საზოგადოება

რა ღირს სიცოცხლე

12 აგვისტო, 2011 • 2706
რა ღირს სიცოცხლე

ახლაც ვერ ვიხსენებ, რომელი ფეხი არ ჰქონდა ჩემს ბაბუას. ბავშვობაში უფროსი ძმა რკინიგზასთან ათამაშებდა. რამდენიმე ხნით უყურადღებოდ დატოვებულმა პატარამ ფეხი  რელსზე გადადო . . . მატარებლემა  გადაურა. გადარჩა. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა. იმ საავადმყოფოში, მგონი, დღესაცაა მისი სურათი. ყველანაირი ამქვეყნიური და კიდევ სხვა კანონების მიხედვით, იგი უნდა მომკვდარიყო. ბარძაყის პატარა ნაწილი დაუტოვეს. უცნაური დამთხვევაა. ბაბუას მამა, ჩემი დიდი ბაბუა საქართველოში მატარებლის ერთ–ერთი პირველი მემანქანე გახლდათ. იმ დღეს კი მისმა კოლეგამ ვერ შენიშნა მეგობრის რელსებზე მსხდომი  შვილი. შეიძლება ბავშვი შენიშნა კიდეც, მაგრამ მატარებელის გაჩერება ვერ მოასწრო. ბაბუა ინჟინერი გახდა. ცნობილი. კიდურის პროტეზით ხარაჩოებზე დარბოდა, სახლებსა და ძეგლებს აგებდა, ცურავდა, უყვარდა, სიცოცხლით ტკბებოდა. ყველაზე ძნელად ბებიას გარდაცვალება და პენსიაში გასვლა გადაიტანა. ოჯახში არასოდეს გვიგვრძვნია მისი უფეხობა. უნიკალური იუმორის გრძნობა ჰქონდა, სიცოცხლის უკანსაკნელ დღემდე მანქანას ატარებდა, საოცრად აქტიური იყო, მსოფლიოში ყველაზე მზრუნველი და ერთგული ქმარი, მამა და ბაბუა იყო. მსოფლიოში ყველაზე უგემრიელეს კერძებსა და მწნილებს ამზადებდა. რაც გარდაიცვალა, კომბოსტოს მწნილი არ გაგვიკეთებია. რადგან ეს მისი განსაკუთრებული რეცეპტით კეთდებოდა. სინამდვილეში კი არაფერი განსაკუთრებული. გემოს გარდა. ისევ ვძაბავ გონებას და ისევ ვერ ვიხსენებ, მარჯვენა არ ჰქონდა თუ მარცხენა.

 

რიკ ჰანსენი
რიკ ჰანსენი

როცა  საქართველოში  სამოქალაქო ომის წელი იდგა, ჩვენს სახლში ბიბლიოთეკის თაროზე ერთი ძალიან საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნი გაჩნდა. კანადელი რიკ ჰანსენის „ადამიანი მოძრაობაში“. სპორტსმენსა და შეჯიბრებების არაერთგზის  გამარჯვებულ რიკს 15 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად ზურგის ტვინი დაუზიანდა. რომ არა მისი ნებისყოფა და მიზანდასახულობა, ალბათ, მთელს თავის სიცოცხლეს საწოლში გაატარებდა. ის კი არა, როცა უნივერსიტეტში სახელოვნებო ფაკულტეტზე სწავლობდა, არავის ეგონა, რომ ეტლში მსხდომი რიკი დიპლომს არა სახელოვნებო, არამედ სპორტის დარგში აიღებდა. რიკ ჰანსენი პირველი ინვალიდი სპორტსმენი იყო, რომელსაც ამგვარი დიპლომი გადასცეს. პირველ კურსზევე  ეტლში მჯდომი რიკი საკალათბურთო გუნდის წევრიც გახლდათ. გუნდიც განსხვავებული იყო.  ბორბლებზე. იგი სხვადასხვა სახის შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას, არა ერთი  პარაოლიმპიური თამაშის გამარჯვებული და რვა მსოფლიო რეკორდის ავტორიც გახდა. წარმატებული სასპორტო კარიერის გარდა, იგი წარმატებული „ფანდრაიზერიც“ აღმოჩნდა. მისი სასპორტო აქციები, მათ შორის ჩინეთის დიდ კედელზე გასეირნება, ზურგის ტვინის დაავადების მქონე ადამიანებისთვის სოლიდური თანხის შეგროვების მარათონად გადაიქცა. რიკი ახალგაზრდებთან მუშაობს, ბუნების აქტიური დამცველია, უბარიერო სკოლაც კი გახსნა. ამჟამად კანადაში  სამი ამგვარი საშულო სკოლა მოქმედებს, რომელიც რიკ ჰანსენის სახელს ატარებს. 1985 წლის 21 მარტს რიკმა თავისი ლეგენდარული ტურნე დაიწყო… დედამიწის გარშემო, ბორბლებიან  ეტლში. მოგზურობა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო სპეციალური საჭიეროებების მქონე პირებისადმი [სსმპ] საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. მისი 40 000 კილომეტრიანი ოდისეა 2 წელს, 2 თვესა და 2 დღეს გაგრძელდა, 4 კონტინენტი და 33 ქვეყანა მოიცვა. ამ მოგზაურობაში რიკს მისი ფიზიოთერაპევტი, მომავალი მეუღლეც ახლდა. სწორედ ჰანსენის მიზანმიმართული ლობირებით ზურგის ტვინის დაავადების გამოკვლევები კანადის, როგორც სახელმწოფოს, სოციალურ პრიორიტეტთა ნუსხაში აღმოჩნდა. რიკი არა ერთი უნივერისტეტის საპატიო დოქტორია, მისი სახელი კანადაში ერთ  დასახლებასაც კი დაარქვეს, რომელსაც  ადრე რატომღაც ძალიან უცნაურად „სტალინი“ ეწოდებოდა. იგი ამჟამად  ვანკუვერში მეუღლესა და სამ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

 

აფრიკული კილიმანჯარო ზღვის დონიდან 5 895 მეტრზე მდებარეობს. ალპინისტებისთვის იგი არასოდეს ყოფილა დაუძლეველი. მაგრამ თუ ადამიანს ერთი ან ორი ფეხი არა აქვს? როგორ და რანაირად? ვიეტნამის ვეტერანმა, რომელმაც ამ ომში ფეხი დაკარგა, ამერიკელმა კირკ ბაუერმა „ომის ინვალიდთა ორგანიზაცია“ დაარსა, სადაც გააერთიანა ვიეტნამის, ერაყისა და ავღანეთის ომის  ექსკომბატანტები. ორგანიზაციის წევრებთან ერთად კირკ ბაუერმა არა ერთი სპორტული შეჯიბრება მოაწყო. მათ შორის თხილამურებით სრიალსა და უდაბნოში მსრბოლელთა ესთაფეტა. ერთ მშვენიერ დღეს კი სამი უფეხო მამაკაცი: კირკ ბაუერი, ერაყის ომის ვეტერანი დან ნევისი და ავღენეთის ომის ვეტერანი ნილ დანკენი (ორივემ ორივე ფეხი დაკარგეს) კილიმანჯაროს დასალაშქრად დაიძვრნენ. 6 დღეში დაიპყრეს კიდეც. უბრალოდ, მეხუთე დღეს დან ნევისი გაცივდა და გზის გაგრძელება ვერ შესძლო. კირკმა და ნილმა კი 45 წუთი დაჰყვეს მწვერვალზე და არა ნაკლებ სახიფათო და რთული დაშვებაც შესძლეს. რასაკვირველია, აფრიკის დალაშქვრას წინ დიდი და დამქანცველი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა. ვარჯიში და პროტეზების გამოცდა. სხვათა შორის, დანკინისთვის ეს კილიმანჯაროს დაპყრობის მეორე მცდელობა გახლდათ. პირველი უშედეგო აღმონდა. მაშინ ნებისყოფამ და ჯანმრთელობამ კი არა,  პროტეზმა უმტყუნა.

***

მიამიტებს ჰგონიათ, რომ სწორედ ღმერთი საზღვრავს დარჩეს თუ არა ადამიანი და მისი მტერ –  მოყვარე ცოცხალი. არადა, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია, მაგალითად, ომში მოსისხლე მტრები გამარჯვებას, ანუ მტრის მოსპობასა და უვნებლად გადარჩენას სწორედ მას, ერთადერთს, მოწყალეს, სამართლიანსა და ძლევამოსილს რომ ავედრებენ. ციური კანცელარია კი სამუდამოდ წასვლის ყველა და თითოეულ კანდიდატს თავისი ციური „ჩინოვნიკებისა თუ ბიუროკრატების“ ნებით საზღვრავს და მავანთ აქ და ამჟამად, ანუ სააქაოს ტოვებს, მავანთ კი  – არა ან ვერა. სინამდვილეში კი „წასვლა–დარჩენა“  ადამიანისა და სახელმწიფოს ჯანსაღი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. უფრო რეალურად კი ადამიანის სიცოცხლეს სახელმწიფოს სოციალური პროგრამები (მათ შორის ანტინიკოტინური, ანტიკანცერული, ანტიტუბერკულოზური, ღვედების შეკვრის, საავადმოყოფომდე გზების დაგებისა და ა.შ.), ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის, საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობის უნარი განსაზღვრას. პრინციპში, ღმერთი აქ არაფერ შუაშია, რადგან ეს პროგრამები, ფაქტობრივად, ძალიან პრაგმატულ, არააბსტრაქტულ ციფრებში აისახება და რაც არა უნდა მკრეხელურად ჟღერდეს ადამიანის სიცოცხლე ეროვნულ თუ არაეროვნულ ვალუტაშიც შეიძლება შეფასდეს. არც ისე დიდი ხნის წინათ საშუალო სტატისტიკური ქართული სიცოცხლე 14 ლარი ღირდა. ახლა კი 5–6 ჯერ გაზრდილა. შეიძლება ასევე ითქვას, რომ  ადამიანის სიცოცხლე მისი ხელფასის ოდენობის „ადეკვატურია“. და არა მხოლოდ ადამიანის პროფესიონალიზმი, ექსპერტობა, მის პროფესიაზე არსებული მოთხოვნილება თუ მისი პირადი მარიფათი ან იღბალი, მაგალითად, მოიგოს მეგამილიონის ჯეკპოტი.

 

1970 – იან წლებში ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის ოდენობა გამრავლებული ციფრ 6–ზე მიღებული თანხით აფასებენ. ანუ ადამიანის რეალურ–ამქვეყნიური „თვითშეფასება“ თანხაზეა მიბმული. ცხადია, მთელს მსოფლიოში, არა აქვს მნიშვნელობა ეს მდიდარი კაპიტალისტური, ღარიბი პოსტსოციალისტური თუ აფრიკის უკიდურესად ღარიბი სომალი იქნება, სოციალური პროგრამები ქვეყნის მოწყობის ტიპზე/სტილზე, საზოგადოების ვიტალობაზე, მოტივაციაზე და საშინაო/საგარეო საშიშროებების პრევენციის უნარზეა მიჯაჭვული. უნარზე, რომელიც არა მარტო ჰუმანისტურ იდეებში, არამედ ვალუტაში, ოქროსა და სარეზერვო ფონდებშია. როგორც ამერიკის ეკონომიკურმა კრიზისმა და დეფოლტის საშიშროებამ აჩვენა, ყველაზე მოწყვლადი სწორედ რომ სოციალური პროგრამები აღმოჩნდა და არა ის სფერო, რომელიც სხვა ქვეყანაში „რეჟიმ ჩეინჯზე“ შეიძლება დაიხარჯოს. ანუ ლიმიტირებული სწორედ „სოციალკაა“. ლიმიტირებული რესურსების გადანაწილების პროცესში სახელმწიფო თავისი არსებობაზე ზრუნავს, მაგრამ ამავე დროს ერთი კონკრეტული ადამიანის სასიცოცხლო საჭიროებებმა, რიმლისთვისაც, ფაქტობრივად, არსებობს კიდეც სახელმწიფო თავისი ზიარჭურჭელი ბიუჯეტით, „უკეთეს დროებამდე“ შეიძლება მოიცადოს. ჰოდა, სწორედ, აქ აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა  საზოგადოების მგრძნობელობას და არა სახელმწიფო ძროხის წველადობას, რომლის ჯიქნის ტევადობა, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე, მხოლოდ  ზედა ეშელონების ნებაზეა დამოკიდებული.

 

20 წლის წინათ ამერიკის მეცნიერებათა აკადემია სასკოლო ავტობუსებში ბავშვებისთვის უსაფრთხოების ღვედების დაყენების პროექტს განიხილავდა. იგი 40 მილიონ დოლარად  იყო შეფასებული. მაგრამ რახან გაირკვა, რომ  ასეთი პროგრამა წელიწადში მხოლოდ ერთ ბავშვს გადაარჩენს, მასზე უარი თქვეს. მოგვიანებით კი, 2006–2007 – ში სასკოლო ავტობუსებში ღვედები მაინც გაჩნდა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ამერიკული სასკოლო ავტობუსები განსაკუთრებული ფენომენია. ჩემი ბინის წინ სკოლაა და ყოველ სასწავლო დილას, როცა ყვითელ ავტობუსებს ბავშვები მოჰყავს და მათ სკოლის ეზოში „ჩამოტვირთავს“, ლამის ქუჩაში მოძრაობა გადაიკეტება;  ავტობუსში კი მექანიკურად ირთვება შემაწუხებელი, ყურის წამღები ხმოვანი სიგნალი, რომელიც იქვე მდგომი ავტომანქანების პატრონებს კი არა, მთელს უბანს აგებინებს, რომ ბავშვებს სწავლის დრო დაუდგათ. უფრო სწორედ კი მძღოლს ახსენებს, რომ ბავშვების ჩამოსხმის  დროს მძღოლმა კიდევ ერთხელ კარგად დაათავლიეროს სალონი, შემთხვევით პატარას ხომ არ მიეძინა. სიგნალი  მხოლოდ მაშინ გამოირთვება, როცა ცარიელი ავტობუსი დაიძვრება.  ყოველ დღე დილის 8 საათზე  ამის მოსმენა, დამერწმუნეთ, დიდი ვერაფერი სიამოვნებაა. მაგრამ არავინ აპროტესტებს. თუმცა პოლიცია აუცილებლად მოვარდება, თუ თქვენ 911 –ზე ზედა სართულზე ბავშვების შემაწუხებელი ხმაურის გამო დარეკავთ, ხოლო სამართალდამცველები სიმშვიდის დამრღვევებს, უფრო სწორედ, მათ მშობლებს თუ პასუხისმგებელ პირებს კორექტულად გააფრთხილებენ. ერთხელ ჩემმა ნაცნობმა, ცნობილმა ჟურნალისტმა თავის ოპერატორთან ერთად ამერიკული სკოლის ყვითელ ავტობუსებზე სიუჟეტის გაკეთება გადაწყვიტა და ამ სატრანსპორტო საშუალებაში პატარების გამოკითხვა სცადა. მაგრამ ლამის სასამართლოში ამოჰყო თავი, რადგან სკოლის გამგეობის ნებართვის გარეშე ამ ავტობუსებს ვერ მიუახლოვდები. მითუმეტეს სატელევიზიო მიზნით. აღარაფერს ვამბობ სკოლის შენობის შიგნითა და გარეთ დამონტაჟებულ სამეთვალყურეო კამერებზე.

 

ცნობილია, რომ იმ ქვეყანაში, რომლის საკანონმდებლო  ორგანო გენდერულად დაბალანსებულია, სოციალური პროგრამები უფრო მეტად „ხარობს“. თუმცა ქვეყნის ჰუმანურობის რეიტინგისთვის სულაც არაა აუცილებელი საკანონმდებლო ორგანოს ფემინიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაციები  და უბრალოდ ადამიანთა მხარდამჭერი ჯგუფები ან ერთი კონკრეტული ადამიანის კრეატიულობა და სურვილიც საკამარისია, რომ ქვეყანა სანგრებში ჩამხტომს, ომისთვის  ნონსტოპ გამზადებულ–მობილიზირებულს კი არ ჰგავდეს, არამედ სახელმწიფოს, რომელიც თავის არსებობას სრულად ამათლებს. აი, მაგალითად, ავიღოთ ბიბლიოთეკა, სადაც მე დავდივარ და რომელიც ტერიტორიულად ასევე ახლოსაა. კვირაში რამდენჯერმე უბნის თემის ინიციატივით ავტობუსებით მოჰყავთ დაუნის სინდრომით დაავადებული მოზრდილი ასაკის ქალები და მამაკაცები, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ამ დროს ერთმანეთთან ურთიერთობენ, თამაშობენ, ბიბლიოთეკა მათ  საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულებასაც სათავაზობს. თუნდაც სულ მცირედის, უმნიშვნელოს. ისინი ახალ წიგნებს, CD – ებს ათვალიერებენ და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს თაროების დალაგებაში ეხმარებიან, კატალოგირების პროცესს აკვირდებიან. ორი საათის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი მათ კრიბავს, ავტობუსში აჯენს და სახლებში არიგებს. დაუნის სინდრომიანი ბავშვებისთვის არსებობს ათასგვარი ინკლუზიური პროგრამები და მათ შორის, საზაფხულო ბანაკებიც. ბიბლიოთეკაში, ქუჩაში, ტრანსპორტში მათ მიერ უნებურად ატეხილ ხმაურს ან გადაძახილ–გადმოძახილს ყურადღებას არავინ აქცევს, უფრო სწორედ, თითით არავინ უთითებს. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენნი, რომ მათი არაადეკვატურობა ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, განსახვავებულები არიან. ზოგი ცოტათი და ზოგიც – მეტად. „არაგანსხვავებულებს“ კი მათი ატანა ევალებათ. არა, „ატანა“ და „ევალებათ“ , მგონი, არაადეკვატური სიტყვაა. მათი მიღება ისეთებად, როგორებიც არიან, მოთმენა, პატივის ცემა, სიყვარული, ზრუნვა, დასაქმება, დახმარება. თავად ტერმინის „ინვალიდი“ (ამერიკაში ძირითადად Handicap -ს ხმარობენ, რაც „ფიზიკურ და გონებრივ ნაკლს“ ნიშნავს ან Disability-ის, „უუნაროს“)   შეცვლის  არა ერთი კამპანიური მცდელობაც არსებობდა და არსებობს, თუმცა სიტყვა „ინვალიდი“ მისი გავრცელებულობისა და  სიმოკლის გამო  სამეტყველო რეპერტუარს მაინც შემორჩა.

 

ორი თვის წინათ ერთ–ერთ საავადმოყოფოში ფსიქოანალიზის ლექციას დავესწარი. ლექციაზე თავისი დიდი ავტოეტლით, ალბათ, 200 კილოგრამამდე წონის ქალბატონი მოვიდა, ცერებრალური დამბლით, ჟანგბადის დიდი ბალონით, ათასგვარ პლასტიკატის მილებში, მათ შორის სასუნთქში, გახვეული. დიდი ძაღლი – გამყოლით. ძაღლს არც ერთხელ არ დაუყეფია. არც ფიზიოლოგიური მოთხოვნილება გასჩენია. როგორც ჩანს, იგი  სპეციალურად იყო მომზადებულ– გაწვრთნილი. ლექციის შემდეგ კითხვების დასასმელად ინტერესთა მიხედვით სხვადასხვა სპეციალისტებთან დავჯგუფდით. ის ქალბატონიც ჩემს ჯგუფში აღმოჩნდა. როცა მისი რიგი მოვიდა, მან საუბარი დაიწყო, თუმცა იმას, რასაც იგი გამოსცემდა,  ჩვენი გაგებით, მეტყველება უფრო პირობითად შეიძლება წოდებოდა. საუბარი იყო ძალიან ნელი, ლამის ერთი – ორი სიტყვა ერთი წუთის განმავლობაში, საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა მას ფსიქოთერაპია (წარმოვიდგინე ფსიქოთერაპევტის მოთმინებაც), რომ თავადაც უნდა ისწავლოს, რომ ოპტიმიზმითაა სავსე. ლექტორიც არაფორმალური ყურადღებითა და მოთმინებით უსმენდა და რაც მთავარია ყველას, ვინც მასთან გასაუბრების რიგში ვიდექით, ერთი წამითაც არ გამოუმჟღავნებია უკმაყოფილება იმის გამო, რომ კვირა დღეა და ყველას უზომოდ  გვეჩქარება. საავადმოყოფოებში, მოხუცებულთა სახლებსა და ჰოსპისის სამსახურებში  მოხალისეები დადიან, რომლებიც შინაური ცხოველებით მოდიან და ავადმყოფებს, თუნდაც ოდნავ აღიმებენ. ამგვარი ვიზიტისთვის სულაც არაა აუცილებელი კონგრესნმა ქანცისგაწვეტამდე იდებატოს და  ბიუჯეტიდან ფული გამოჰყოს. საკმარისია  ერთი–ორი ადამიანის კეთილი ნება და სოლიდარობის განცდა. ანუ თანაგანცდის უნარი. გნებავთ, ნიჭი. თუმცა, რასაკვირევლია, სახაზიანო ფულია საჭირო იმისთვის, რომ ქუჩა, მუნიციპალური შენობა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტლისთვის იყოს ადაპტირებული. ამიტომ მხოლოდ სახელმწიფო არაა ჩაბმული სოციალურ პროგრამებში. არსებობს სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის (სსმპ)კერძო და სახელმწიფო სპეციალური ავტობუსებიც. სხვადასხვა ტიპის საშემკეთებლო დაწესებულებები კი, როცა ეტლის შეკეთების რეკლამას იძლევა, დაურთავს ხოლმე, რომ შეკეთების პერიოდში ისინი ეტლის პატრონს  დროებით გამართულ ეტლს მისცემენ, რათა ადამიანი ერთი წუთითაც კი გადაადგილების საშულების გარეშე არ დარჩეს. ანდა რად უნდა მდიდარი სახელმწიფოს გადაწყვეტილება იმას, რომ ყოფილ „უპატრონო ბავშვებს“ ცირკის აკრობატებმა აკრობატობა ასწავლონ? ამგვარი ინიციატივა თავის თავზე არც ისე მდიდარი ქვეყნის კოლუმბიის ცირკის მსახიობებმა ითავეს.

 

ერთხელ   საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, დრო დავინიშნე.ჩემი  სუბიექტური გათვლებით,  ავტობუსში ეტლიანი ადამიანის ამოსაყვანი მექანიზმის– სპეციალური „ესკალატორის“ ამოქმედებაზე და ზოგადად სსმპ–ის ამოყვანა – ჩაყვანაზე, მინიმუმ 15–18 წუთი მაინც იხარჯება. ამ ხნის განმავლობაში მგზავრთაგან არავინ გამოუხატავს უკმაყოფილება, არავინ იწყევლება – იგინება–იფურთხება. თუნდაც ამგვარი 15–17 წუთები ყოველ გაჩერებაზე ხდებოდეს. როგორც წესი, რესტორნებში, საპარიკმახეროებში, სუპერამრკეტებში, ტანსაცმლის მაღაზიებში თუ სადგურებში სსმპ–ს ტუალეტის კაბინებიც სპეციალურადაა მოწობლი, უფრო ფართეა, რათა იქ ადამიანი თავისი ეტლითა და ძაღლით დაეტიოს; მრავალსართულიანი მეტროს რიგ გაჩერებებზე კი ლიფტებიცაა დამონტაჟებული, ხოლო მეტროს რუქაზე, რომელიც უფასოდ რიგდება, სსმპ–ს ნიშნით აუცილებლადაა დატანილი რომელ გაჩერებაზეა ამგვარი ლიფტები. ბუნებრივია, მეტროში შესასვლელად, ეტლებისთვის, მათ შორის, საბავშვო, სპეციალურია კარებია. გარდა ტექნიკური ინფრასტრუქტურისა, სოცმუშაკების ქსელი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია სსმპ–ების  ადაპტირებისთვის. სოცმუშაკი ჰოსპისზე მყოფსაც ენიშნება. უფრო სწორედ მის ოჯახს, რათა ასე ვთქვათ, ახლობლები ოჯახის წევრის სიკვდილისთვის მოამზადონ.

 

ამერიკული  სამართლებრივი სისტემა ჩვენებური გაგებით კურიოზებსაც უტოვებს სასიცოცხლო სივრცეს. მაგრამ იმას, რასაც ჩვენ „კურიოზს“ ვუწოდებთ, ამერიკულ სასამართლოში სერიოზული განხილვის საგანი შეიძლება გახდეს. ნიუ–იორკში ერთი უცნაური  სსმპ ცხოვრობს, რომლიც თავისი სკალნდალური „ქეისებითაა“ ცნობილი. ყოველ დღე ქუჩაში, კერძოდ კი მდიდრულ მანჰეტენზე თავისი ეტლით დასეირნობს და აღრიცხავს იმ შენობებს, სადაც პანდუსები არაა, მერე კი თავის ადვოკატთან ერთად სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ეს სასამართლოები კი თვეობითა და წლობით მიმდინარეობს. შენობის პატრონები კი თავს ასევე ადვოკატებით იცავენ და იმ არგუმენტითაც, რომ ნიუ–იორკის ყველა შენობის, განსაკუთღებით კი ძველი შენობების შესასვლელი არაა ისე აგებული, რომ ის სსმპ–თა საჭიროებებს მოერგოს. რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანი ჯერ –ჯერობით მილიონერი ვერ გახდა. . . თუმცა, დამერწმუნეთ, როგორც ამბობენ, იგი თავის შანსს არ გამოტოვებს…

***

 

მახსოვს სკოლაში ვინც კარგად არ სწავლობდა მათ თანაკლასელები და  მასწავლებელიც დასცინოდნენ, „ოროსანას“ ვინღა ჩივის, ათასგვარ კნინობით ზედმეტსახელს უწოდებდნენ, პროფტექნიკუმით „ემუქრებოდნენ“. რატომღაც ოროსნობა ბიჭებსა („კაი ბიჭობაში“ ეთვებოდათ) და მშობლების სტატუსით პრივილიგირებულებს ეპატიებოდათ. თუმცა ისიც მახსოვს, თანაკლასელ ვაჟებს „ხუთოსანა“ ბიჭებიც არ უყვარდათ და ამიტომ ამ „დედიკოს ბიჭებს“ „მამიკოს ბიჭებისგან“ ცემა–ტყეპაც არ აკლდათ. აი, ოროსანი გოგონა თანაკლასელები კი ბიჭები პოპულარულობით არ სარგებლობდნენ. სამოსნებიც კი. გოგონები ხუთოსან გოგონებს არ სცემდნენ და „დედიკოს/მამიკოს გოგოს“ არ უწოდებდნენ. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ეს ოროსნები არავის შეუმოწმებია, იყვნენ თუ არა ისინი დისლექსიკები (წერა–კითხვის უნარის დაუფლების დარღვევა), ორდინალური თანმდევი სინდრომით –   ყურადღების დეფიციტით. ლეონარდო და ვინჩი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, აგატა კრისტი, თომას ედისონი, ტომ კრუზი, ჰარისონ ფორდი, ვუპი გოლდბერგი, სტივ მაკქუინი, ენტონი ჰოპკინსი, „ღამის შოუს“ წამყვანი ენაწყლიანი ჯეი ლენოც დისლექსიკები იყვნენ. თუმცა დისლექსია მათ ხელს სულაც არ უშლიდათ, რომ სრულფასოვანად ეცხოვრათ ანდა კარგი განათლება მიეღოთ. ნიუ–იორკის მთავარი ქირურგიც დისლექსიკია და მას ამ „თავისებურების“ დაძლევაში, ბუნებრივია, დაეხმარა არა მხოლოდ მზრუნველი ოჯახი ან თანამგრძნობი არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ის ხალხიც, რომლებმაც ამგავრი ბავშვების რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსერების გამოყოფისთვის იბრძოდნენ ანუ „ჩვენებურ“ დასავლურად რომ ვთქვათ,  ლობირებდნენ. ლობირების მექანიზმი კი პიკეტის მოწყობა არაა, არამედ ცხელი ხაზები, ბუკლეტები, სასწავლო პროგრამები, მედია, განსაკუთრებით  სატელევზიო გადაცემები,  ანუ გარემოს შექმნა. თუნდაც სრულიად პრაგმატურლი მიზეზ–მიზნით. პოლიტიკოსის არჩევნებზე გამარჯვების ანდა სასურველი კანდიდატის გაყვანის სურვილით. რადგან არაფერია იმაზე უფრო მეტად პოლიტიკური ვიდრე დისლექსია, იმაზე უფრო მეტად პოლიტიკური, ვიდრე უმცირესობა და იმაზე უფრო მეტად პოლიტიკური, ვიდრე მარგინალიზირებიდან, სოციალური მარტოობიდან გამოსვლის უფლება.

 

ჩემი დიდი ბაბუის ნათლია ნიკო ნიკოლაძე იყო. ჰოდა, სანამ ბოლშევიკები  საქართველოში შემოქანდებოდნენ, თავის ნათლულს თურმე მუდმივად ეჩიჩინებოდა: “წადი, ბესარიონ, ამერიკაში… კაცი გამოხვალო!“… რას იფიქრებდა ნიკოლაძე  ერთ არც ისე მშვენიერ დღეს მითოლოგიზირებული, „ყოვლის შემძლე“  ამერიკის სოციალურ პროგრამებს არც ისე სოციალური „დიზაინი“ რომ ექნებოდა. აშშ–ში საშუალო კლასის წარმომადგენლიდან უსახლ–კაროდ დარჩენილამდე ერთი თუ არა, ორი ნაბიჯი მაინცაა. დღეისათვის 10 ათასობით ამერიკელს თავის მანქანებში სძინავთ. აშშ–ში  სამსახურის დაკარგვა სახლის დაკარგვასაც ნიშნავს. თუ სახლის მაგივრობას საკუთარი ავტომანქანა გიწევთ და იქ ბავშვებთან ერთად გძინავთ, მაშინ სოციალურმა სამსახურმა არასრულწლოვანი შვილები შეიძლება  წაგართვათ, რადგან სახელმწოფოს ამისთვის ხაზინიდან ფული აქვს გამოყოფილი. ფული იმისთვის, რომ ბავშვმა „ცუდ მშობელთან“ არ იცხოვროს. რატომაა ცუდი მშობელი, ამის გარკვევა სხვა სოციალურ – კულტურულ – პოლიტიკური სფეროდანაა. პირველ ემიგრანტებს მარხილებზე ეძინათ, ახლა მათ შვილთაშვილიშვილებს – „ნისანებში“. ამერიკული სახელმწიფოს უამრავი სუსტი წერტილის მიუხედავად აქაური საზოგადოება სოცილურად საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია. ადამიანებს პრობლემის გარშემო გაერთიანების უნარი აქვთ. მიზანი – არა მხოლოდ ფიროსმანის სამოვარის გარშემო მუსაიფი, არამედ ამ „თავყრილობის“ შემდეგ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაც. აი, მაგალითად, ავიღოთ აქაური საზაფხულო ამინდი, როგორც ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით კი ასაკოვანთა, საფრთხე. საშინელი სიცხეებსა და ტენიანობის დროს სკოლებიდან სახლებში სატელეფონო ზარები გაისმის ხოლმე: „ თუ თქვენ არა გაქვთ კონდინციონერი, მობრძანდით სკოლის კონდინცირებულ შენობაში, აქ გასადილებთ, დაგასვენებთ“; ანდა სხვადასხვა კერძო კომპანიებისა,  თუ თუ ერთი ადამიანის მიერ  შესყიდული სასამელი წყალის ბოთლის ქუჩაში უფასოდ დარიგების აქცია; ანდა ერთი ქალბატონის ინიციატივა, რომელმაც სამეზობლო–სანაცნობოს, თემის მობილიზირებით ასკოვანი, მარტოხელა, მოსავლელი ადამიანის ბინაში და არა ინსტიტუციონიზირებულ მოხუცებულა სახლში მარტოხელა მოხუცების მოვლის ორგანიზება მოახერხა.  ადამიანები ერთიანდებიან, რათა მინიმალური (მათ შორის, საკუთარი) დანახარჯებით მაქსიმალურად ემპათური, კეთილი საქმე  გააკეთონ.  ეს ქალბატონი CNN – ის ტელეპროექტის „CNN-ის გმირები“ რჩეული  გახდა. აღარაფერს ვამბობ ბიზნესმენების თუ „სელებრითების“ საქველმოქმედო აქციებზე თუ ფონდებზე. სახელმწიფო არ ერევა ამგვარ აქციებში. უბრალოდ, წაახალისებს. თუნდაც საშემოსავლო გადასახადების შემცირებით.

***

 

ნებისმიერმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რაა მისთვის პრიორიტეტი. რა უღირს მას სხვისი სიცოცხლის გადარჩენა/ შენარჩნება. ანუ რა ღირს მისივე სიცოცხლე. თუმცა ამ შემთხვევაშიც სიტყვა „პრიორიტეტი“  ნიცშეანურად ჟღერს. ვინ და რამ უნდა გადაწვიტოს ხაზინიდან მეტი ფული საბავშვო პროგრამებზე დაიხარჯოს თუ, მაგალითად, დაავადება ალცჰეიმერის კვლევებზე, რომელიც, როგორც წესი, ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, ან იმ ავადმოყოფთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან?    აშშ–ში 1970 – იან წლებთან შედარებით სოცოცხლის ხანგრძლივობამ 10 წლით მოიმატა, რამაც უფრო გაზარდა სამედიცინო ხარჯები. რადგან ასაკთან ერთად დაავადებები იმატებს, მედიცინა მათი მკურნალობის საშუალებას მოიძიებს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ხდება. არამედ ნიშნავს იმას, რომ მას უფრო ძვირადღირებული, კომპლექსური სამედიცინო დახმარება სჭირდება. არსებობს კი სამართლიანი განაწილების შანსი? ვფქირობ, არა. ამიტომაც ამგვარი საკითხების მოგვარება მხოლოდ ციფრებსა და ხაზინაზე ვერ იქნება დამოკიდებული, არამედ ზოგადად და კონკრეტულად არსებულ თანაგრძნობის უნარზე, როგორც სასიცოცხლო პრინციპზე. თუმცა როგორ შეიძლევა თანაგრძნობის ინსტიტუციონირება, ესეც ძნელად კი არა, ვერაფრით წარმომიდგენია. აქ საუბარი არაა „დედობრივი“ ანუ უპირობო სიყვარულის საზოგადოების ან  „მამობრივი“ ანუ პირობიანი სიყვარულის საზოგადოების მშენებლობაზე. თვალნათელია, რომ ნებისმიერი საზოგადოება მამობრივი, ანუ პატრიარქალური სიყვარულის საზოგადოებაა, სადაც ტოპიერარქებს პრემიერ – მინისტრსა და პატრიარქს თავიანთი ფინანსური და კარიერული სტატუსის გამო  ჯანმრთელობის გამოკვლევა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში შეუძლიათ; მათი დაცემინება, თუ კბილის ტკივილი  კი იმთავითვე მედიათემაა. ჰოდა, ცხადია მათი ამქვეყნიური სიცოცხლის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე  საქართველოში ერთი ჩემი პატიოსნად მშრომელი მეზობლის დედისა, რომელსაც არასამედიცინო განათლების მქონე ვაჟმა თავად მოაჭრა განგრენოზული თითი. იგი ადრე საბჭოთა ჯარში სანნაწილში მსახურობდა და ნანახი ჰქონდა როგორ და რანაირად. სამედიცინო დაწესებუელებაში წაყვანის თანხა კი არ ჰქონდა. სხვათა შორის, ოპერაციამ წარმატებულად  ჩაიარა, რის შესახებაც მეზობლებმა პოსტფაქტუმ შევიტყვეთ.

 

საზოგადოებრივი, გნებავთ, სახელმწიფო ემპათა – მარტო ემოციური არა, არამედ პოლიტიკური მგრძნობელობაა, რომელსაც არა აქვს რასობრივი, რელიგიური, კლასობრივი, ასაკობრივი თუ სქესობრივი ბარიერები. მაგრამ როგორც ყველაფერს, „თანაგრძნობის ინსტიტუცირებასაც“ მედლის მეორე მხარე აღმოაჩნდა. ამერიკაში, ფაქტობივად, ოჯახის წევრები მოხუცზე ზრუნვის ინტიტუტიდან განიდევნენ. ანუ რასაც ადრე ოჯახი აკეთებდა, ახლა სახელმწიფომ, კერძო სააგენტომ იტვირთა, რამაც, ფაქტობრივად, ოჯახი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გააცივა. უფრო სწორედ მისი დანიშნულება – ოჯახის წევრების ერთმანეთზე ზრუნვის ფუნქცია შეცვალა.  პენსიაში გასულ შვილებს ურჩევნიათ ასაკოვანი მშობლების ცალკე ცხოვრებისა და მათი მომვლელის თანხა იხადონ, ვიდრე თავის ჭერქვეშ წამოიყვანონ და ერთად გაიზიარონ ლხინი და ჭირი.

 

სახელმწიფოს, რომელიც ადრე თუ გვიან სოციალური პროგრამებით დაინტერესდება, წინ ბეწვის ხიდი ელის. პრობლემა მხოლოდ იდეური დილემის გადაწყვეტაში არაა. ეს მორალური დილემა  აუცილებლად გაივლის  ხაზინის შესაძლებლობებზე.  როგორ შეიძლება ბავშვთა სასიცოცხლო უფლებების დაცვა ისე, რომ სახელმწიფო ეიჯიზმის მორევში არ გადავარდეს და მოხუცთა ასევე სასიცოცხლო უფლებებზე თვალი არ დახუჭოს, ან არ გაამეორეხარისხოვნოს? როგორ უნდა მოექცეს ამ ორი ასაკოვანი ჯგუფის საბაზისო, სასიცოცხლო უფლებები ლეგიტიმურ, საფინანსო  დისკურსში?  ადამიანის უფლებები ხომ მხოლოდ სამართლებრივ–პროგრესული მოცემულობა არაა. არამედ ჰუმანისტური, ღირებულოვანი კონცეპტია. არის თუ არა დემოკრატია, რომელიც, ფაქტობრივად, უმრავლესობის დიქტატს წარმოადგენს, კარგი გამოსავალი? „კარგში“ მე „სამართლიანს“ ვგულისხმობ. ფაქტია, რომ დემოკრატია ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება სულაც არ აღმოჩნდა. და თუ ადამიანები ქვეყნის მენეჯერებად ირჩევენ იმათ, ვისაც არა აქვთ სოციალური სამართლიანობის მწვავე განცდა,  ამომრჩევლების გარდა ვის უნდა დაბრალდეს საქმეთა ასეთი ვითარება?  ამ ელექტორატს, ანუ ხალხს, იგივე ადამიანებს ვინღა  ან რანაირად ავირჩევთ, ან გამოვცვლით? თუ სოციალური პროგრამები ლობისტების ქიცზე და ქიცმაურზე იქნება დამოკიდებული, დადგება თუ არა დრო, როცა მათი აქტიური ლობიზმი თავდაპირველ ჰუმანისტურ ჩანაფიქრს უცებ ან ნელ–ნელა გადაუხვევს  და ამ შემთხვევაში ვინ გააკონტროლობს მათ კეთილსინდისიერებას? სახელმწიფო, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ანტიკორუფციული კოალიცია, კერძო კორპორაცია, კერძო დეტექტივი, მედია თუ მოკონკურირე ლობისტი? ჩვენს საზოგადოებას „ჯერ“ ამ თემებზე სამსჯავროდ არ სცალია, ისევე როგორც სოლიდარობისთვისა და თანაგრძნობისთვის, რომელიც სოციო–კულტურულთან ერთად, უაღრესად და უპირველესად პოლიტიკური საკითხიცაა. ჩვენებურები ენრიკე იგლესიასის კოცნით არიან გახარებულ–დამწუხრებული, ჰედონისტურს აწვებიან და კიდევ დიდხანს მიაწვებიან. სხვათა შორის, ე. იგლესიასისი ქველმოქმედიც რომაა, ეს მისი დახასიათებისას არავის გახსენებია. და საერთოდ, ვის აინტერესებს „რა სთქვა  ზარატუსტრამ“?  მნიშვნელოვანია  „ვის  აკოცა ენრიკემ“, რადგანაც ლათინოამერიკულ და უკვე ლოკალურ ტელესერიალებთან ერთად,  სწორედ ეს ავსებს ჩვენს „დიდი ნარატივის ხვრელს“, რომელიც, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მარტო ქართული არაა.  „თანაგრძნობა, თანაგანცდა არის სუბიექტის ემოციური მდგომარეობის გაიგივება ვინმეს ემოციურ განცდებთან, კერძოდ, ტანჯვასთან. თანაგრძნობა დამრთგუნველად მოქმედებს. თანაგანცდით იკარგება ძალა, თანაგანცდით მრავლდება და რთულდება იმ ძალთა დანაკლისი, რომელიც თანაგრძნობამ შეამცირა. თავად ტანჯვა თანაგრძნობის საშუალებით გადამდები ხდება. ცნობილი პირობების დროს თანაგანცდით სიცოცხლესა და სასიცოცხლო ძალებს ისეთი ზიანი მიეყენება, რომ მისი მიმართება ტანჯვის მიზეზთან სულელურად გაზვიადებულია. თუ თანაგანცდას იმ რეაქციის ღირებულებით გავზომავთ, რომელსაც იგი ჩვეულებისამებრ იწვევს, მისი საშიშროება სიცოცხლისათვის უფრო ცხადი გახდება. თანაგრძნობა ზოგადად განვითარების კანონს ეწინააღმდეგება, რომელიც არის არჩევანის კანონი. იგი ინარჩუნებს იმას, რაც, წესით, უნდა დაიღუპოს. იგი დგება უპოვართა, ცხოვრებისგან განჩინებაგამოტანილთა დასაცავად და  ყველანაირ უიღბლოებს უჭერს მხარს. იგი ცხოვრებას პირქუშად და ეჭვების აღმძვრელად გადააქცევს“ – ფ. ნიცშე.

ავტორის შესახებ

ია მერკვილაძე სწავლობს  და მუშაობს  ნიუ იორკში. მანამდე მუშაობდა “კავკასიურ სახლში” უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, ასევე გენდერული მიმართულების კოორდინატორად. 2003 წელს კავკასიურ სახლში გამოსცა  ორენოვანი “გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი” და კვლევები ქალთა საკითხებზე .

არის ბავშვთა ფსიქიატრი. ფემინისტი.  მუშაობდა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია “სათნოების” ხელმძღვანელად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი