სამართალი

სასამართლომ დაცვის მხარეს “კაბელების საქმის” განაჩენი ჩააბარა

30 მაისი, 2016 • 1569
სასამართლომ დაცვის მხარეს “კაბელების საქმის” განაჩენი ჩააბარა

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე (“კაბელების საქმე”) დაცვის მხარეს საქალაქო სასამართლომ განაჩენი ჩააბარა. ამის შესახებ ნეტგაზეთს მსჯავრდებულთა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განუცხადა.

ამ განაჩენს დიდი ინტერესით ელოდნენ როგორც ადვოკატები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი “კაბელების საქმის” დეტალურ შეფასებებს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ გააკეთებდნენ. ადვოკატები კი უახლოეს მომავალში განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

როგორც იოსებ ბარათაშვილმა აღნიშნა, მოსამართლის გადაწყეტილება 100 გვერდზე მეტს მოიცავს და ადვოკატებს დღის მეორე ნახევარში ჩააბარეს.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მოსამართლემ მაქსიმალური ვადა, 10 დღე სრულად გამოიყენა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი