საზოგადოება

EU მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთისთვის ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს – სტანო

4 თებერვალი, 2023 • 4712
EU მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთისთვის ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს – სტანო

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე ნეტგაზეთის კითხვებს წერილობით უპასუხა. ის ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, საავიაციო სექტორში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.

ნეტგაზეთმა სტანოს გაუგზავნა კითხვა, თუ როგორ განიხილავს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო განახლებას.

სტანოს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რათა რუსეთმა მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს.

„ვიცით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლოდროინდელი განხილვების შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ავიაციას და აკრძალა ფრენები რუსეთისმიმართულებით, რუსეთიდან ან მის გავლით.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს და შეინარჩუნოს სიფხზლე სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი შესაძლო მცდელობის მიმართ. ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი განიხილავს, რომ სანქციები დაუწესოს მათაც, ვინც მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას“, – აცხადებს სტანო.

ამასთან, პიტერ სტანო ხაზს უსვამს იმასაც, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების ფლოტს განახლება უჭირს და ამიტომ ისინი საფრთხისშემცველია.

„უფრო მეტიც, გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ უსაფრთხოების გამო რუსეთთან დაკავშირებით გამოთქმული მნიშვნელოვანი შეშფოთების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავი თავის ტერიტორიაზე. ევროკავშირის სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და გაუმჯობესება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, – განუცხადა პიტერ სტანომ ნეტგაზეთს.

რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენას გამოეხმაურას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.  სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.


18 იანვარს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო:

„საქართველოს უნარი, გაუძლოს ზეწოლას დასავლეთისგან, რომელიც ღიად მოითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იწვევს“, — განაცხადა ლავროვმა და დაამატა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ იქნებოდა:

ამ განცხადებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური კომენტარი გაავრცელა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის წინააღმდეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი