საზოგადოება

16 ფაქტი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

28 ნოემბერი, 2011 • 4537
16 ფაქტი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო, 10 დეკემბრამდე გასტანს. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 16 ფაქტს აქვეყნებს.

 

ქალების 70%-ზე მეტი პარტნიორის მიერ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ოჯახური ძალადობის შემთხვევებს სწავლობდა, ქალებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა საზოგადოებებში. კვლევის მიხედვით,  იაპონიაში ქალებზე  პარტნიორების 15% ძალადობს. ეთიოპიასა და პერუში – 70 %. ქვეყნებს შორის კი საშუალო ციფრი 29–დან 62%-მდე მერყეობს.

ქალებზე ძალადობის წინასწარმეტყველება და პრევენცია შესაძლებელია

ქალებზე ძალადობის ინტენსივობა და ხარისხი განსხვავებულია თითოეულ ქვეყანაში. სოციალური, კულტურული და ეკონომიკური სიტუაციის იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია ძალადობის  გამოვლენა ვივარაუდოთ და, შესაბამისად, შევაჩეროთ ის. სკოლაში შესაბამისი პროგრამების არსებობით შესაძლებელია ბავშვობიდან გავაცნობიერებინოთ ადამიანებს ძალადობის მავნე ზეგავლენის შესახებ. შევამციროთ ალკოჰოლის მოხმარება და სოციალური და კულტურული ნორმების ცვლილებით, ასევე, ცნობიერების ამაღლებით  ძალადობის პრევენცია მოხდეს.

ქალების მიმართ გამოვლენილი ძალადობა ზემოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე

პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, როგორებიცაა:  დეპრესია, პოსტტრამვული აშლილობა, შფოთვა, სუიციდის მცდელობა და ტოქსიკომანია. ფიზიკური ძალადობას კი სხეულის დაზიანებამდე, ქრონიკული ტკივილის სინდრომამდე, გასტროენტერულ დარღვევებამდე და შეზღუდულ შესაძლებლობებამდე მიჰყავს ქალები. ძალადობას ასევე არასასურველი ფეხმძიმობის, აბორტისა და გინეკოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

ქალების მიმართ ძალადობა  ბავშვთა ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს

როდესაც ბავშვი ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის მოწმეა, ეს საფრთხეს უქმნის მის ნორმალური განვითარებას. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შემსწრენი გამხდარან, მოგვიანებით მათ სოციალური, ემოციური, კოგნიტური და ქცევითი პრობლემები აღენიშნათ, იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში იზრდებიან.

ქალთა მიმართ ძალადობა აივ ინფექციით დაინფიცირების საფრთხეს ზრდის

ინდოეთში, რუანდაში, სამხრეთ აფრიკაში, ტანზანიასა, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ გამოვლენილი სექსუალური ძალადობა აივ ინფექციით დაინფიცირების საფრთხეს ზრდის.

ქალთა მიმართ ძლადობა ხელისშემშლელია ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) მისაღწევად

2010 წლის MDG-ის მიმოხილვისას გამოიკვეთა, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციის და დედათა სიკვდილიანობის შემცირების პროგრესი ძალიან ნელია. სტაგნაციის მიზეზი კი ქალთა მიმართ ძალადობაა. კვლევების მიხედვით, ყოველ 4 ქალიდან ერთი ფეხმძიმობისას პარტნიორის მიერ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.  ფეხმძიმობის დროს ძალადობა მუცლის მოშლის საფრთხეს ზრდის, ასევე, ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის დაზიანებას იწვევს, რის გამოც ახალშობილები წონის დეფიციტით იბადებიან.

ქალთა მიმართ ძალადობა ეკონომიკურ განვითარებაზე ზემოქმედებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა წელიწადში 5,8 მილიარდი დოლარის ხარჯთანაა დაკავშირებული, რაც დაკავშირებულია სამედიცინო ხარჯებთან და არაპირდაპირ ხარჯებთან, როგორიცაა პროდუქტიული ადამიანის დაკარგვა.

ბავშვობაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი მამაკაცები 3-4 ჯერ მეტი ალბათობით პარტნიორზე მოძალადეები ხდებიან

ასეთი შედეგები გამოვლინდა კვლევის მიხედვით, როდესაც ბავშვობაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი მამაკაცები 3– ჯერ და 4–ჯერ მეტად ძალადობენ პარტნიორზე იმ მამაკაცებთან შედარებით, რომელთაც ბავშვობაში ტრავმული გამოცდილება არ ჰქონიათ.

მამაკაცები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ალკოჰოლს, ქალებზე ხშირად ძალადობენ

დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების დროს ქალებზე ძალადობის გამოვლენის 1.6–დან 4.8–მდე მეტი შანსია.

სექსუალური ძალადობა ფართოდ გავრცელებულია კონფლიქტური და პოსტკონფლიქტური გადაადგილების დროს

შეიარაღებული კონფლიქტების დროს, როდესაც  სოციალური დახმარების სტრუქტურების  ჩამოშლა ხდება, როგორიცაა ოჯახი და საზოგადოება, იზრდება ქალთა მიმართ ძალდობა. მაგალითად, გაუპატიურება მეომრების, პარტნიორებისა და ჰუმანიტარული აქტორების მხრიდან. მაგალითად, ქალი იძულებულია, სექსუალურ მომსახურებას დათანხმდეს საჭმლის სანაცვლოდ. გაუპატიურება მიჩნეულია ომისა და ეთნოწმენდის ტაქტიკად, როდესაც განსაკუთრებულად სასტიკი და დამამცირებელია ადამიანის მიმართ მოპყრობა, მათ შორის მამაკაცებზეც.

პროგრამები, რომლებიც ქალთა ხელმისაწვდომობას კრედიტებსა და ფინანსებზე გაზრდის, ასევე პროგრამები, რომლებიც ადამიანს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება, ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობას შეამცირებს

პროგრამა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში განხორციელდა, სახელით – მიკროსაფინანსო ჩარევა შიდსისა და გენდერული თანასწორობისთვის, იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია იმ ქალების მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც გაჭირვებულ ქვეყნებში სოფლად ცხოვრობენ  და რომელთაც ესაჭიროებათ ფინანსები აივ ინფექციის პრევენციისთვის (ქალებშიც და მამაკაცებშიც) და კულტურული ტრადიციებისა  და გენდერული ნორმების ხელახალი კონსტრუირებისთვის, რაც უშუალო კავშირშია გამოვლენილ ძალადობასთან. 2 წლის შედეგების მიხედვით, 55 %–ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა პარტნიორთა მხრიდან ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის კუთხით.

სკოლის პროგრამები, რომლებიც მოზარდობის  დროს ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად, საბოლოო ჯამში, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ემსახურება

უსაფრთხო პაემნების პროგრამა, რომელიც აშშ-ში განხორციელდა, 13-15 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამა გენდერული ნორმებისა და თანასწორობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, მანამ, სანამ სტერეოტიპები ჩამოყალიბდება.

მამაკაცების ჩართვა ქალთა ძალადობის პრევენციაში პოზიტიური შედეგების მომტანია

გამოკლვლევებმა აჩვენეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მავნე მასკულინური ნორმებისა და ძალადობის, როგორც სოციალური ნორმის, მიმღებლობასთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდა ბიჭები და ზრდასრული მამაკაცები, რომელთაც ხისტი შეხედულება აქვთ მასკულინური დომინანტობის შესახებ, უფრო ხშირად ხდებიან ქალთა მიმართ ძალადობის ავტორები. ამიტომ მამაკაცებთან მუშაობა გენდერული თანასწორობის კუთხით რეალურ შედეგს მოიტანს ქალთა ძალადობის პრევენციისთვის.

WHO, უზურუნველყოფს შემეცნებით პროგრამებს, რომლებიც ქალთა მიმართ გამოვლენილ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას შეამცირებს

WHO და მისი პარტნიორმა ორგანიზაციებამ შეიმუშავეს სახელმძღვანელო- ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია; გადადი მოქმედებაზე და მოაგროვე მტკიცებულებები – სადაც შეჯამებულია მტკიცებულებები და პროგრამები, რომლებიც ქალთა ძალადობის პრევენციას მოახდენენ.

WHO-მ შეიმუშავა რეკომენდაციები ჯანდაცვის მუშაკების მხარდასაჭერად, სექსუალური ძალადობის შედეგების აღმოსაფხვრელად

ეს რეკომენდაციები ემსახურება ისეთი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მხარდასაჭერად იქნება მიმართული. WHO და პარტნიორი ორგანიზაციები ავითარებენ ელექტრონულ პროგრამას მედიცინის მუშაკებისთვის, რომელშიც აღწერილია, როგორ უნდა იმუშავონ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან.

WHO მხარს უჭერს კვლევას ძალადობის მიზეზების გაგებისა და აღმოფხვრის შესახებ

ქალთა მიმართ ძალადობა აღიარებულია, როგორც მთავარი პრობლემა ჯანმრთელობისა და ადამიანთა უფლებების კუთხით, მაგრამ მასალების ნაკლებობა მიზეზებზე, მასშტაბებსა და შედეგებზე პრობლემის გადაწყვეტის საკითხს აფერხებს. მონაცემების შესაგროვებლად WHO-მ ინიცირება გაუკეთა პროექტს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობას შეისწავლის . WHO ასევე ეხმარება სექსუალური ძალადობის კვლევის ინიციატივას, მკვლევართა ჯგუფს, დონორებს და აქტივისტებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი