საზოგადოება

ვეძათხევი- მეწყერის ალყაში მოქცეული სოფელი

7 სექტემბერი, 2010 • • 1943
ვეძათხევი- მეწყერის ალყაში მოქცეული სოფელი

ქალაქ დუშეთიდან ჩრდილო-დასავლეთით მეცამეტე კილომეტრზე ჩვენი მიკროავტობუსი ჩერდება. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის კოორდინატორები –გიორგი იორამაშვილი და რეზო გეთიაშვილი– მძღოლს ეუბნებიან, რომ სოფელ ვეძათხევამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაზიანებულია. გზას ფეხით ვაგრძელებთ.

სოფლამდე მისასვლელი მოკლე გზა ვეძას ხევზე გადის. მდელო ხეობისკენ ეშვება და საცალფეხო გზა ნიაღვრისგან გაკეთებულ კალაპოტს ხეებს შორის მიყვება. დაღმართის დასასრულს ვეძას დამშრალი ხეობა გვხვდება. დაღმართს აღმართი ცვლის. გორაკზე შეფენილი ვეძათხევისკენ მიმავალ გზაზე ეკლიანი სარეველებისთვის თავის არიდება ძნელდება.  

აღმართის ბოლოს პირველივე სახლი გამოჩნდა. ფანჯრებზე ფარდები არ არის, როგორც ირკვევა  მიტოვებულია. მიტოვებულია მეორე და მესამე სახლიც. მოკლე ქუჩის მოსახვევში ვეძათხევის ათამდე მცხოვრები გვხვდება, რომლებიც სპეციალურად ჩვენს (CENN–ის ორგანიზებული პრეს ტურის მონაწილეების) ჩასვლას უცდიან.

”კიდევ კარგი, რომ გვალვაა და ხეობა მშრალი დაგხვდათ, თორემ წვიმიან ამინდში მანდ სიარული შეუძლებელია,”- გვეუბნება ქალბატონი თამარ ინაშვილი, რეზო გეთიაშვილის თქმით, სოფლის ყველაზე აქტიური მკვიდრი,- ”სოფლამდე სასწრაფო ვერ ამოდის. მეზობელი ცუდად გახდა, კაპილარი გაუწყდა, ექიმი ტელეფონით გვეუბნებოდა, სასწრაფოდ დუშეთში ჩამოიყვანეთო. ამ დამრეც ხეობაში ხომ არ ვატარებდით და ისევ ჩვენი ძალებით მოვაბრუნეთ. სოფელში აფთიაქიც არ არის, არც მაღაზია. პროდუქტებს დუშეთიდან ვიმარაგებთ.”

”ჩვენს ბავშვებს არც სკოლა აქვთ და არც ბაღი,”-ამბობს, თამარი და თავის უმცროს შვილზე მიუთითებს,- წელს უწევს სკოლაში წასვლა და დედას ვერ ტოვებს.”

ვეძათხეველებთან საუბრისას ვგებულობთ, რომ ახლოს მდებარე სკოლა ვეძათხევიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. მათ შვილები სხვადასხვა დასახლების სკოლა-ინტერნატებში ჰყავთ მიბარებული და თუ თავად არ ჩააკითხავენ არდადეგებიდან არდადეგებამდე ვერ ნახულობენ.   

”ოთხი შვილი საგურამოს სკოლა-ინტერნატში მყავს მიბარებული. არდადეგებზე მომყავს ხოლმე. სწავლის პერიოდში თვეში ორჯერ ნახვას ვახერხებ. დუშეთამდე 12 კილომეტრს ფეხით  გავდივარ. იქიდან ავტობუსს მივყვები-” ამბობს ელენე მინდიკაური.

თანდათან სოფლის სხვა მცხოვრებლებიც გვიერთდებიან. თამარ ინაშვილს სახლიდან დუშეთის რაიონის გამგეობაში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიაში, გარემოს დაცვის ინსპექციაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  შეტანილი განცხადებები გამოაქვს.

განცხადებებში ვეძათხეველები მეწყერსაშიში ზონიდან გასახლებას ან ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ზოგიერთ განცხადებას პასუხიც ახლავს:

”მეწყერის გამო, დაზარალებულთათვის ფულადი დახმარების გაცემა, ვწუხვართ, მაგრამ არ განეკუთვნება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას,”- 2007 წლის 7 მაისის დუშეთის გამგებლის, გ. ბერბერაშვილის საპასუხო განცხადება.

”გატყობინებთ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეძენილი აქვს ბინები კახეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც შესაძლებელია თქვენი განსახლება… გთხოვთ, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, მიმართოთ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.”- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ლაშა ჯანაშვილის 2010 წლის 20 მაისის წერილი ვეძათხეველებს.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ დახმარებას. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანანა ნარიმანიძე ამბობს, რომ კახეთსა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებში ჩასახლება მხოლოდ „ზოგადი მონახაზი“ იყო:

 

 

”არ აქვს მნიშვნელობა, სად დამასახლებენ, მთავარია, აქაურობას გავექცევი. წვიმის დროს სახლიდან გამოვდივართ, რომ ნანგრევების ქვეშ არ მოვყვეთ,- გვიამბობს ვეძათხევის მკვიდრი გელა ზვიადაური და სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე გავრცელებულ მეწყერს გვაჩვენებს. ვეძათხეველების თქმით, მეწყერი სოფელს სამხრეთ-დასავლეთიდანაც ემუქრება.

”ადრეც ჩამოდიოდა ხოლმე მეწყერი, მაგრამ ასე ხშირად არა. 2005 წლიდან განსაკუთრებით გახშირდა დამეწყვრა,”- ამბობენ ვეძათხეველები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე სამი სახლი დგას. ერთი მეწყერმა მთლიანად დაანგრია და მასში აღარავინ ცხოვრობს. დანარჩენ ორში კი, დიდი რისკის მიუხედავად, გელა ზვიადაურის ექვსსულიანი და ელენე მინდიკაურის ხუთსულიანი ოჯახები მაინც ცხოვრობენ.

ელენე მინდიკაური თავისი სახლისკენ მიგვიძღვება. გეზი სოფლის ცენტრისკენ ავიღეთ. ცენტრში ერთადერთი წყაროა, რომლითაც სოფელი მარაგდება. ვეძათხეველები ამბობენ, რომ წყალს ხანდახან წურბელები მოჰყვება. ცენტრის ზემოთ, ორღობეების გადაკვეთაზე რამდენიმე საფლავს ჩავუარეთ. აღმართის ბოლოს მინდიკაურების სახლიც გამოჩნდა. მინდიკაურების ეზოს ჭიშკარი არ აქვს. მავთულის ღობესთან რამდენიმე თლილი ქვა დევს, რომელსაც კიბის ფუნქცია აქვს.

ნახევრადმიწური სახლის ორ ოთახში მინდიკაურების ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს. მინდიკაურების სახლს მეწყერი ოთხი მეტრით მიუახლოვდა.  

”ჩვენს სახლზე პირველი კატეგორიაა გაცემული (აღწერის შედეგად)… დანგრეული. რვასულიანი ოჯახი ორ ოთახში ვცხოვრობდით. გერს შვილი შეეძინა და სხვა გამოსავალი რომ არ იყო, მეზობელ სოფელში 40 ლარად ბინა ვიქირავეთ,”– ელენე მინდიკაური.

მინდიკაურების თვიური შემოსავალი სოციალური დახმარებებიდან მიღებული 80 ლარია. ოჯახი სოფლის მეურნეობასაც მისდევს. მას შემდეგ, რაც მეწყერმა მინდიკაურების ორად-ორი მსხვილფეხა საქონელი ჩაიყოლა, მიწათმოქმედების იმედად დარჩნენ. ეზოში დათესილი სიმინდი გაზაფხულის მეწყერს გადაურჩა, კარტოფილი კი მეწყერმა ჩაიტანა. ელენე ამბობს, რომ წელს სიმინდს მაინც აიღებს, მაგრამ გაისად მიწის დამუშავებას აზრი აღარ ექნება.  

ვეძათხევში 18 ოჯახი 14 სახლში ცხოვრობს. 2006 წლის ოფიციალური მონაცემებით, სოფელში 28 ოჯახი და 68 სული არის რეგისტრირებული. ვეძათხეველების თქმით, სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება. სახელმწიფოსგან ყურადღებას სტიქიის პირისპირ დარჩენილებიც ელიან. მათ, უკეთეს შემთხვევაში, დუშეთის რაიონის სხვა სოფლებში დასახლება სურთ, ან საქართველოს სხვა რეგიონებში დასახლებაზეც თანახმა არიან.

დამშვიდობების დრო დგება. ვაძათხეველები სოფლის ბოლომდე გვაცილებენ. ისინი იმ იმედით გვემშვიდობებიან, რომ ჟურნალისტების სტუმრობა პრობლემებს მოუგვარებს და შემდეგი მეწყერის ჩამოწოლამდე სახელმწიფო საცხოვრებელ ფართს სხვა სოფელში გამოუყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი