8 თვე  შეუმცირდა და საბოლოოდ  2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ე. კოდუა გამართლდა. გადაწყვეტილების ამ ნაწილში გასაჩივრების საკითხზე პროკურატურა იმსჯელებს მას შემდეგ,  რაც სასამართლოსგან მიიღებს განაჩენს, აცხადებს პროკურატურა.

საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი 2014 წლის 17 მარტს წარუდგინა. იგი საზღვარგარეთ იმყოფება. ბრალდებულს ინტერპოლი ეძებდა, თუმცა 2015 წლის ნოემბრიდან ძებნა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი