საზოგადოება

მოსალოდნელი სტიქიის გამო მლეთაში რიგრიგობით ძინავთ

18 მაისი, 2011 • 1454
მოსალოდნელი სტიქიის გამო მლეთაში რიგრიგობით ძინავთ

ფოტო: თეა თოფურია
ფოტო: თეა თოფურია

მლეთაში სტიქიით დაზარალებულები შიშობენ, რომ  მეწყერი ჩამოწვება და მათ სახლებს ჩამარხავს.

შარშან ამ ადგილას მეწყერმა მდინარის კალაპოტი გადაკეტა, რის შედეგადაც წყალი მოსახლეობას სახლებში შეუვარდა. 15–მდე ოჯახს მთავრობა გასახლებას დაჰპირდა, თუმცა სტიქიით დაზარალებულები დღემდე დანგრეულ სახლებში ცხოვრობენ.

ქვემო მლეთაში აღარ დარჩა სახლი, რომელიც საცხოვრებლად გამოდგება. უმეტესობა მდინარის მიერ მოტანილი ქვებითა და ქვიშითაა დაფარული. ხალხი ყოველ დღე სტიქიის გამეორებას ელოდება. თოვლის დნობის გამო მეწყერი შეიძლება ისევ ჩამოწვეს. მდინარის ნაპირებზე ახლა რიგ–რიგობით ძინავთ, რათა კრიტიკულ სიტუაციაში გაქცევა მოასწრონ.

,,წელს ჯერ არ წამოსულა ნიაღვარი, მაგრამ აუცილებლად წამოვა, რადგან ზევით თოვლი დნება. ჩემი შვილიშვილი გავარიდე აქაურობას. შემეშინდა, მაგრამ სხვებს ისევ აქ ჰყავთ ბავშვები. როცა ცუდი ამინდია, რიგრიგობით გვძინავს“, ამბობს ცისანა ზაქაიძე, სტიქიით დაზარალებული.

თემურ ნოზღაიძე წყალწაღებულ სახლში ორი თვის შვილთან ერთად ცხოვრობს. ტრაქტორით მიმდებარე ტერიტორია მოასუფთავა, მაგრამ ეს მას მეწყერისგან არ დაიცავს: ,,გასწრებაზე ვართ. ვის არ მივმართეთ, არავინ მოგვიმართა ხელი. ნაციონალების აქტივისტი ვარ. გადავყევი ამ მთავრობას, მაგრამ რა?! რაიონის გამგეობაშიც ვიყავით, ყველამ კარგად იცის, რა დღეშიც ვართ, მაგრამ არავისთვის არც დახმარება მიუციათ, არც კომპენსაცია და არც გაუსახლებიათ. ერთ თვეში წეროვანი ააშენეს, 15 ოჯახის გასახლება რა გახდა“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ერთი სამინისტროდან მეორეში აგზავნიან, საბოლოოდ კი არც ერთი არ ეხმარება.

ქვეშეთის თემის რწმუნებული იოსებ ზაქაიძე პასუხს  რეგიონული განვითარების სამინისტროდან ელოდება: „ მოსულები იყვენენ და გვითხრეს, რომ მოსახლეობა გუდაურთან უნდა გაასახლონ. თვითმმართეველობასაც გადავეცით გასასახლებელი კომლების რაოდენობა. ჩემი ხალხია და გული მეც მტკივა, გაზაფხულია, შეიძება იგივე განმეორდეს“.

მცხეთა–მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ  მლეთის მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიაზე გასახლება შესთავაზეს, მაგრამ მათ ადგილი არ მოეწონათ. ამჯერად ამ საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება.

,,დროებით ახლაც შეიძლება გავიყვანოთ ქირით, სადმე მიმდებარე სოფლებში, მაგრამ არ უნდათ. რაც შეეხება მუდმივად გასახლებას, ამ საკითხზე ჩვენი რეგიონალური სამსახური მუშაობს. ადგილებია შესარჩევი და თანხა გამოსაყოფი. თანხა საბოლოოდ ცენტრალურმა ბიუჯეტმა უნდა გამოყოს“.

 

იოსებ ზაქაიძის თქმით, თუ სტიქია გასახლებამდე განმეორდა, მოსახლეობას დროებით სკოლის შენობაში გადაიყვანენ.

,,რა სკოლა, რის სკოლა, სკოლაში ვინ წავა?! ძროხა როგორ წავიყვანო სკოლაში?!“ – ამბობს ადგილობრივი თემურ  ნაზღაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი