საზოგადოება

გამოუძიებელი დაბინძურება

30 ივლისი, 2010 • 4247
გამოუძიებელი დაბინძურება

მდინარე მაშავერა
მდინარე მაშავერა

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე არ გაურკვევიათ, არის თუ არა მდინარე მაშავერას მძიმე ლითონებით დაბინძურების მიზეზი სააქციო საზოგადოება ”მადნეულის” საქმიანობა. გარემოს დაცვის მინისტრი მაისში ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია საწარმოს შესამოწმებლად შევიდა, თუმცა ინსპექციის უფროსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

ნეტგაზეთის მიერ  მოკვლეული ინფორმაციით, მდინარე მაშავერაზე  მძიმე ლითონების კონცენტრაციამ  მაისსა და ივნისში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენცენტრაციას გადააჭარბა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტმამენტი დღემდე იკვლევს, რა იყო ამის მიზეზი.

მაისში ჭარბი ნალექების გამო, ”მადნეულში” პრობლემები შეიქმნა, რაც   მდინარის დაბინძურების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

ცხრილში მოცემული ინფორმაცია, მდინარე მაშავერაში მძიმე ლითონების კონცენტრაციის შესახებ, ნეტგაზეთს  გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემთხვევით მისცეს, გეგმური მონიტორინგის შედეგების ნაცვლად. ნეტგაზეთმა იმავე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ოფიციალურად გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სააგენტოსგან საჭირო დოკუმენტი ვერ მიიღო, ნეტგაზეთმა გადაწყვიტა, რომ შემთხვევით მოპოვებული ინფორმაცია გამოექვეყნებინა.

მდინარე მაშავერაზე წყლის სინჯები, გარემოს დაცვის ინსპექციის დაკვეთით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არაგეგმურად 2010 წლის 8 ივნისს აიღო. მოცემულ ცხრილში ჩანს, რომ მძიმე ლითონების კონცენტრაცია მდინარე მაშავერაში ბევრად აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. მათ შორის, სპილენძის კონცენტრაცია 14-ჯერ, თუთიის – 5-ჯერ, რკინის – 9-ჯერ და მანგნუმის 2-ჯერ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

ცხრილი #1: 8 ივნისის სინჯების შედეგები

ლითონის დასახელება

სპილენძი

Cu

თუთია

Zn

რკინა

Fe

მანგანუმი

Mn

ლითონის შემცველობა მაშავერაში კაზრეთულას შესართავიდან დაახლოებით 100 მეტრის ზემოთ 

0,103 მგ/ლ

0,004 მგ/ლ

0,252 მგ/ლ

0,025 მგ/ლ

ლითონის შემცველობა მაშავერაში კაზრეთულას შეერთებიდან 500 მეტრის ქვემოთ 

14,71 მგ/ლ

5,864 მგ/ლ

9,66 მგ/ლ

2,39 მგ/ლ

ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 

1.0 მგ/

 

1.0 მგ/

 

0.3 მგ/ 

0.1 მგ/ 

 

 

გარემოს ეროვნულმა  სააგენტომ სინჯები იმავე ადგილას, ხელმეორედ, 21 ივნისს, ანუ 13 დღის შემდეგ აიღო .

ცხრილი #2 : 21 ივნისის სინჯების შედეგები

ლითონის დასახელება

სპილენძი

Cu

თუთია

Zn

რკინა

Fe

მანგანუმი

Mn

ლითონის შემცველობა მაშავერაში კაზრეთულას შესართავიდან დაახლოებით 100 მეტრის ზემოთ 

0,010 მგ/ლ

0,017

მგ/ლ

0,494 მგ/ლ

0,046

მგ/ლ

ლითონის შემცველობა მაშავერაში კაზრეთულას შეერთებიდან 500 მეტრის ქვემოთ 

1.011

მგ/ლ

2,698 მგ/ლ

1.011 მგ/ლ

1.095

მგ/ლ

ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 

1.0 მგ/

 

1.0 მგ/

 

0.3 მგ/ 

0.1 მგ/ 

 

 მეორედ მიღებულ შედეგებში კონცენტრაციის დონე შემცირებულია, თუმცა კანონით მოთხოვნილ ნორმებს მაინც არ შეესაბამება.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ გვახარიას თქმით, მდინარის ერთსა და იმავე წერტილში სხვადასხვა დროს აღებულ წყლის სინჯებში მავნე ნივთიერებათა განსხვავებული კონცენტრაციის მიღება შესაძლებელია. მდინარის დაბინძურება შეიძლება ნალექების სიუხვით იყოს გამოწვეული. სწორედ ეს შეიძლება გამხდარიყო საწარმოში დაგროვილი დაბინძურებული წყლის ერთბაშად, ანუ ზალპურ ჩაშვების მიზეზი. 

პროფესორ გვახარიას თქმით, თუ მდინარეში დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვება შეწყდება, წყლის ხარისხის გაუმჯობესება მოკლე ხანში, ერთ-ორ დღეში მოხდება.

კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც მაშავერაში მძიმე ლითონების შემცველობას ასახავს, თვით საწარმო ”მადნეულს” უნდა ქონდეს, რადგან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის  მიღების  დროს,  ზედაპირულ წყლებზე, მათ შორის, მდინარე მაშავერაზე, მონიტორინგი მას დაევალა. საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიხედვით, თვითმონიტორინგის შედეგების სამინისტროსთვის  წარდგენა საწარმოს არ ევალება.

თუმცა პროფესორი  გვახარია განმარტავს, რომ  თვითმონიტორინგის შედეგები საჯარო ინფორმაციაა და საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია გარემოს დაბინძურების ყველა კონკრეტული ფაქტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.

ნეტგაზეთმა თვითმონიტორინგის ანგარიშების გაცნობის თხოვნით, საწარმო ”მადნეულს” წერილობით 2010 წლის 25 მაისს მიმართა, თუმცა მისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.

თეორიულუად,  ”მადნეულის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, ზედაპირული წყლების, ანუ მდინარეების დაბინძურების ერთ-ერთი წყარო შეიძლება  ”მადნეულის” პირველი და მეორე სანაყაროების ჩამონადენები და გამონაჟონი წყალი გახდეს. წყლის გამოჟონვა დამჭერი დამბიდან ხდება, შემდეგ წყალი მდინარე კაზრეთულაში ჩაედინება, კაზრეთულა კი მაშავერას უერთდება.

ასეთი სიტუაციების აღსაკვეთად, გამამდიდრებელი ფაბრიკის მახლობლად, მარეგულირებელი მოცულობის მოწყობაა გათვალისწინებული, სადაც ნამატი წყლების დაგროვება და შემდეგ მათი ტექნოლოგიურ ციკლში დაბრუნება მოხდება. ჭარბი წყლის დაგროვების შემთხვევაში, მათი კირით დამუშავების შემდეგ, მდინარე კაზრეთულაში ჩაშვება. მაისში ჭარბი ნალექების გამო, საწარმოს კარიერში დაგროვილ წყალთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას ნეტგაზეთთან საუბარში ”მადნეულის” დირექტორი გიორგი დევაძეც ადასტურებდა.

გარემოს დაცვის მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ ნეტგაზეთთან მაისში ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საწარმოში სიტუაციის შესასწავლად, გარემოს დაცვის ინსპექცია შევიდა.

თუმცა რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა ლევან მხეიძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მან ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია საწარმოს შიგნით არ შესულა. მან მხოლოდ საწარმოსთან ახლოს ჩამავალ მდინარე მაშავერას სინჯები აიღო და საგამოძიებო ჯგუფს გადასცა.

წყლის სინჯები საგამოძიებო დეპარტმანეტმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს შეუკვეთა. საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი კობა გოგიბერიძე ამბობს, რომ კომისიური ექსპერტიზა, მდინარე მაშავერას სინჯების შემოწმებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. გოგიბერიძე აცხადებს, რომ შედეგების მიღება ”გონივრულ ვადაში” მოხდება.

ნეტგაზეთმა პროფესორ ვახტანგ გვახარიას, რომელიც  სამეცნიერო-კვლევით ფირმა”გამას” ხელმძღვანელია, ჰკითხა, თუ, ზოგადად, რა დროა საჭირო წყლის ყველა მონაცემების ლაბორატორიაში შესამოწმებლად. ჩვეულებრივ, ”გამაში” წყლის სრული ანალიზის განხორციელებას 10 დღეს ანდომებენ.

მაშავერას წყლის სინჯების აღებიდან კი თითქმის 2 თვე გავიდა.

უცნობია,  რისი დადგენა სურს ექსპერტიზით საგამოძიებო დეპარტამენტს  და რა გააკეთეს ორი თვის განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისმა უწყებებმა, რომ დაედგინათ, არის თუ არა მაშავერას დაბინძურების წყარო ”მადნეული”.  მათ ნეტგაზეთის ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვეს.

თუკი საბოლოოდ დადასტურდება, რომ  მაშავერაში მძიმე ლითონების კონცენტრაციის გაზრდა ”მადნეულის” გამო მოხდა, საწარმო უნდა დაჯარიმდეს.

ინფორმაცია კი მოსახლეობისთვის საჯარო უნდა იყოს. საჯაროობას, საქართველოს კანონმდებლობის გარდა, ორჰუსის კონვენციაც უზრუნველყოფს. 

ამავე თემაზე 

მადნეული – დაბინძურების წყარო

მასალების გადაბეჭდვის წესი