სამართალი

პრეზიდენტის შვილის გასამართლება

18 მაისი, 2011 • • 1154
პრეზიდენტის შვილის გასამართლება

საქმის დეტალები

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკუთარი საქმის განხილვას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2,5 საათის განმავლობაში ფეხზე დამდგარი ისმენდა. ხერხემლის პრობლემების გამო ის დაჯდომას ვერ ახერხებს. პროცესის ბოლოს ცუდად ყოფნის გამო  მან მოსამართლეს რეანიმობილის გამოძახება სთხოვა, თუმცა მას განუცხადეს, რომ მოსამართლეს ამის კომპეტენცია არ ჰქონდა.

ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველი ადვოკატების – ქეთი ბექაურისა და შალვა ხაჭაპურიძის– სააპელაციო სარჩელის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დაიწყო. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსგან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, გამსახურდია დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლსი კოდექსის 339–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს. ბრალდების მხარის ვერსიით და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ციხის საავდმყოფოში მყოფმა ცოტნე გამსახურდიამ საპყრობილის სოციალური სამსახურის თანამშრომელს ციხის გარეთ წერილის არალეგალურად გაგზავნის სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 ლარი შესთავაზა. ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე და ისინი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობენ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს და მას იარაღის უკანონოდ ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალი წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 9 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, მოგვიანებით, ციხის სავადმყოფოში ყოფნისას, მას ბრალად სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება წაუყენეს, რაშიც სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო და საერთო ჯამში მას 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი პრეტენზიები ცოტნე გამსახურდიას მიმართ ამით არ მთავრდება. მის წინააღმდეგ საქმე ორი – 314-315–ე მუხლოთ არის აღძრული, რაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალიწინებულ საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

რაც შეეხება ქრთამის შეთავაზების ბრალდებას, თბილისი საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორ შოთა რიჟამაძის საბრალდებო დასკვნის არგუმენტები და დაადგინა, რომ ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელ ხვიჩა ბასოშვილს  ციხის გარეთ წერილის არალეგალურად გატანის სანაცვლოდ 500 ლარი 2010 წლის 7 ივნისს შესთავაზა.  ამ დროისათვის გამსახურდიას უკვე მისჯილი ჰქონდა ცხრაწლიანი პატიმრობა, თუმცა, ადვოკატის თქმით, ეს საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი.

მოსამართლისა და პროკურორის აცილების მოთხოვნა

ცოტნე გამსახურდიას საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია მზია ლომთათიძის ხელმძღვანელობით. კოლეგიაში შედის მოსამართლე გიორგი ჩემიაც, რომლის აცილების საკითხიც სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ადვოკატმა ქეთი ბექაურმა დააყენა. მის მოთხოვნას შალვა ხაჭაპურიძე და ცოდნე გამსახურდიაც დაეთანხმნენ.

გიორგი ჩემიას აცილების საფუძვლად ქეთი ბექაურმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოიყვანა. გირგვლიანის მკვლელობის საქმეს სააპელაციო სასამართლოში სწორედ მოსამართლე ჩემია განიხილავდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლომ განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში დაირღვა სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება. ცოტნე გამსახურდიას ადვოკატების აზრით, მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ არსებობს ლეგიტიმური ეჭვი იმისა, რომ ეს მოსამართლე არ იქნება დაინტერესებული საქმეზე ობიექტური “ჭეშმარიტების დადგენით” და გირგვლიანის საქმის მსგავსად, ცოტნე გამსახურდიასაც დაერღვევა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება.

პროკურორმა შოთა რიჟამაძემ ადვოკატთა ამ მოთხოვნას “დაუსაბუთებელი და უადგილო” უწოდა. მოსამართლეებმა რამდენიმეწუთიანი მოთათბირების შემდეგ გამოაცხადეს, რომ ისინი გიორგი ჩემიას აცილების შესახებ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდნენ, რადგან: “სხვა საქმეზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც კავშირი არა აქვს აღნიშნულ საქმესთან, არ შეიძლება აცილების საფუძვლად იქნას გამოყენებული.”

მოსამართლე მზია თოთლაძემ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურორ შოთა რიჟამაძის აცილების მოთხოვნა, რადგან დაცვის მხარის ეს მოთხოვნა “კანონის შესაბამისად არ იყო დასაბუთებული.”

პროკურორის აცილების მიზეზად კი ცოტნე გამსახურდია და მისი ადვოკატები შოთა რიჟამაძის მიერ ჩადენილ  პროცედურულ დარღვევებს ასახელებდნენ. ცოტნე გამსახურდიასა და ქეთი ბექაურის მტკიცებით, გამსახურდიას ბრალი ადვოკატის გარეშე წაუყენეს და მას წინასწარი გამოძიებისას ჩვენების მიცემის უფლებაც არ მისცეს.

“პროკურორმა თქვა, თითქოს, ჩვენების მიცემასა და ადვოკატის თანდასწრებაზე უარი თავად განვაცხადე, რაც სიცრუეა. 66 დღის ნაშიმშილარი კაცი ამას არ ვიზამდი,”– თქვა ცოტნე გამსახურდიამ. ქეთი ბექაურმა კი განაცხადა, რომ პროკურორმა რიჟამაძემ ბექაურის დაცვის დამადასტურებელი ორდერის ასლი ისე გადაუგზავნა თბილისის საქალაქო მოსამართლეს, რომ მას ამის კანონიერი უფლება არ ჰქონდა, გარდა ამისა, ბექაურს აღნიშნული ორდერი ოფიციალურად არც ჰქონია წარმოდგენილი. გამსახურდიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურორმა “სამსახურებრივი სიყალბე” ჩაიდინა.

დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობები

სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ცოტნე გამსახურდიას ადვოკატებმა მოსამართლე მზია თოთლაძესთან ორი შუამდგომლობა დააყენეს. პირველი შუამდგომლობის მიხედვით, მათ მოითხოვეს, რომ სასამართლო პროცესის აუდიო–ვიდეო–ფოტო გადაღება პრესისთვის დაშვებული ყოფილიყო. ადვოკატმა ქეთი ბექაურმა ევროსასამართლოს პრეცენდენტული საქმე – “ორსენი თურქეთის წინააღმდეგ” გაიხსენა. მაშინ ევროსასამართლომ განაცხადა, რომ საკამრისი არ არის მართლმსაჯულების განხორციელება, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მართლმსაჯულება მართლა ხორციელედება. გარდა ამისა, მედიის მიერ სასამართლო პროცესების გაშუქება ხელს უწყობს ფარული მართლმსაჯულების აცილებასა და მეტი საჯაროობის უზრუნველყოფას.

“სასამართლო პროცესზე გამჭვირვალობა ისედაც არის, რადგან აქ დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფოტო–აუდიო–ვიდეო ჩაწერა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან საჯაროობა ისედაც უზრუნველყოფილია” – განაცხადა დაცვის მხარის საპასუხოდ პროკურომა შოთა რიჯამაძემ.

მოსამართლეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურორის ეს მოსაზრება და ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ: ”სასამართლო სხდომის საჯაროობა უზრუნველოფილია ნებისმიერი პირის სხდომაზე დასწრების უფლებით, სხდომის ოქმის შედგენითა და სხდომის უშუალობით.” მოსამართლე მზია თოთლაძემ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე აუდიო–ვიდეო–ფოტო ჩაწერის წესს საქართველოს ორგანული კანონის მე–13 მუხლი არეგულირებს და ეს არ არის “უპირობო უფლება.” მოსამართლეს ამ შემთხვევაში თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა დროს დაუშვას ეს წესი, და რა დროს – არა.

“აუდიო ჩაწერის სავალდებულოობას არ ადგენს არც საქართველოს კონსტიტუცია, არც ორგანული კანონი, არც საპროცესო კოდექსი და არც რომელიმე საერთაშორისო აქტი,”–განაცხადა მოსამართლე მზია თოთლაძემ.

დღეს სასამართლოში მისულ ჟურნალისტებს ხმის ჩამწერი აპარატურა და ფოტოაპარატი სააპელაციო სასამართლოს მანდატურებმა შენობის ფოიეში შემოწმების შემდეგ ადგილზე დაატოვებინეს.

დაცვის მხარის მორიგი შუამდგომლობა ეხებოდა საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანს ნათია ქარელიძეს. ცოტნე გამსახურდიას იურისტის, ქეთი ბექაურის მტკიცებით, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ესებუას მათ წარუდგინეს გამსახურდიას უდანაშაულობის დამადასტურებელი დოკუმენეტები, მათ შორის ადვოკატის მიმართვები სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისადმი. ბექაურის თქმით, საქმის დასრულების შემდეგ აღნიშნული მტკიცებულებები საქმეში არ აღმოჩნდა, ამასთან დაკავშირებით კი სხდომის მდივანმა, ბექაურის აზრით, “ბუნდოვანი ახსნა–განმარტება დაწერა.” დაცვის მახრე დარწმუნებულია, რომ საქალაქო სასამართლოში სხდომის ოქმი სპეციალურად გაყალბდა, რის გასარკვევადაც ნათია ქარელიძის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს.

პროკურორმა ეს მოთხოვნა ადვოკატთა მხრიდან “უსაფუძვლოდ” და “საქმის გაჭიანურების” მცდელობად შეაფასა.

მოსამართლეთა კოლეგიამ კი “უსაფუძვლობის გამო” არც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მხარეებს უთხრა, რომ ამის გასაჩივრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეუძლიათ.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას მეორე ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლე მზია თოთლაძის აცილების საკითხიც დააყენა. მისი თქმით, “რადგან მზია თოთლაძემ ყველა წაყენებულ შუამდგომლობას ზერელედ და უარყოფითად უპასუხა”, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ მას არ გააჩნია ამ საქმის ობიექტურად განხილვის სურვილი.  მოსამართლეთა კოლეგიამ არც ეს შუამდგომლობა დააკამყოფილა. მათი თქმით, მოსამართლის აცილება იმ შემთხვევაში ხდება, თუ მოსამართლის ქმედება  მიუღებელია დაცვის მხარისათვის.

“ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს პრეტენზია მზია თოთლაძის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აქვს, გადაწყვეტილებების გასაჩივრება კი შემაჯამებლ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება,” – განაცხადეს მოსამართლეებმა.

ცოტნე გამსახურდიას სიტყვა

ცოტენე გამსახურდია საკუთარ პროცესს ფეხზე მდგომი უსმენდა. მას ხერხემლის პრობლემები აქვს, რის გამოც დაჯდომას ვერ ახერხებს და ბოლო ოთხი თვეა, ციხის საავადმყოფოში იმყოფება. მან სხდომის დასრულებამდე თავისი 15–გვერდიანი სიტყვა წაიკითხა, სადაც ციხეებში პატიმართა წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და მის მიმართ განხორციელებულ პროვოკაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ციხეებში “ჯალათები აწამებენ და ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ პატიმრებს.” ცოტნე გამსახურდიამ თქვა, რომ მას ამ ფაქტების დადასტურება სამართლებრივად არ შეუძლია, რადგან ის “ჯალათების წინაშე უძლურია.”

“ამ გარეწრებს რომ შეეძლოთ, ჩემს არსებობასაც უარყოფდნენ, სამართლებრივად ვერაფერს ვერ ვამტკიცებ, ხელისუფლების შერჩევითი სამართალი  უკვე წესი გახდა” – თქვა ცოტნე გამსახურდიამ. მისივე თქმით: “ციხეებში ჯალათებად ისეთი ადამიანები იქცევიან, რომელბსაც ქუჩაში ყოველდღიურად ხვდებით, თუმცა, მათ შორისაც არის მცირე გამონაკლისი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ციხის ჯალათების კაბინეტები ხატებითა და ჯვრებით არის მოფენილი, ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუმცა მათ სარწმუნოებასთან საერთო არაფერი აქვთ.”

თავისი სიტყვის დასრულების შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ მოსამართლე მზია თოთლაძეს ციხის საავადმყოფოში გადასაყვანად რეანიმობილის გამოძახება სთხოვა, რადგან “თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.” ადვოკატმა ქეთი ბექაურმა თქვა, რომ “ფეხზე დგომა ცოტნესთვის წამებაა, მე შემიძლია თოდუას კლინიკის დასკვნა წარმოგიდგინოთ, რომ ის ნამდვილად ძალიან ავადაა.”

მოსამართლემ მათ განუცხადა, რომ რეანიმობილის გამოძახება კანონით მას არ შეეძლო და ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

“არ შემიძლია და როგორ დაგეხმაროთ?” – თქვა მზია თოთლაძემ. მან სხდომა დამთავრებულად გამოაცხადა, შემდეგი პროცესი კი 25 მაისს დანიშნა. სწორედ ამ დღეს დაიწყება სასამართლო გამოძიება ცოტნე გამსახურდიას საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი