სამართალი

პრეზიდენტმა ფუქსი და ფრენკელი შეიწყალა

2 დეკემბერი, 2011 • • 2189
პრეზიდენტმა ფუქსი და ფრენკელი შეიწყალა

რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com
რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com

საქართველოს პრეზიდენტმა ქრთამის მიცემის ბრალდებით გასამართლებული ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები – რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

„2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე – ჰუმანური მოსაზრებების, ასევე ფუქსისა და ფრენკელის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ისრაელის ორი მოქალაქე – რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2011 წლის 1 აპრილს ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მიცემისთვის დამნაშავედ სცნო.

სასამართლომ რონი ფუქსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 500 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ზეევ ფრენკელს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა 100 ათასი ლარის ოდენობით.

2011 წლის ზაფხულში სასამართლოს გადაწყვეტილება ბიზნესმენთა ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, მაგრამ უშედეგოდ. გასაჩივრების პარალელურად, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის შვილებმა ბიზნესმენების შეწყალება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშილს თხოვეს. მიზეზი კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასაკი გახდა, თუმცა ბიზნესმენების შვილებს პრეზიდენტისგან პასუხი დღემდე არ ჰქონდათ მიღებული.

ქართულ ციხეში ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გაავრცელეს როგორც მათმა ადვოკატმა, ისე ისრაელის საელჩომ საქართველოში და საქართველოს სახალხო დამცველმა.

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს ზეევ ფრენკელი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გეგუთის ციხიდან გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც ჩაუტარდა კორონარული შუნტირება. ამის შესახებ კი მისმა ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო. კბილაშვილი იმ დროს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობას კანონდარღვევაში ადანაშაულებდა, რადგან მას არ ეძლეოდა სააავდმყოფოში საკუთარი კლიენტის მონახულების შესაძლებლობა.

სექტემებრიშივე სახალხო დამცველის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც დაპატიმრებულმა ბიზნესმენმა რონი ფუქსმა ომბუდმენის წარმოადგენლებს გააცნო. ამ ინფორმაციის მიხედვით, რონი ფუქსს აიძულებდნენ ციხეში ყოველი გადაადგილებისას ხელების ზურგზე დაწყობას, რაც მანამდე არ მოუთხოვიათ. მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ზედიზედ სამი დღის განმავლობაში, ღამის საათებში, ხდებოდა მისი საკნის შემოწმება, რა დროსაც მას აღვიძებდნენ და აიძულებდნენ სახით კედლისკენ დადგომას, რაც დაახლოებით 40–45 წუთი გრძელდებოდა. მან, ასევე, განაცხადა, რომ ერთ–ერთი შემოწმებისას ნიღბიანმა პირმა ფანტა დაასხა მის ლოგინზე და დაემუქრა ნარკოტიკის ჩადებით, რისთვისაც მისთვის შეეძლოთ, 20 წელი დაემატებინათ.

ამბის გახმაურების შემდეგ, 25 სექტემბრიდან, რონი ფუქსი აცხადებდა, რომ ციხის თანამშრომლებმა მის მიმართ მოპყრობის ფორმები გამოასწორეს და პრობლემებს არ უქმნიდნენ.

ისრაელელი ბიზნესმენები ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. გამოძიების მასალებით, ბიზნესმენებმა მინისტრის მოადგილეს 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს ქრთამის სახით, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამართლოს – საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა. 1996 წელს მათ ეს უფლება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.

ბიზნესმენები თავს თავიდანვე უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. შესაბამის ქართულ სასამართლო ინსტანციებში პროცედურების გავლის შემდეგ ფუქსი და ფრენკელი თავიანთი საქმის გასაჩივრებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გეგმავენ.

ამავე თემაზე:

ფრენკელის ადვოკატი ქუთაისის კლინიკის უკანონო ქმედებაზე საუბრობს

რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის პრობლემები ქართულ ციხეში

მთავრობის “განაჩენი” ებრაელ ბიზნესმენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი