საზოგადოება

სოლიდარობის აქცია – “მე ვკითხულობ პრესას”

29 ნოემბერი, 2011 • 1203
სოლიდარობის აქცია – “მე ვკითხულობ პრესას”

დღეს თბილისის მერიის შენობის წინ მედიის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და მოქალაქეების მონაწილეობით  გაიმართა აქცია სახელწოდებით –“მე ვკითხულობ პრესას”.

აქცია პრესის წარმომადგენლების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა, რადგან თბილისის მერიის მიერ ინიცირებული “1000 ჯიხურის” პროგრამის ფარგლებში აუქციონი გამოცხადებულია იმ ტერიტორიაზეც, სადაც პრესის გამავრცელებელი ჯიხურები წლების მანძილზე იყო განთავსებული.

აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიაჩნია, რომ ინიციატივა პრესის და თავისუფალი სიტყვის გავრცელებას შეუშლის ხელს.

პრესის ასოციაციის წარმომადგენელი და გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი  ელისო ჩაფიძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია აუქციონის შეჩერება.

“პრესა არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, მას აქვს საზოგადოებრივი  მნიშვნელობა და პრესამ უნდა შეინარჩუნოს ის ადგილები, სადაც ის იყიდება,” – აცხადებს ელისო ჩაფიძე.

თინათინ ჭავჭავაძე უკვე 14 წელია პრესის გამავრცელებელ ჯიხურში მუშაობს. აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ სამსახური არ დაკარგოს:

“მე ვინღა დამაწყებინებს მუშაობას, თუ ახალი ტენდერი გამოცხადდა, ამიტომ ვარ აქ,” – აცხადებს ის.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმსარულებელი დირექტორი ნათია კუპრეიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შაურმა და გაზეთი ერთი და იგივე პროდუქტია: “ და არ მინდა, რომ ასე აღიქმებოდეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, დღეს ამიტომ ვარ აქ.“

ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ აუქციონის პირობებში დიდი ალბათობით ჯიხურებში პრესას არ განათავსებენ, რადგან: “დისტრიბუციის პრობლემა აქვს ზოგადად მედიას, ამიტომ, როდესაც ჯიხურებს არ ექნებათ ვალდებულება, რომ პრესა გაყიდოს, თავისი ნებით არ გაყიდის გაზეთებს, რადგან შაურმის გაყიდვა უფრო მომგებიანი იქნება”.

კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელმა მაგდა პოპიაშვილმა აქციაზე აღნიშნა, რომ კოალიციამ გიგი უგულავას შეხვედრის გამართვის ინიციატივით მიმართა, რომ საკითხი დარეგულირდეს. მათი მოთხოვნაა, შეწყდეს აუქციონი, სანამ პრესის გავრცელების თაობაზე მყარი გარანტიები არ იქნება:

“ ჩვენ შეგვაქვს განხადება ოფიციალურად თბილისი მერის სახელზე და დაველოდებით, რა პასუხს მივიღებთ. განცხადებას ხელს არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აწერენ”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ გაზეთის კვების პროდუქტებთან და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებთან ერთად დაყენება არასწორია, რადგან მოგებას კვების პროდუქტები უფრო მოიტანს:

“ამიტომ ვსვამთ ასე საკითხს, რომ ის ჯიხურები, რომლებიც მხოლოდ გაზეთების, ჟურნალებისა და წიგნების გავრცელებით არიან დაკავებულნი, არ ავურიოთ სხვა ტიპის ჯიხურებში. იმიტომ, რომ მეწარმე არის ორიენტირებული მოგებაზე. რა თქმა უნდა, მას ურჩევნია გაყიდოს ის პროდუქტი  იმ ექვს კვადრატულ მეტრიან ფართობში, რომელიც მეტ მოგებას მოუტანს. გაზეთი კი ასეთ შესამჩნევ ცვლილებას მას არ მოუტანს.”

აქციას ესწრებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც პრესის მხარდასაჭერად მივიდნენ: ქალბატონი ლიანა ამბობს, რომ ყოველთვის ეცნობა პრესას , “ასავალ–დასავალს”, “ქრონიკას”, ნაწილს მეზობლები ყიდულობენ და ერთმანეთს უცვლიან.

“ გაზეთები რომ ვერ ვიყიდო, ვერ გადავრჩები,” – აღნიშნავს ქალბატონი ლიანა.

აქციას ესწრებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, მათ შორის იყო კობა დავითაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ თანმიმდევრული შეტევა მიმდინარეობს სიტყვის თავისუფლებაზე:

“ეს დაიწყო მედიაპალიტრის ფინანსური შემოწმებით, რასაც მოყვა ანძის პრივატიზაცია და ჯიხურების საკითხიც ამბის ლოგიკური გაგრძელებაა, რაც თავისუფალი სიტყვის მოსპობის ერთიან გეგმაში ჯდება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს”.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თინა ხიდაშემა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა ყველა გზას უნდა მიმართონ, რათა ხელისუფლებამ უკან დაიხიოს:

“მე მივმართავ პრესის წარმომადგენლებს, მათ შეუძლიათ რეკორდულად მცირე დროში ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ,” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამავე თემაზე:

პოლიტიკური პარტიების სოლიდარობა ბეჭდურ მედიას

”საია” პრესის ჯიხურების საკითხზე გამართულ აქციას შეუერთდება

მედია „ჯიხურების აუქციონს“ აპროტესტებს

ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

“ერთად სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას


მასალების გადაბეჭდვის წესი