სამართალი

სტრასბურგიდან იძულებით გამოთხოვილი საჩივრები

17 თებერვალი, 2012 • • 1191
სტრასბურგიდან იძულებით გამოთხოვილი საჩივრები

ბოლო ერთი წლის მანძილზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკან გამოითხოვა. მათ შორის არის ერთი ქართველი პატიმარი, რომელმაც ადვოკატების შეუტყობინებლად ევროსასამართლოს სთხოვა, მისი საქმე არ განეხილათ. ადვოკატს მიაჩნია, რომ მას განცხადების გამოტანა ციხეში აიძულეს.

ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესებს, რომელიც ქართულ ციხეში ექვსწლიან სასჯელს იხდიდა, არასამთავრობო ორგანიზცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” წლების მანძილზე იცავდა. მისი ვინაობისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის დასახელებისგან ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, თავს იკავებს, თუმცა ”ნეტგაზეთს” საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე ესაუბრება.

თამარ გაბისონიას თქმით, რამდენიმე წლის წინ ზემოაღნიშნული მსჯავრდებული -პირობითად დათო – ციხეში ცემეს, რის გამოც მან კონსტიტუციის 42-ე მხულის დახმარებით ევროსასამართლოს 2010 წელს მიმართა. ამის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაწყო საჩივრის განხილვა. მალევე სასამართლომ დროებითი  მექანიზმი გამოიყენა და საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, მსჯავრდებულისთვის ემკურნალათ. მსჯავრდებულ დათოს სასამართლოს დავალების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე დაავადებაზე უმკურნალეს, გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია. 2012 წლის გაზახულზე დათო სასჯელის მოხდას ასრულებდა. სასჯელის მოხდის დასრულებადმე ორი თვით ადრე, იანვარში, ”კონსტიტუციის 42-ე” მუხლს მიუვიდა შეტყობინება, რომ მსჯავრდბულმა დათომ არასათანადო მოპყრობის გამო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უკან გაითხოვა. ორგანიზაციის ადვოკატებმა ასევე გაიგეს, რომ დათომ უარი განაცხადა მათ იურიდიულ მომსახურებაზე და პატიმრობის ვადის მოხდამდე ორი თვით ადრე ციხიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნული ფაქტი ”კონსტიტუციის 42-ე მუხლში” საეჭვოდ მიაჩნიათ, რადგან ევროსასამართლო დათოს საჩივარს დაჩქარებული რეჟიმით განიხილავდა, საქმეზე კომუნიკაციის ეტაპიც დასრულებული იყო და მალე გადაწყვეტილებაც უნდა გამოცხადებულიყო. თამარ გაბისონიას თქმით, დათომ ადვოკატებისგან იცოდა, რომ ევროსასამართლოში საქმის მოგებისა და კომპენსაციის მიღების მაღალი შანსი არსებობდა.

”როგორ მოხდა გარიგება, იყო ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამაზე საუბარი ცოტა ძნელია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ”- განუცხადა ”ნეტგაზეთს” თამარ გაბისონიამ. მისივე თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს შეეძლო ადვოკატისთვის ეთხოვა სტრასბურგიდან საქმის გამოტანა და ადვოკატი ამას აუცილებლად იზამდა, რადგან მას არა აქვს უფლება, კლიენტის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.

თამარ გაბისონიას თქმით, ადვოკატებს არ გაურკვევიათ, რატომ გამოიტანა დათომ ევროსასაამრთლოდან საჩივარი, რადგან ამის გაკეთების კანონიერი უფლება მათ არ ჰქონდათ, ვინაიდან მსჯავრდებულმა თავად განაცხადა უარი  და თავადვე მიიღო გადაწყვეტილება.

”ჩვენი ჩარევა ამ შემთხვევაში ზედმეტია, რომ თავად იმას არ შეექმნას დაბრკოლება, თუნდაც შემდგომში. არ ვიცი, რა ზეწოლას ჰქონდა ადგილი. შეიძლება მან ჩათვალა, რომ დარჩენილი ორთვიანი პატიმრობა ორწლიანად, ან უფრო მეტად გადაქცეულიყო. ამის საფრთხის წინაშე ის ნამდვილად იდგა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” თამარ გაბისონიამ. მისივე თქმით, ეს არის სისტემური პრობლემა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება. ბოლო ერთი წლის მანძილზე, იმ ადამინთაგან, ვის უფლებებსაც ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იცავს, სტრასბურგიდან საჩივარი  ოთხმა გამოიტანა. ერთ-ერთი მსჯავრდებული კი საჩივრის გამოტანის შემდეგ შეიწყალეს, მიუხედავად იმისა, რომ მას პატიმრობის ხუთწლიანი ვადა ჰქონდა დარჩენილი.

თამარ გაბისონიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ურიგდებიან მსჯავრდებულებს და მათ ევროსასამართლოდან საჩივრის გამოტანას სთხოვენ, სანაცვლოდ კი სხვადასხვა სახის შეღავათს ჰპირდებიან, მათ შორის, სასჯელის გადავადებას, შეწყალებას და ა.შ. თუმცა არის შემთხვევები, როცა საჩივრის  გამოტანის შემდგომ მსჯავრდებული ადვოკატს ხელახლა სთხოვს სტრასბურგში საქმის გაგრძელებას. თამარ გაბისონიას ინფორმაციით, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტები ამჟამად სწორედ მსგავს საქმეზე მუშაობენ. ადვოკატის თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არსებობს მსგავსი პრეცენდენტი. იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს საქმის განახლების გადაწყვეტილება, მომჩივანმა უნდა დაარწმუნოს სასამართლო, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა და სწორედ ეს გახდა საჩივრის  გამოთხოვის მიზეზი.
თამარ გაბისონიას მოსაზრებით, ევროსასამართლოში საჩივრის  გაგზავნა ხშირად პატიმრების არასათანადო მოპყრობის საფუძველი ხდება.

მსგავსი მოსაზრება აქვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, გაგი მოსიაშვილს. გაგი მოსიაშვილის თქმით, გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ზაზა მამულაშვილმა, ადმინისტრაციისგან შხაპის მიღების უფლება ითხოვა, საიდანაც მას უპასუხეს, ”სტრასბურგმა დაგბანოს”. ადვოკატის ინფორმაციით, ზაზა მამულაშვილს საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აქვს გაგზავნილი და სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა მის გამოტანას აიძულებს.

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ მსჯავრდებულებსა და ციხის ადმინსტრაციას შორის მართლაც არსებობს გარიგებები რაღაცის სანაცვლოდ. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა მსჯავრდებულებისთვის, ომბუდსმენთან საჩივრის არგაგზავნის სანაცვლოდ, გარკვეული შეღავათები და უკეთესი პირობები შეუთავაზებიათ. გიორგი ტუღუშის თქმით, ”მსგავს შემთხვევებში შეგიძლია ივარაუდო, რომ მსჯავრდებულზე ზეწოლა განხორციელდა, ან სულაც რაღაცას დაპირდნენ.” ომბუდსმენის თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სისტემური პრობლემა არსებობს და დატოვებულია პრობლემების მოგვარების ალტერნატიული გზები.

”ჩვენ კანონი გვავალდებულებს, თუ ადამიანი ითხოვს, არ გავახმაუროთ მისი ამბავი,” – აცხადებს გიორგი ტუღუში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2011 წელს შესული 3045 საქმიდან 160 საქმეზე სასამართლომ დასაშვებად არ სცნო, ან თავად მომჩივანებმა გამოითხოვეს თავიანთი საჩივარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი