საზოგადოება

პრეზიდენტი სოციალურ სამართლიანობაზე

10 ივნისი, 2010 • 1486
პრეზიდენტი სოციალურ  სამართლიანობაზე

„ახლა აქ არის ისეთივე კვება, როგორც შეიარაღებულ ჯარებში.  უნდა მიხაროდეს? არ ვიცი, არა მგონია. მაგრამ ის მიხარია, რომ ჯარივით კვება რომაა, ეს შეიძლება არ არის სოციალურად სამართლიანი, მაგრამ სამართლიანია იმ ოჯახების მიმართ, რომლებსაც მოეხსნათ ტვირთი  პატიმრების შენახვის” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ივნისს.

 საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება 1 ივნისს ქალაქ რუსთავში სასჯელაღსრულების № 1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების გახსნისას გააკეთა.

პატიმრების კვებას 2007 წლის ოქტომბრიდან  კომპანია ”მეგაფუტი” უზრუნველყოფს.  კომპანიის პიარმენეჯერის ნინო მამალაძის ინფორმაციით, დღგ-ს ჩათვლით თითოეული პატიმრის კვებაზე დღეში 2,96 ლარი იხარჯება. მისივე თქმით, კვება სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ერთნაირია.

სამხედროების კვებისთვის ორჯედ მეტი ულუფაა გათვალისწინებული ვიდრე პატიმრებისთვის. სამხედროების დღიურ საკვებში შედის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტები, როგორებიცაა: ბოსტნეული, ხაჭო, ყველი, კარაქი, რაც, მაგალითად, არ არის გათვალისწინებული პატიმართა კვებისათვის. შესაბამისად,  საქართველოს კანონმდებლობით, პატიმართა კვებისათვის უფრო ნაკლები თანხა იხარჯება და დღიური ულუფის ოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე სამხედროების შემთხვევაში – განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ანა შალამბერიძე, რომელსაც ნეტგაზეთმა პატიმრებისა და ჯარისკაცებისთვის საკვების დადგენილი სტანდარტების შესახებ განმარტება სთხოვა:

 

ანა შალამბერიძე:

 საქართველოს კანონის „პატიმრობის შესახებ“ 36–ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია, მსჯავრდებულის დასჯის მიზნით, საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.“ იმავე მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, „მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი.“ ამავე კანონის 42–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახური ან ექიმი ვალდებულია, რეგულარულად შეამოწმოს „მსჯავრდებულთათვის მიცემული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ–ჰიგიენური პირობები.“ პატიმრების კვების შესახებ ინფორმაცია, სასურსათო ულუფების ოდენობა დაწვრილებით მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში.  ასევე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასურსათო ულუფა თვეში 90 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

პატიმართა კვების წესების შესახებ ევროპული სტანდარტები ევროპული ციხის წესების შესახებ 2006 წლის 11 იანვრის რეკომენდაციაშია მოცემული, რომლის თანახმად „პატიმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სათანადო საკვების რაციონით, მათი ასაკის, ჯანმრთელობის და ფიზიკური მდგომარეობის, რელიგიის, კულტურის და მუშაობის ხასიათის გათვალისწინებით.

საკვების რაციონის მოთხოვნები, როგორებიცაა კალორიულობა და ცილების შემცველობა, ეროვნული კანონმდებლობით უნდა იყოს გათვალისწინებული. საკვების მომზადება და საჭმელად გამოტანა ჰიგიენურ პირობებში უნდა ხდებოდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს სამჯერადი კვება, გონივრულ ინტერვალებში. პატიმრებისათვის სუფთა სასმელი წყალი ნებისმიერ დროს უნდა იყოს  ხელმისაწვდომი. ექიმმა ან კვალიფიციურმა მედდამ უნდა მოითხოვოს საკვები რაციონის შეცვლა კონკრეტული პატიმრისათვის, როდესაც ეს სამედიცინო მოსაზრებით საჭიროებას წარმოადგენს.“

აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფომ დაწვრილებითი წესები და ულუფის ოდენობა თვითონ უნდა დაადგინოს, რომელიც ამ საერთაშორისო ზოგადი სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს. ამასთან, რეკომენდაციის თანახმად, საკვების შესაბამისობის ხარისხის დადგენა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვალიფიციურ მედდას ევალება.

გამოდის, რომ ისიც (მედდა) ჩართულია ამ პროცესში და მუდმივად ამოწმებს საკვების ხარისხიანობას და საჭირო სტანდარტების ნაკლებობის შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაციას მის გასაუჯობესებლად მიმართავს.  პატიმართა მდგომარეობასა და ციხის საყოფაცხოვრებო პირობებზე მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს ციხეებში სახალხო დამველის აპარატი.

ციხეებში პატიმართა კვების შესახებ მდგომარეობა სახალხო დამცველის 2009 წლის პიველი ნახევრის ანგარიშშია მოცემული. გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად 2009 წლის 14 ივლისის N10/08/2–10547 წერილით სახალხო დამცველს ეცნობა, რომ „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საკვების უხარისხობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სისტემის არცერთი დაწესებულების ექიმს შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.“

გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრები საკმაოდ ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველის რწმუნებულებს საკვების უხარისხობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებულების ექიმის კონტროლი საკვების ხარისხსა და კალორიულობაზე ფორმალურ ხასიათს ატარებს. აღნიშნულის მიზეზად შეიძლება ისევ და ისევ სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა მივიჩნიოთ. სახალხო დამცველს განსაკუთრებით ხშირად ქსნის N7 დაწესებულების პატიმრები მიმართავენ.

რაც შეეხება სამხედროების კვებას, ამ საკითხს თავდაცვის მინისტრის ბრძანება არეგულირებს, სადაც ჩამოთვლილია ის საკვები პროდუქტები, რომლებითაც ჯარისკაცები იკვებებიან, ასევე ულუფების ოდენობა გრამებში. თუ პატიმრების ულუფების დღიურ ოდენობას სამხედროებისას შევადარებთ, აშკარად დიდ განსხვავებას დავინახავთ.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ ჯარისკაცი მუდმივ წვრთნასა და მომზადებაში იმყოფება, ამიტომ მის კვებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. პატიმარი კი დახურულ სივრცეშია და მას ფიზიკური დატვირთვა არ უწევს. შესაბამისად, პატიმარს არ სჭირდება ისეთი რაციონი, როგორიც სამხედრო მოსამსახურეს.

„სამხედრო მოსამსახურეების კვებაზე საბჭოთა კავშირის დროს მთელი აკადემია მუშაობდა. ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა აქვთ და, შესაბამისად, ფიზიკური დატვირთვის პირობებში მას სჭირდება შესაბამისი კალორიული რაციონი, ადგილმდებარეობის, ჰავის, კლიმატის დატვირთვებისა და ფუნქციების მიხედვით. პილოტებს სხვა ტიპის კალორიული დატვირთვა სჭირდებათ, სახმელეთო ჯარებს სხვა ტიპის, საზღვაოს სხვა ტიპის და ასე შემდეგ. ამის მიხედვით განისაზღვრება შემდგომში უკვე (რაციონი), ეს რეგულირდება პრეზიდენტის ბრძანებულებით და წინასწარ არის განსაზღვრული ის, რაც უნდა მიიღონ ჯარისკაცებმა. კანონი არეგულირებს ორივე რაციონს“, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი