საზოგადოება

სატელევიზიო მედიასივრცის მონიტორინგის შედეგები

18 ოქტომბერი, 2011 • 1108
სატელევიზიო მედიასივრცის მონიტორინგის შედეგები
18 ოქტომბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ლევან მიქელაძის ფონდის ერთობლივი პროექტის “სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესებისთვის” შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა ნათია კაპანაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიში, რომელიც სამთვიანი მონიტორინგის შედეგებს მოიცავს.

”ეს არის კომისიის პრაქტიკული საქმინობის შესწავლის ანგარიში, მასში ყურადღება გამახვილებულია ინტერესთა კონფლიქტზე, სანქცირების მართლზომიერების საკითხზე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაზე და მისი კონტროლის მექანიზმებზე, ამასთანავე, ჩვენ განვიხილავთ წლიურ ანგარიშს, რომელიც კომისიამ დაგვიანებით გამოაქვეყნა”, – აღნიშნავს იურისტი.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც პროექტის პრეზენტაციზე აქტუალურად განიხილება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის საკითხს ეხება.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მეთერთმეტე მუხლის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლები და თავმჯდომარე არ უნდა იყვნენ პარტიის წევრები და არ უნდა ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, არ უნდა ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესები იმ საკითხების მიმართ, რაც კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება.

”ჩვენს ანგარიშში გამოკვეთილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი, რომელზეც ვრცლად პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ”, – აცხადებს ნათია კაპანაძე.

პრეზენტაციაზე, ასევე, აქტურად განიხილავენ საზოგადოებრივი დამცველის აპარატის არარსებობის საკითხს. იურისტი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ამ სამსახურის არარსებობით დღეისათვის არაეფექტურია მომხმარებელთა უფლებების დაცვა  კომუნიკაციების სფეროში.

საზოგადოებრივი დამცველს აპარატი, კანონის თანახმად, არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, მას უფლება აქვს, მომხმარებელთა ინტერესი დაიცვას, ასევე, მარეგულირებელ ორგანოში დავის დროს შეუძლია გამოვიდეს როგორც მხარე; მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების მომზადებაში, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.

”ჩვენს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული მარეგულირებელი ორგანოს უფლებაზე, რომლის თანახმადაც, ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს, პარლამენტში საკითხის, რომელიც კომუნიკაციის სფეროს ეხება, განხილვის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღოს,” -ამბობს იურისტი

მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია დღეს 14 საათზე თბილისი მერიოტში გაიმართება, სრულად კი, მონიტორინგის შედეგებს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ლევან მიქელაძის ფონდი საზოგადოებას დეკემბერში წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი