შავი ზღვის ორაგული საფრთხეშია

შავი ზღვის ორაგულს გადაშენების საფრთხე ემუქრება. გარემოსდამცველების ინფორმაციით, მდინარეები, რომლებშიც თევზის ეს სახეობა ტოფობას, ანუ ქვირითობას აწარმოებს, მაჭახელა და კინტრიშია. მდინარე მაჭახელაზე ჰიდროპროექტების განხორციელების მიზნით ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა, კინტრიშთან კი ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა ააშენეს, რაც სამომავლოდ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღების შესაძლებლობის ეჭვს აჩენს.

შავი ზღვის ორაგული  საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არალეგალური მოპოვების გარდა, კანონმდებლობითაა აკრძალული ყოველგვარი ქმედება, რამაც შეიძლება მისი შემცირება ან საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება გამოიწვიოს.

შავი ზღვის ორაგული გამსვლელი თევზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასამრავლებლად ის მდინარეებში შედის, მისი ქვირითობის პერიოდი კი მარტიდან ივლისამდე გრძელდება. მცირე მოზარდები მდინარეში 1-3 წლამდე რჩებიან, შემდეგ კი ზღვაში ჩადიან, ინტენსიურად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მდინარეში ბრუნდებიან, სადაც მათი სქესობრივი მომწიფება სრულდება.
ორაგული, რომელსაც შავი ზღვის კალმახსაც უწოდებენ, მდინარის კალმახისგან ძირითადად სწრაფი ზრდითა და მაღალი ნაყოფიერებით განსხვავდება, განსხვავებული აქვს მას ასევე სხეულის ფორმა და შეფერილობაც, რაც ზღვის პირობების გავლენითაა გამოწვეული. მდინარეში ის ძირითადად კიბოსნაირებით, მწერითა და მატლებით, ზღვაში კი თევზებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით იკვებება. ორაგული მდინარეში გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე –  ზღვაში.

ორაგულის სატოფო ადგილები ძირითადად მდინარის შუა წელში და ზემო დინებაში, თხელწყლიან ან ქვა-ქვიშიან ადგილებშია განლაგებული.

ორაგული ქვირითს მის მიერ ამოთხრილ ორმოში ყრის, ქვირითის განაყოფიერებაში მანაწილეობს, აგრეთვე, მდინარის კალმახი, ტოფობის შემდეგ კი ორაგული ისევ ზღვაში ბრუნდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, შავი ზღვის ორაგული ბუნებრივ ქვირითობას საქართველოში სულ ორ მდინარეში – კინტრიშსა და მაჭახელაში აწარმოებს. „გვაქვს ასევე მდინარეები აფხაზეთის მონაკვეთზე, სადაც ორაგული ასევე ახორციელებს ტოფობის კამპანიას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მათ ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ, თუ კინტრიშის ცოცხალ კვეთაში ორაგულის მიგრაციის პერიოდში ადგილი ექნება ინერტული მასალების მოპოვებას ან სხვაგვარ ტექნიკურ მანიპულაციებს, ეს გამოიწვევს წყლის ამღვრევის მომატებას, რაც პირდაპირ ორაგულის მიგრაციის შემაფერხებელი გარემოებაა. ეს წარმოქმნის თევზის დაფრთხობის ფაქტორს.

როდესაც შავი ზღვის ორაგული მდინარე კინტრიშში აღმართობს, ის სადღაც ხინოს მიდამოებში, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ყრის ქვირითს და მის გარეთაც ის საკმაოდ ზევით ადის. ამ დროს ნებისმიერმა მანიპულაციამ მდინარეში შეიძლება ჩაშალოს მისი ტოფობის კამპანია, ორაგულმა ვერ ააღწიოს საქვირითოებამდე და ტოფობის კამპანია ჩავარდეს, ანუ იმ წელს ჩვენ ორაგულის ახალი თაობა ვერ მივიღოთ, რასაც ძალიან ნეგატიური ასახვა მოყვება და ორმაგად დაამძიმებს ამ სახეობის ისედაც მძიმე სტატუსს.“

საქართველოს წითელ ნუსხაში შავი ზღვის ორაგულის სტატუსი _ გადაშენების პირას მყოფი სახეობა-  მისი კეთილდღეობის მდგომარეობას განსაზღვრავს. არჩილ გუჩმანიძის თქმით, ამ  შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ორაგული შავი ზღვის ენდემური ფორმაა, რომელიც მხოლოდ შავი ზღვის აუზში გვხვდება. ბოლო კვლევის დროს, რომელიც ორაგულის მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარდა, შავი ზღვის ექვსივე ქვეყანა დაეთანხმა, რომ ორაგულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კავკასიის სანაპიროა.“

მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალების ამოღებაზე ოფიციალური ნებართვა ამ დროისათვის გაცემული არ არის. შპს „ლეგის“ დამფუძნებელი ზურაბ მიქელაძე, რომლის კომპანიასაც სოფელ ხუცუბანში მდინარე კინტრიშზე ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა  ეკუთვნის, „ბათუმელებს“ არწმუნებს, რომ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღება არ იგეგმება- „ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული ოზურგეთში, საიდანაც ქვიშას შემოვიტანთ, ინერტულ მასალებს მდინარიდან არ ამოვიღებთ, ხდება თუ არა ამოღება? _ ეს არ ვიცით, შესაბამის ორგანოებთან გადაამოწმეთ.“

„ჩვენ მდინარიდან ინერტულ მასალებს არ ვიღებთ“ – უთხრა „ბათუმელებს“  საწარმოს დირექტორმა გიორგი მიქელაძემ. კითხვას –  აწარმოებენ თუ არა ამოღებას სხვები, მან არ უპასუხა.

შავი ზღვის ორაგული ტოფობის კამპანიას მდინარე მაჭახელაშიც აწარმოებს, ამ მდინარეზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა იანვარში ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო განცხადების მიხედვით, მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც გარემოსდამცველების განმარტებით, ამ მდინარის ეკოსისტემასაც გაანადგურებს.

ორაგული, არჩილ გუჩმანიძის ფოტო
ორაგული, არჩილ გუჩმანიძის ფოტო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ცაგო კახაბერიძე, გაზეთი „ბათუმელები“