ახალი ამბები

ვახტანგ ხმალაძე კანაფის მოყვანის დეკრიმინალიზაციას მხარს არ უჭერს

17 მარტი, 2016 • 1945
ვახტანგ ხმალაძე კანაფის მოყვანის დეკრიმინალიზაციას მხარს არ უჭერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომელიც კანაფის დათესვისთვის და მოყვანისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს, არაკონსტიტუციური არ არის. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

საიინიციატივო ჯგუფმა “თეთრი ხმაურის მოძრაობა” სწორედ აღნიშნული მუხლი გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მათი აზრით, კანონი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, კერძოდ, კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლთან, რომლის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ კანონის ეს მუხლი არაკონსტიტუციური არ არის:

“მე ვერ ვხედავ რაიმე არაკონსტიტუციურობას იმ ნორმისა, რომელიც ამბობს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია კანაფის კულტივირება.  ჩვენთან კანაფი  არავის მოჰყავს იმისთვის, რომ თოკი დაგრიხოს. ხომ სრულიად გასაგებია, რა მიზნით არის მოყვანილი?” – აღნიშნავს ხმალაძე.

დეპუტატის აზრით, ეს იმის წინაპირობაა, რომ შემდგომ მისგან მარიხუანა დამზადდეს, გაიყიდოს და საბოლოოდ ვიღაცამ მოიხმაროს.

“მოდით, თქვენ და მე სადმე ავიღოთ მიწის ნაკვეთი, შემოვღობოთ, კანაფი მოვიყვანოთ, დავამზადოთ მარიხუანა, მაღაზიაში შევიტანოთ, გავყიდოთ, კარგი ბიზნესი იქნება, ხომ? მე მიმაჩნია, რომ აქ [სისხლის სამართლის 265-ე მუხლი] არაკონსტიტუციური არაფერი არ არის” .

ვახტანგ ხმალაძე მარიხუანასთან დაკავშირებით სამ საფეხურზე საუბრობს:

“ნარკოტიკურლი საშუალებების ჯაჭვი სამრგოლიანია. პირველი რგოლი არის დამზადება, მეორე- გასაღება და მესამე- მოხმარება. ჯერჯერობით აზრად არავის მოსვლია, რომ გასაღების დეკრიმინალზიაცია/ლეგალიზაცია მოეთხოვა. რატომ? პასუხი მარტივია: ნარკოტიკის მოხმარება ზიანს აყენებს ადამიანს. “


დეპუტატი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი არაადეკვატურია. მისივე თქმით, ამ დროს შეიძლება მან საფრთხე სხვებს შეუქმნას:

“მაგალითად, ნარკოტიკურლი თრობის ქვეშ ავტომობილის მართვისას. “


მოსაზრებაზე, რომ ალკოჰოლური თრობის დროს ადამიანი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე მარიხუანის ზეგავლენისას, დეპუტატი ამბობს:

“ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოსაზრება ჭეშმარიტებაა. სხვა მოსაზრებებიც არსებობს.”

ხმალაძის თქმით, ის, რომ 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა/შენახვა/მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა აღარ გამოიყენება, არ ნიშნავს, რომ დათესვისთვისაც იგივე მიდგომა უნდა არსებობდეს:

“დავუშვათ, ორი რამ აყენებს ადამიანს ზიანს. ერთზე არ არის სასჯელი და ამბობენ, მოდი, მეორეზეც გავაუქმოთ. იქნებ პირიქით ვქნათ, იმ ერთზეც შემოვიღოთ? ,” – ამბობს ხმალაძე და აღნიშნავს, რომ განსხვავებულ მიდგომებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის კულტურა, დამოკიდებულება და ტრადიცია განაპირობებს.

ხმალაძე იზიარებს გავრცელებულ აზრს, რომ ლეგალიზების შემთხვევაში მარიხუანის მოხმარება გაიზრდება:

“მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ლეგალიზების შემთხვევაში მარიხუანის მომხმარებელი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის.”

დეპუტატი ამბობს, რომ  მოქალაქეებზე ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებისთვის საქართველოს საჭირო ფინანსური რესურსები არ გააჩნია:

“ნარკოპოლიტიკა თავის თავში უნდა მოიცავდეს რეაბილიტაციის საშუალებებსაც. რებილტიაციაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია. ამას სერიოზული დაფინანსება სჭირდება.”

ფინანსების გარდა, ხმალაძე ადამიანური რესურსების დეფიციტზეც საუბრობს:

“სამედიცინო კადრების მომზადება, ფსიქოლოგთა მომზადება. ფსიქოთერაპიის გარეშე ნარკოდამოკიდებულებიდან პირის გათავისუფლება ვერ ხერხდება. ეს გასაკეთებელი არის, მაგრამ მითხარით, საიდან ავიღო ეს ფული და გავაკეთებ. “

შეგახსენებთ, რომ საქმეზე „ ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუ მიმდინარე სარჩელი დაკმაყოფილდა,  იგივე გავრცელდება მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანის შემთხვევაშიც.

“სისხლის სამართლის კოდექსის” მოქმედი რედაქციის თანახმად,  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით;  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.  ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი