ახალი ამბები

ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ერეკლე კოდუას ძებნა შეწყვიტა

4 დეკემბერი, 2015 • 1790
ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ერეკლე კოდუას ძებნა შეწყვიტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ–ი) ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუაზე 2014 წლის 7 აპრილს დაწყებული წითელი ცირკულარით ძებნა ინტერპოლმა შეაჩერა. კოდუა ინტერპოლის ძებნილთა შორის აღარ იძებნება.

ადვოკატ ოთო კახიძის თქმით, კოდუაზე ძებნის შეჩერების საფუძველი ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლი გახდა. ადვოკატი ამბობს, რომ კომუნიკაცია ინტერპოლთან ერეკლე კოდუაზე ძებნის გამოცხადებიდანვე დაიწყეს და საბოლოოდ მათი არგუმენტები გაითვალისწინეს.

“ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მაღალჩინოსნები ვინც იყვნენ, მათი მასშტაბური სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული. სავარაუდოდ, ეს განპირობებულია პოლიტიკური მოტივაციით. ეს არის ჩვენი არგუმენტაცია და ერეკლე კოდუაზეც მიმდინარეობდა ჩვენი მხრივ არგუმენტების მიწოდება.~”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ოთო კახიძემ.

ოთო კახიძის თქმით, ერეკლე კოდუაზე წითელი ცირკულარით ძებნა 23 ნოემბრიდან შეწყდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კოდუას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ბრალდებით წარუდგინა 17 მარტს. ინტერპოლის ვებგვერდზე სწორედ ამ მუხლებზეა მითითება.

კოდუას ადგილსამყოფელი უცნობია. “იმედის” გადაცემა პოზიციაში დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა 2006 წელს მის ცემაში სწორედ კოდუა დაადანაშაულა და ამ კუთხით მისთვის ბრალის დამძიმება “დააანონსა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი