ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმართეს

10 მარტი, 2016 • 2111
საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმართეს

სანიციატივო ჯგუფი “თეთრი ხმაურის მოძრაობა“ კანაფის დათესვისთვის და მოყვანისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მოქალაქეების დასჯას (მუხლი 265) საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

“თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საკონსტიტუციოს სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კერძოდ მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კონსტიტუციასთან შეუსაბამობამობისთვის.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა სადავოდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მცენარე კანაფის უკანონო დათესვისა და მოყვანისთვის. კერძოდ, 265-ე მუხლი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის, მე-2 ნაწილთან მიმართებაში – (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება),”- აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის გავრცელებულ განცხადებაში.

მოსარჩელე ლაშა გაგიშვილი არის, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამათლოში: ვახუშტი მენაბდე და  ზვიად მარკოიძე.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე „ ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მიმდინარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგივე გავრცელდება მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანის შემთხვევაშიც.

“სისხლის სამართლის კოდექსის” მოქმედი რედაქციის თანახმად,   ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი  დიდი ოდენობით;  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.  ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი