საზოგადოება

მოხალისეობის ტრადიცია საქართველოში

12 ოქტომბერი, 2011 • 2479
მოხალისეობის ტრადიცია საქართველოში

კვლევის შედეგების პრეზენტაცია
კვლევის შედეგების პრეზენტაცია

საქართველოში მოხალისეობის განვითარებას შესაბამისი ტრადიციისა და კანონმდებლობის უქონლობა უშლის ხელს. ასეთ დასკვნას აკეთებს “ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტი” იმ კვლევის შედეგად, რომელიც პროექტის  – ”სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში: ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო გამოცდილება” – ფარგლებში განახორციელა.

ზოგადად, მოხალისეობა გულისხმობს ადამიანთა მუშაობის პრაქტიკას შრომის ანაზღაურების გარეშე. მოხალისეობა ალტრუისტულ ქცევადაა მიჩნეული,  მისი მიზანია სხვა ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება, თუმცა მოხალისე თავადაც აგროვებს გამოცდილებას და სამუშაო უნარებს ივითარებს.

“ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბაშიშვილის თქმით, საქართველოს შრომის კოდექსში ”მოხალისის” სტატუსი არანაირი ფორმით არ არის დაფიქსირებული.

”დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ”მოხალისე”, როგორც წოდება, საქართველოს შრომის კოდექსში საერთოდ არ არსებობს,  შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსში ”დამსაქმებლისთვის” დადგენილი ვერც ვალდებულებებით და ვერც უფლებებით ”მოხალისე” ვერ ისარგებლებს. იმ შემთხვევაში, თუ  ”მოხალისე” დასაქმებულად გაფორმდება, მაშინ კანონი მასზე სრულად გავრცელდება და მოხალისეობრივი საქმიანობის არსი სრულად დაიკარგება,” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრობლემას, ასევე, ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რადგანაც მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ყველა ის თანხა იბეგრება, რომელსაც მოხალისეთა ქართული მასპინძელი ორგანიზაციები მოხალისეთა გამომგზავნი ევროპული ორგანიზაციებიდან იღებენ.

კვლევის შედეგების წარდგენისას ავტორებმა გლობალურ მოხალისეთა ორგანიზაციის ”EVS”–ის შესახებ ისაუბრეს, რომელშიც 300 მოხალისეა ევროპის 35 ქვეყნიდან ინტეგრირებული.

”“EVS”-ის მიერ მოხალისეზე გამოყოფილი თანხა 100 ევროთი შემცირდა, საქართველოში, როცა ეს თანხა ჩამოდის და კიდევ იბეგრება, ძალიან მცირე თანხა რჩება და რეალურად, საქართველოში ჩამომყვან ორგანიზაციას უწევს მისი ანაზღაურება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კველევაში ხასგასმულია ის კულტურული და ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც მოხალისეობის განვითარებას ხელს უშლის. კვლევის დროს გამოკითხულთა უმრავლესობამ მოხალისეობის არაპოპულარობის მიზეზად ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობის მაღალი დონე დაასახელა.

”ადამიანები, პირველ რიგში, ანაზღაურებად სამუშაოს ეძებენ და მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში, ფიქრობენ გარკვეული დროის გამოყოფას მოხალისეობისათვის”, – ნათქვამია კვლევაში.

გაეროს მონაცემებით, კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც  პოსტსაბჭოთა ქვეყნებს საბჭოთა კავშირის არსებობიდან მოჰყვება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოხალისის ინსტიტუტის არაპოპულარობაში.

საბჭოთა კავშირში მოხალისეობის ინსტიტუტი კომუნისტური იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი იყო, რაც ხშირად იძულებით და სავალდებულო შრომას გულისხმობდა. ამის გამო მოხალისეობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა შემორჩენილი ზოგიერთ საბჭოთა გამოცდილების მქონე ქვეყნებში.

თუმცა კვლევაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კულტურული მემკვიდრეობა მეორეხარისხოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისთვის. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობას მოხალისეობისადმი ნაკლები ინტერესი საბჭოთა მენტალიტეტით არ აუხსნია. პასუხებში, ძირითადად, ”მოხალისეობის ტრადიციის არარსებობა” და ”ქართული მენტალიტეტი” დაფიქსირდა.

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” 2007 წლის მონაცემებით, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 4.8%-მა მიიღო.

პროექტის– ”სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში, ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო პრაქტიკა”– ერთ-ერთი ავტორის, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის არჩილ აბაშიძის თქმით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით.
”2001 წლიდან ქვეყნების უმრავლესობამ დღის წესრიგში დააყენა მოხალისეობის სახელმწიფო პროგრამების შექმნის საკითხი. საქართველო  მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, რომელთაც ამ 10 წლის  მანძილზე მნიშვნელოვანი ძვრები განიცადეს. კარგი იქნება, თუ პოლიტიკის  შემქმნელები გააცნობიერებენ მოხალისეობის დადებით ეფექტს, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, დაზოგოს თანხები და ახალგაზრდების ენერგია მოახმაროს  საზოგადოების კეთილდღეობას, წარმატებულად გაუმკლავდეს კრიზისულ სიტუაციებს. სამწუხაროდ, ამის საჭიროება ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე დავინახეთ, რომელთაც ბუნებრივი კატასტროფები განიცადეს”, – ამბობს არჩილ აბაშიძე,
იმისათვის, რომ მოხალისეობის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებაში ინტერესი გაიზარდოს, პროცესში არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორის ორგანიზაციების ჩართვა აუცილებელია. კვლევის დროს გამოკითხულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადასტურეს მოხალისეებთან მუშაობის გამოცდილება.

“ევროპის სახლი” ახორციელებს პროგრამას ”მოხალისეობის ხელშეწყობა საქართველოში”. 2011 წელი ევროპაში მოხალისეობის წლად არის გამოცხადებული, აღნიშნული პროგრამის დაწყება სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება.

“ევროპის სახლის” პროგრამების ხელმძღვანელის რუსიკო ძიგრაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში უკვე ორი ღონისძიება ჩატარდა.

”მოხალისეებმა ყაზბეგისა და მცხეთის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და მოხალისეები სკოლებშიც იმუშავებენ საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, იგეგმება ”პოლიეთილენის პარკების” საწინააღმდეგო აქციის მოწყობა,” – აღნიშნა “ნეტგაზეთთან” საუბრისას პროგრამის ხელმძღვანელმა.

რუსიკო ძიგრაშვილის თქმით, პროგრამის ჩატარებისას მონაწილეობის შეგროვების პრობლემა ორგანიზაციას არ ჰქონია.

”ეს გახლავთ ჩვენი პირველი პროექტი, ვინაიდან “ევროპის სახლი” ვართ და ევროპული ღირებულებების გავრცელებას ვემსახურებით, ამიტომ განვახორციელეთ ეს პროექტი, რომელიც პატარა და მცირებიუჯეტიანი პროექტია. მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარობა არ გვიკვლევია, თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ მოხალისეობრივ საქმიანობას საქართველოში ხელშეწყობა ჭირდება”, – განაცხადა რუსიკო ძიგრაშვილმა.

კვლევის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, საჭიროა ქართული კანონმდებლობის ნაკლოვანების აღმოფხვრა. ქართულ კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ”მოხალისის” სტატუსი და ამის შემდეგ, შრომით კოდექსში განისაზღვროს მოხალისის უფლებები და მოვალეობები.

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსს, უნდა განისაზღვროს დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მოხალისეებთან ითანამშრომლებენ, რაც გულისხმობს შეღავათებს ევროპელ მოხალისეთა მასპინძელი ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

კვლევაში, ასევე, მოცემულია რეკომენდაციბი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. საჭიროა, რომ არასამთავრობო სექტორმა განახორციელოს პროექტები და ინიციატივები, რომლებიც საზოგადოებაში მოხალისეობრივი სამიანობის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი