სამართალი

ტურავა: რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ დავასწრებდით

17 ივნისი, 2016 • 1789
ტურავა: რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ დავასწრებდით

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელზე (679-ე სარჩელი), სადაც საუბარია სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, რომელიც ამორალურ გარიგებას განსაზღვრავს და მის ბათილად ცნობას ითვალისწინებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება ჯერ არ იგეგმებოდა.

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 54-ე მუხლი (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი) და 55-ე მუხლი (გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო)  სწორედ ის ნორმებია, რომლითაც ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავობს.

სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე 10 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და რუსთავი 2-ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 17 ივნისს, რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანია საქართველოს გაერთიანებულ სარჩელებს (720/721 სარჩელები) განიხილავს, გუშინ კი პლენუმმა რუსთავი 2-ის  სარჩელი (679-ე საკონსტიტუციო სარჩელი ამორალური გარიგების ბათილად ცნობის შესახებ) განიხილა.

აღნიშნული სარჩელების კოლეგიის ნაცვლად პლენუმის მიერ განხილვის მოთხოვნა მერაბ ტურავამ დააყენა.

გუშინ, 16 ივნისს, რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ პლენუმისთვის ამ საქმის გადაცემა გადაწყვეტილების გამოტანას გააჭიანურებს.

მერაბ ტურავამ კი დღევანდელ პროცესზე მას უპასუხა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყეტილებამდე ამ საქმეზე საკონსტიუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანა დაგეგმილი არ ჰქონდა.

“არც ერთ შემთხვევაში არ იგეგმებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 679-ე სარჩელზე გამოცხადება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ალბათ არ გქონდათ სათანადო ინფორმაცია, ან გქონდათ და შეგნებულად ამახინჯებთ მას. ჩვენი კოლეგია 4 კაცის შემადგენლობით, მაშინ, როდესაც მე შუამდგომლობა დავაყენე პლენუმისათვის გადმოცემის შესახებ ამ სარჩელის, თავდაპირველი ვერსიაც არ იყო შემუშავებული და მოსამართლეთა პოზიციაც კი არ ვიცოდი შუამდგომლობის დაყენების დღეს, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებდით. შესაბამისად, ვერაფრით და ვერანაირად ვერ დავასწრებდით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი არ იყო გამოცხადებული. შესაბამისად, მე მინდა გთხოვოთ, რომ ეს მომენტი გაითვალისწინოთ და არ ჩათავლოთ, რომ ჩემ მიერ შუამდგომლობის დაყენება სარჩელის განხილვის გაჭიანურებას და არ ჩათვალოთ, რომ ეს ისახავდა მიზნად, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საკონსტიტუციო სასამარლოს გადაწყვეტილება არ გამოცხადებულიყო.

ტურავას ამ განცხადებას პლანუმის თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის კრიტიკა მოჰყვა. პაპუაშვილის განცხადებით, ტურავას კონფიდენციალური ინფორმაცია არ უნდა გაესაჯაროებინა:

“კოლეგებს მივმართავ, რომ ინდივიდუალური ასეთი ჩართვებისგან თავი შევიკავოთ. თუ სასამართლო საჭიროდ ჩათვლის, თვითონ გააკეთებს განცხადებას.  ეგ ერთი. ინდივიდუალურად შეგიძლიათ ჟურნალისტებთან კონტაქტი, არ გიჭირთ თქვენ. მეორე კიდევ, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია, როდის რა გამოცხადდება, კოლეგებს ვთხოვ, რომ მეორედ არ ახსენონ, როდის რას ვაპირებთ გამოცხადებას,”- განაცხადა მან.

ამას მოჰყვა ტურავას რეპლიკა, რომ მას თარიღზე არ უსაუბრია.

“თარიღი არა, მაგრამ მითითება, რომ იმის წინ და იმის შემდეგ, არ გვინდა დეტალური ინფორმაცია. კოლეგებს ვთხოვ, აღარ გვინდა ამ თემაზე კომენტარი,”- თქვა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი