თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს, დავით ალავიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

დღეს, 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების გაფლანგვის საქმეზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების, დავით ალავიძისა და ალექსი თაბუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს ცნობით, ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდათ შეფარდებული. მათივე ინფორმაციით, თაბუაშვილი და ალავიძე დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდნენ და აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდათ.

მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დავით ალავიძემაც. მისი განცხადებით, მათ ქვეყანის დატოვება არჩიეს, რადგან არ სურთ იმ დანაშაულისთვის დააპატიმრონ, რომელიც არ ჩაუდენიათ. ალავიძე ასევე აცხადებს, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სასამართლო და პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცა.

“ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ერთგულად ვემსახურეთ ჩვენს ქალაქს. ვხედავთ, რა ძნელია სიმართლის დადგენა სასამართლოში, ვხედავთ, რომ პროკურატურის მასალები ამ საქმეზე არის სრულიად უსუსური და მათი მთავარი ამოცანაა მოძებნონ ე.წ. მოწმეები ანუ ცრუმოწმეები, რომლებიც ხელს დაადებენ გიგი უგულავას. პროკურატურა დღიდან ჩვენი დაკავებისა ითხოვს არა სიმართლის დადგენას, არამედ გვაიძულებს ცრუ ჩვენების საფუძველზე ხელი დავადოთ და ცილი დავწამოთ უდანაშაულო ადამიანს.

სამწუხაროდ, ჩვენ დაგვრჩა ორი არჩევანი: ან ვუღალატოთ ჩვენს ადამიანობას, ღირსებას, სინდისს, ფასეულობებს და ვიცრუოთ ფიცის ქვეშ, ან დავტოვოთ ქვეყანა. სამწუხაროდ, მთავრობისა და პროკურატურის ზეწოლა ჩვენ სხვა არჩევანს არ გვიტოვებს. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა, რადგან არ გვსურს 11 წელი პოლიტპატიმრებად გავატაროთ გისოსებს მიღმა დანაშაულისთვის, რომელიც ცხადზე-ცხადია და თქვენთვისაც ცნობილია, რომ არ ჩაგვიდენია”– აღნიშნულია დავით ალავიძის განცხადებაში.

თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გაავრცელეს განაცხადება, სადაც ასევე საუბარია, რომ  დავით ალავიძე მუდმივად იმყოფება პროკურატურის მხრიდან იძულების ქვეშ, რომ მან მისცეს ცრუ მამხილებელი ჩვენება თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ.

მათივე განცხადებით, ეს ყოფილი ვიცე-მერის დაპატიმრების შესახებ მეოთხე გადაწყვეტილებაა.

 

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, თაბუაშვილისა და ალავიძის გარდა,  ბრალდებულები არიან გიგი უგულავა, დავით ავალიანი, დიმიტრი ჩხეიძე და დიმიტრი საბანაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი