საზოგადოება

ორწლიანი გართობა ტელევიზორებიდან

18 აპრილი, 2011 • 1140
ორწლიანი გართობა ტელევიზორებიდან

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ, “ბისიჯი რისერჩის” მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მომდევნო ორი წლის მანძილზე ტელესამაუწყებლო პრიორიტეტები დაადგინა.

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში (კანონის მიხედვით, 2 წელიწადი) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდება, როგორც საერთო, ისე სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის.

“ბისიჯი რისერჩის” მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულია– მუსიკალური გადაცემები, გასართობი თოქ–შოუები, საბავშვო გადაცემები, მხატვრული ფილმები.

არაპრიორიტეტულად განისაზღვრა სათემო მაუწყებლობა. სათემო მაუწყებლობის არაპრიორიტეტულობა კომისიამ კვლევით დაადგინა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ “სათემო მაუწყებლობა არ არის პრიორიტეტული ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც კი“.

ხმაური მოჰყვა დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადებას. საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღეს კომისიის სხდომას ესწრებოდა, უკმაყოფილო იყო მიღებული გადაწყვეტილებით.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ქორიძე სათემო მაუწყებლობის შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ქორიძე ფიქრობს, რომ სათემო მაუწყებლობის მსურველისთვის ლიცენზიის გაცემის შეზღუდვით კომისია ნორმატიულ აქტს კანონზე მაღლა აყენებს.

„დღეს კომუნიკაციების კომისიამ თავისი გადწყვეტილებით აჩვენა, რომ ნორმატიული აქტი, მაუწყებლობის პრიორიტეტების შემუშავება, შესაძლებელია დადგეს კანონზე მაღლა, რადგან კანონით განსაზღვრულია, რომ სათემო მაუწყებლობის ლიცენზია არის ლეგალური და  შეუძლია მიიღოს მსურველმა. კომისიამ კი თქვა, რომ ორი წლის მანძილზე ამ ლიცენზიას არ გასცემს. ვინ არის კომისია, რომ ზღუდავს ხალხის სურვილს, ჰქონდეს სათემო მაუწყებლობა. კითხვაზე, თუ მოქალაქეების ჯგუფი მიმართავს მათ სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების სურვილით, კახი ყურაშვილმა გვიპასუხა, რომ უარს ეტყვიან. ამით მან სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონის რევიზია მოახდინა“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი ამბობს, რომ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს კომისია კვლევის საფუძველზე ადგენს და არა – ხელმოწერებით.

ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  ნაწილს, რომელიც დღეს კომისიის სხდომას ესწრებოდა, ეჭვი შეაქვს კვლევის შედეგების სისწორეში, რომლითაც დადგინდა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები. მათ შორისაა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რომელიც „ბისიჯი რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიას უკავშირდებოდა, კოალიციის წევრებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს.

როგორც ზვიად ქორიძე ამბობს, კოალიციას არ მიუღია საჯარო ინფორმაცია. იგი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ორი დღის შემდეგ ისაუბრებს. როგორც ნინო ზურიაშვილი, სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი და კოალიციის ერთ–ერთი წევრი აცხადებს, კოალიცია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესახებ შეიცვალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი