ახალი ამბები

თამთა ლიპარტელიანს ნორვეგიაში ამ დრომდე ეძებენ

24 ივლისი, 2011 • • 2314
თამთა ლიპარტელიანს  ნორვეგიაში ამ დრომდე ეძებენ

პოლიცია გარდაცვლილებს კუნძულის სხვადასხვა ნაწილში პოულობდა
პოლიცია გარდაცვლილებს კუნძულის სხვადასხვა ნაწილში პოულობდა

ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში მასობრივი მკვლელობის შემდეგ, ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანი, რომელიც მასთან ერთად ნორვეგიაში იმყოფებოდა, უვნებლად გადარჩა და საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

ოსლოდან 30 კილომეტრით დაშორებულ ბანაკში, სადაც ნორვეგიის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით 500–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მასობრვი მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა 32 წლის ნორვეგიელმა 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 85 ადამიანი მოკლა, ათეულობით დაჭრა, ოთხს კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არის თამთა ლიპარტელიანი. პოლიცია მათ მყვინთავების დახმარებით ეძებს, რადაგნ მიაჩნიათ, რომ გაქცევისას, შესაძლოა, მათ გაცურვა სცადეს და ამ დროს დაიკარგნენ. თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. ის ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტი, ფუნდამენტალისტი ქრისტიანი ნორვეგიის მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სოციალურ ქსელებში სხვადასხვა რელიგიის ადამიანების წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა. მან უკვე აღიარა დანაშაული და თქვა, რომ მისი საქციელი “საზარელი, თუმცა, აუცილებელი იყო.”

პოლიციისვე ინფორმაციით, ბანაკში თავდასხმამდე  რამდენიმე საათით ადრე მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აფეთქება მოაწყო ოსლოში, სამთავრობო შენობებთან, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულს ნორვეგიის კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალური, 21–წლიანი სასჯელი ემუქრება.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ კუნძულზე, სადაც მასობრივი მკვლელობა მოხდა, თავდამსხმელი იქ მყოფ ადამიანებს კუნძულის სხვადასხვა ნაწილში ფეხდაფეხ დასდევდა და ისე ხოცავდა, ახალგაზრდები კი გარდაცვლილებს შორის იმალებოდნენ. ნათია ჩხეტიანი იხსენებს, რომ  თავდასხმის დროს თამთა ლიპარტელიანთან ერთად ოთახში იმყოფებოდა, თვითონ საპირფარეშოში გავიდა, უკან დაბრუნებულს მეგობარი ადგილზე არ დახვდა, გარშემო კი ქაოსი იყო. მისი თქმით, საავადმყოფოებში ამ დრომდე ათეულობით ადამიანი უგონო მდგომარეობაშ იმყოფება და შესაძლოა, თამთაც მათ შორის იყოს. ნათია ჩხეტიანის თქმით, გარდაცვლილებს შორის მან საკუთარი მეგობარი ვერ ამოიცნო.

საქართველოს კონსულმა დანიის სამეფოში ნინო ქოჩორაშვილმა განაცხადა, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ნორვეგიის მთავრობასთან, რათა დაკარგული ქართველის ადგილსამყოფელი დროულად დადგინდეს. ნორვეგიის პოლიციის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა და დაშავებულთა სიები მანამდე არ იქნება საჯარო, სანამ ახლობლებს არ შეატყობინებენ.  ნორვეგიის პოლიციამ ასევე აღიარა, რომ კუნძულზე, სადაც თავდასხმა მოხდა, სპეცდანიშნულების რაზმი ნახევარსაათიანი დაგვიანებით მივიდა.

ამავე თემაზე:

ტრაგედიის დროს ნორვეგიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველებიც იმყოფებოდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი